რუსთავის საავადმყოფოში წუხელ მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მიიყვანეს - რა მოხდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში? - კვირის პალიტრა

რუსთავის საავადმყოფოში წუხელ მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მიიყვანეს - რა მოხდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში?

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ, ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი მიიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა წვევამდელია და სამხედრო სავალდებულო სამსახურს #17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა.

როგორც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მუცლისა და გვერდის არეშია დაჭრილი, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წვევამდელმა სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

„მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 18:03 საათზე ხაჩატურმანკასარიანმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, კერძოდ, მე-17 პენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა.

1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი, მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მანკასარიანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს“, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.