"გიორგიმ მომარჯვებული დანა დაარტყა ჯერ დავითს, შემდეგ რუსლანს და..." - რა განაცხადეს ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებულებმა პროცესზე? - კვირის პალიტრა

"გიორგიმ მომარჯვებული დანა დაარტყა ჯერ დავითს, შემდეგ რუსლანს და..." - რა განაცხადეს ფეიქრიშვილების მკვლელობაში ბრალდებულებმა პროცესზე?

წავკისში, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა, მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებულ სამივე პირს, გიორგი აბულაძეს, ნიკოლოზ აბულაძეს და ანრი ყურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სრულად დააკმაყოფილა, რადგან "მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა ფალსიფიცირების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა".

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკოლოზ აბულაძეს 13-დან 17 წლამდე, გიორგი აბულაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, ანრი ყურაშვილს კი, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა განმარტა, დაკავებული მამა-შვილიდან მამა, ნიკოლოზ აბულაძე წარსულში ნასამართლევია, მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული, ის მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გათავისუფლდა.

"22 დეკემბერს დაბა წავკისში ნიკოლოზ აბულაძე "მერსედესის" ტიპის ავტომობილით მოძრაობდა, მას ახლდა მისი შვილი ალექსანდრე, ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ის შეეჯახა "ტოიოტას" ტიპის მანქანას, რომელშიც ისხდნენ ლექსო ფეიქრიშვილი, მისი ცოლ-შვილი, ხოლო ავტომანქანას მართავდა ლექსო ფეიქრიშვილის ნათესავი, გიორგი სუბელიანი. შეჯახების შედეგად, "ტოიტას" უკანა ხედვის სარკე დაზიანდა, აღნიშნულის გამო მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს შეხვდებოდნენ და აუნაზღაურებდნენ მიყენებულ ზარალს. ამის გასარკვევად, 23 დეკემბერს, დაახლოებით 19:50 წუთზე, ნიკოლოზ აბულაძე მის ორ შვილთან, გიორგი და ალექსანდრე აბულაძეებთან ერთად "ტოტიოტას" ავტომანქანით, რომელიც ეკუთვნოდა ანრი ყურაშვილს, წავიდნენ წავკისში და სოსო დორეულის სახლთან შეხვდნენ ბიჭებს. ფეიქრიშვილს ახლდა მისი ბიძაშვილი, ასევე სოსო დორეული და რუსლან ზანთარაია. ამ დროს ლექსო ფეიქრიშვილთან მივიდა ნიკოლოზ აბულაძე, ამ ორს შორის მოხდა შელაპარაკება, ამ დროს ნიკოლოზ აბულაძემ ლექსოს ძლიერად დაარტყა. ამის შემდეგ, აბულაძემ შებოჭა ლექსო ფეიქრიშვილი, ხოლო მისმა შვილმა გიორგიმ დაჭრა ლექსო ფეიქრიშვილი, შემდეგ, მომხდარში ჩაერთვნენ სხვა მამაკაცებიც, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას, გიორგიმ მომარჯვებული დანა დაარტყა ჯერ დავითს, შემდეგ რუსლანს და სოსო დორეულს. დავითი და ლექსო ადგილზე დაიღუპნენ, რუსლანი და სოსო გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში. ამ დროის მონაცემებით, სოსო დორეულის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას ორივე ფილტვი აქვს დაზიანებული. მომხდარის შემდეგ ყველანი მიიმალნენ. გიორგი აბულაძემ და ანრი ყურაშვილმა იმავე დღეს დატოვეს თბილისი და შეეცადნენ სარფის გავლით ქვეყნიდან გაქცევას.

ლექსოს ძმის, ლევან ფეიქრიშვილის ჩვენებით ამოცნობილია გიორგი აბულაძე. ის პირდაპირ ამხელს მას და ამბობს, რომ მის ძმას სწორედ გიორგი აბულაძემ დაარტყა და ამბობს, რომ ნიკოლოზს ამ დროს შებოჭილი ჰყავდა ლექსო ფეიქრიშვილი. ნიკოლოზ აბულაძე უკიდურესად აგრესიული ხასიათის მქონეა, ანალოგიური დანაშაულისთვის არის ნასამართლევი და საზოგადოებისთვის საშიშია", - განაცხადა პროცესზე გრიგოლ ბიბილაშვილმა.

დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და ბრალდებული მამა-შვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

"წავკისში დამხვდური ბიჭები გამოირჩეოდნენ აგრესიით, როგორ გგონიათ, ესენი მივიდნენ ფულის მისატანად და იმათ უბანში ჩხუბს როგორ ატეხდნენ, შეხედეთ რა დღეში აქვს სახე ნიკოლოზს, ამაზე პროკურორს ყურადღება არ გაუმახვილებია... ", - განაცხადა პროცესზე აბულაძეების ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს - ანრი ყურაშვილს, მისმა უფლებადამცველმა ირაკლი ჩომახაშვილმა 500 000 ლარიანი გირაოს სახით აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი პროცესს ესწრებოდნენ, თუმცა სიტყვა მხოლოდ ანრი ყურაშვილმა წარმოთქვა.

"საზრღვარგარეთ არ მივდიოდი, არც ჩანთა მქონდა არც არაფერი და როგორ უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან?", - განაცხადა ყურაშვილმა. მოსამართლე მისგან დაინტერესდა, იცოდა თუ არა მან მომხდარის შესახებ, ყურაშვილმა უპასუხა, რომ არაფერი იცოდა. მოსამართლის კითხვაზე, როცა მის მანქანაში სისხლიანი ადამიანები ჩასხდნენ, რატომ არ კითხა მათ რა მოხდა, ყურაშვილმა უპასუხა: "მე ვკითხე გიორგის რატომ ჰქონდა ტანსაცმელი სისხლიანი, მაგრამ ამაზე პასუხი არ გაუცია".

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ აბულაძის მეორე ვაჟი, ალექსანდრე აბულაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემთხვევვის ადგილას და ბრალი წარდგენილი არ აქვს, მიმალვაშია.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, შემდეგი სასამართლო სხდომა 14 იანვარს არის ჩანიშნული.

(სპეციალურად საიტისთვის)