წავკისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

წავკისში ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სრულად დააკმაყოფილა, რადგან „მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა ფალსიფიცირების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკოლოზ აბულაძეს 13-დან 17 წლამდე, გიორგი აბულაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, ანრი ყურაშვილს კი, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, დაკავებული მამა-შვილიდან მამა, ნიკოლოზ აბულაძე წარსულში ნასამართლევია, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, ის მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებული მამა-შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ანრი ყურაშვილს, მისმა უფლებადამცველმა ირაკლი ჩომახაშვილმა 500 000 ლარიანი გირაოს სახით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩაიდინეს 1990 წელს დაბადებული დ.ფ.-სა და 1993 წელს დაბადებული ლ.ფ.-ს მკვლელობა. ამავე კონფლიქტის დროს, დაიჭრა კიდევ ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ს.დ. და 1991 წელს დაბადებული რ.ზ., რომელთაც ამ დრომდე უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს, წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს.

გამოძიების ინფორმაციით, შეხვედრა საღამოს, დაახლოებით, 20:00 სთ-ზე შედგა. მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გარდა ამისა, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი - 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა.-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. ა.ყ.-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.