"დაკავებულმა 74 წლის ქალს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა" - რა გახდა გორში მომხდარი მკვლელობის მიზეზი? - კვირის პალიტრა

"დაკავებულმა 74 წლის ქალს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა" - რა გახდა გორში მომხდარი მკვლელობის მიზეზი?

გორში 74 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი ოქროს ნივთის მოპარვა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გორის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული თ.კ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში დააკავეს.

უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1944 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს კუთვნილ ბინას ქირაობდა. მასთან მორიგი სტუმრობის დროს, ოქროს ნივთის მოპარვა დააპირა, რაც ლ.დ.-მ შენიშნა. ფაქტს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც თ.კ.-მ ლ.დ.-ს ბოთლი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, 74 წლის ქალი ადგილზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილის დატოვებამდე ლ.დ.-ს კუთვნილი ოქროს საყურე მოიპარა, რომელიც მოგვიანებით, რუსთავში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარა.

პოლიციამ ლომბარდში ჩაბარებული ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ქალი ჩადენილ დანაშაულს აღაიარებს. გამოძიება განხრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.