"ვერ ვიჯერებ ამ საშინელ ამბავს" - ვინ არის ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი, ვინც აეროპორტის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ვერ ვიჯერებ ამ საშინელ ამბავს" - ვინ არის ახალდაქორწინებული ცოლ-ქმარი, ვინც აეროპორტის დასახლებაში გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილი ცოლ-ქმრის ცხედრები დღეს დილით იპოვეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან ბესო ბარათელი და ია გვიშიანი, რომლებიც ერთი თვის წინ დაქორწინდნენ.

მათი ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში წერს:

"არ მჯერა და ალბათ ვერ დავიჯერებ ამ საშინელ ამბავს, ღმერთო, რა დიდი ტრაგედია და ტკივილია თქვენი დაკარგვა, იაკო ჩემო საყვარელო გოგოვ, ტკბილი სტუდენტობა შენთან ერთად გავატარე და შემდეგ გავაგრძელეთ უსასრულოდ ეს მეგობრობა... გული მტკივა, როგორ მენანებით. უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი. ჩემს გულში იქნები სამუდამოდ, მოუშუშებელ ტკივილად".