"წერაქვი მოხვდა პატარა ქოთანს და გასკდა, იქიდან გადმოცვივდა ეს მონეტები" - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც მარტვილში განძი იპოვეს და... - კვირის პალიტრა

"წერაქვი მოხვდა პატარა ქოთანს და გასკდა, იქიდან გადმოცვივდა ეს მონეტები" - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებმაც მარტვილში განძი იპოვეს და...

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში, მესაფლავეებმა საფლავის გათხრის დროს ქოთნით სავსე ოქრო-ვერცხლი იპოვეს. ბიჭებმა ეს მონეტები გაინაწილეს, ნაწილი ქუთაისში, ოქროს ბირჟაზე წაიღეს. ერთ-ერთმა მოვაჭრემ ოქროს მონეტები ჯართის ფასად ჩაიბარა და ბიჭებს 10.885 ლარი გადაუხადა.

ალბათ ამ თანხით ღარიბ ბიჭებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესება სურდათ, რადგან სამივე უკიდურესად შეჭირვებულია, მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ და მხოლოდ სოციალური დახმარებით ცხოვრობენ. ერთმა მათგანმა პირველ რიგში, ვალი გადაიხადა, მაგრამ ახალგაზრდების სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მეორე დღეს სახლებში მათ პოლიციამ მიაკითხა. მაშინ შეიტყვეს, რომ ძალოვანებს სისხლის სამართლის საქმე ჰქონდათ აღძრული. უფრო მეტიც - დაზარალებულად კულტურის სამინისტროა ცნობილი და გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს. ბუნებრივია, 20-23 წლის ბიჭებს არც კი უფიქრიათ, მიწაში ნაპოვნი ნივთების გამო ვინმე საქმეს თუ აღძრავდა და პოლიციაში სიარული მოუწევდათ. ამბობენ, არც ამ ნივთების წარმომავლობა ვიცოდით, არც ის, რამდენად ღირებული იყო ნაპოვნი მონეტები. გვეგონა, მიცვალებულს ვიღაცამ ჩაატანაო. მონეტების ნაწილი ახლა პოლიციაშია და სავარაუდოდ, ექსპერტიზა დაინიშნება, რომელიც დაადგენს ძვირფასი ნივთების დათარიღებისა და წარმომავლობის საკითხს. როგორც ირკვევა, 88 წლის მაყვალა კეკელიას თავისი წინაპრების გვერდით, ბანძაში სურდა დაკრძალვა და შვილებს სთხოვა, ეს სურვილი შეესრულებინათ. ქალბატონი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, აქ გარდაიცვალა და ოჯახმა მისი სურვილის შესრულება გადაწყვიტა. მისი ბავშვობის სახლი ახლაც დგას ბანძაში, მაგრამ დაკეტილია. მისი შვილიშვილი წინა დღეებში ჩავიდა სოფელში, რომ მოეძებნა ახალგაზრდები, რომლებიც ბებიისთვის საფლავს გაუთხრიდნენ. სამი ახალგაზრდა იპოვა: გიორგი ქაჯაია, პაატა ქუთელია და გივი (გიგა) ნარსია. მათ შეუთანხმდა თანხაზე და საფლავის ადგილიც უჩვენა.

ეკა დანელია, ერთ-ერთი მესაფლავის დედა:

- ჩემი ვაჟი, გიორგი ქაჯაია იყო მესაფლავედ წასული. 20 ნოემბერს გარდაცვლილის შვილიშვილი, ზურა როხაძე მოვიდა ჩვენთან სახლში. მესაფლავეებს ეძებდა. მართალია, ჩემი შვილი ახალი ნაოპერაციევი იყო, მაგრამ მაინც დათანხმდა, რადგან ძალიან გვიჭირს, კიდევ ორ მეზობელს დაუძახა და ბიჭებმა მოილაპარაკეს. ადგილიც აჩვენა, სადაც საფლავი უნდა გაეთხარათ. სამშაბათი დღე იყო, ხუთშაბათს უნდა ჩამოესვენებინათ მიცვალებული თბილისიდან და დაეკრძალათ. იმდენი ქვა იყო ირგვლივ, ბიჭებმა ერთ დღეში საფლავის გათხრა ვერ მოასწრეს. საფლავის ტერიტორია ქვებისგან გაწმინდეს. მეორე დღეს ისევ განაგრძეს თხრა. თურმე პაატა ქუთელიას მოქნეული წერაქვი მოხვდა ქოთანს, საიდანაც მონეტები გადმოიყარა. ასე ნახეს ბიჭებმა ეს მონეტები, მუჭით ამოუღიათ მიწიდან, სათითაოდ კი არ გაუნაწილებიათ, ვისაც რამდენი ჩაეტია მუჭში, იმდენი წაუღიათ სახლებში. ჩემმა ბიჭმა სახლში რომ მოიტანა, სულ შავი იყო ეს მონეტები, ერთი ცალი გააპრიალა, ვნახეთ, რომ გაყვითლდა. ვიფიქრეთ, ოქრო ხომ არ იყო. მაშინვე ტანსაცმელი გამოიცვალა და თქვა, ლომბარდში შევამოწმებ, ოქრო ხომ არ არისო. მეზობლის ბიჭიც გაჰყვა. მარტვილში ლომბარდში უთქვამთ, ოქროა, მაგრამ ჯობია, თბილისში გაასინჯვინოთ, ზუსტად არ ვართ დარწმუნებულიო.

თბილისში წასასვლელი ფული არ ჰქონდათ, ამიტომ ქუთაისში, ოქროს ბირჟაზე წასვლა გადაწყვიტეს. არც იქამდე მისასვლელი გზის ფული ჰქონდათ. გიამ ჩემს დისშვილს დაურეკა, გზის ფული გვასესხეო. ისიც გაჰყვა და წავიდნენ ქუთაისში. ოქროს ბირჟა სადაც ეწერა, იქ მისულან. ვიღაც აზამ შეამოწმა ეს მონეტები და გრამში 80 ლარი - ოქროს ჯართის ფასი გადაუხადა. სიგარეტის კოლოფში ჰქონდა ჩაყრილი ჩემს შვილს და კოლოფის წონაც გამოაკლოო. გიასთან ერთად გივი (გიგა) ნარსიაც იყო, მან თურმე 4 მონეტა დაიტოვა, ამიტომ მას 5.000 ლარი მისცეს, ხოლო ჩემს შვილს 5.885 ლარი გამოუვიდა. რაც შეეხება პაატა ქუთელიას, ის მათთან ერთად არ წასულა ქუთაისში და მას სახლში ჰქონდა მონეტები. 23 წლის გიორგი საჯაია 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ბიჭებს არც ვინაობა დაუმალავთ, ტელეფონის ნომერიც დაუტოვეს მყიდველ ქალს. მეორე დღეს მირეკავს ეს ქალი და მეუბნება, - ამ ნივთებიდან 20 გრამი ვერცხლი აღმოჩნდა და 1.450 ლარი ბიჭებმა უკან დამიბრუნონო. ბიჭები სასაფლაოზე იყვნენ, იმ დღეს იყო ქალის დაკრძალვა, მაგრამ მაინც მოვახერხე და ჩემი შვილი დავალაპარაკე. ქალმა უთხრა, ფულს თუ არ მოიტანთ, ის 4 მონეტა რომ დაიტოვეთ, ის მომიტანეთო. უცებ წასვლა ვერ მოხერხდა ქუთაისში, ამასობაში ოქროს მყიდველს ბანძაში თავის ნათესავთან დაურეკავს, შენ ჩაერიე ამ საქმეში და ფული გამოართვიო. სასაფლაოზე მივიდა ის კაცი და დაუწყო ბიჭებს საქმის გარჩევა. შელაპარაკდნენ, მიცვალებულის შვილიშვილმაც იქ გაიგო ეს ამბავი და გასარკვევად ისიც სახლში მოვიდა. დავუდასტურეთ ეს ამბავი და ისიც ვუთხარით, რომ 5.885 ლარი გვქონდა აღებული. მან ეს თანხა მოითხოვა. ქუთელიას და ნარსიას რაც მონეტები ჰქონდათ დარჩენილი, გამოართვა. ამასთან, აღებული თანხიდან გარდაცვლილის შვილიშვილს 7.600 ლარი მივეცით; 5.030 ლარი მე, დანარჩენი - გივი ნარსიამ.

- გარდაცვლილის შვილიშვილი ფულს რატომ ითხოვდა?

- თქვა, ჩემი მიცვალებულის არის და მე უნდა გადმომცეთო. ბიჭებმაც მისცეს. ჩემი ხელით მივეცი 7.600 ლარი. ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბიჭებმა რესტორანში იქეიფეს და დახარჯეს. სიდუხჭირეში ვცხოვრობთ, სახლის კედლები დანგრეულია, ჭერიდან წყალი ჩამოდის. იატაკიც კი არ გვაქვს, ქვიანი ხრეში მოვაყარე მიწაზე და ასე ვცხოვრობთ. ჩემმა შვილმა ახლახან კუჭის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ რომ გვიჭირდა, მაინც წავიდა სამუშაოდ. 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ფული რომ აიღო, იმ ფულით ბავშვებს რაღაცები უყიდა, ვალიც ჰქონდა და ნაწილით ის ვალები გადაიხადა, ამის შემდეგ მოვიდა გარდაცვლილის შვილიშვილი, მთლიანი თანხა მისთვის დასაბრუნებლად უკვე აღარ გვქონდა, სოციალური დახმარების ფული - 480 ლარი მედო სახლში, ის დავამატე დარჩენილ თანხას. მერე გავიგეთ, რომ ეს VII საუკუნის ძვირფასი მონეტები იყო. გეფიცებით, ჩემს შვილსა და მის მეგობრებს არაფერი უხეირიათ, იშრომეს და ახლა პოლიციაში უწევთ სიარული. 23 წლის არის ჩემი შვილი, 3 შვილი ჰყავს, გივი ნარსია 20 წლისაა, ორი შვილის მამა, ხოლო პაატასაც 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სამივე ოჯახს ძალიან გვიჭირს. სოფელში მესაფლავედ ფულზე არასოდეს წასულან ბიჭები, ეს პირველი შემთხვევა იყო. ის ოჯახი სხვა უბანში ცხოვრობს, ნეტავ არ მოსულიყვნენ ჩვენთან, ამ უსიამოვნო დღეებს ხომ ავცდებოდით და ამდენს აღარ ვინერვიულებდით. არ ვიცოდით, ასეთი ღირებული მონეტები რომ იყო, თორემ ჯართის ფასად ვინ ჩააბარებდა? არც ის იცოდნენ, რომ ეს დანაშაული იყო.

20 წლის გივი ნარსია ერთ-ერთია, ვინც ეს განძი იპოვა. ამბობს, რომ იმ ადგილებში მიცვალებულების ძვლებიც მრავლად ნახეს.

გივი ნარსია:

- მეოთხე შემთხვევა იყო, რაც მესაფლავედ მომიხდა წასვლა. საფლავის გათხრაში სხვა დროს ფული არასოდეს აგვიღია. ის ოჯახი ამ სოფელში არ ცხოვრობს, მათი წინაპრების სახლი ჩვენგან მოშორებითაა და საფლავის გათხრა გვთხოვეს. ძალიან რთული სამუშაო იყო. ბევრი ქვა ამოვყარეთ, ერთ ადგილას მიწაში ღრმად ჩასული ფართო ქვაც შეგვხვდა. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამ ქოთანს ზემოდან ქვა ედო, ასე არ ყოფილა. ქვა სხვა ადგილას ვნახეთ, პატარა თიხის ქოთანი კი სხვა ადგილას. მიცვალებულების ძვლებიც ბლომად იყო, ეტყობა ვიღაც იყო იქ დაკრძალული. წერაქვი მოხვდა პატარა ქოთანს და გასკდა, ლამპის შუშასავით პატარა ქოთანი იყო, იქიდან გადმოცვივდა ეს მონეტები. 4 ბეჭედიც ვიპოვეთ და ისიც ჩავაბარეთ ქუთაისში. როგორც ჩანს, ეს ბეჭდები არ აღმოჩნდა ოქროსი. ოქროს მყიდველმა ქალმა დაინახა, 4 მონეტა რომ დავიტოვე და იმას ითხოვდა, რადგან მონეტების მცირე ნაწილი ვერცხლი აღმოჩნდა. სარგებელი ამით არ მიგვიღია, პირიქით, ამან მოიტანა დარდი, სევდა, ნერვიულობა, უძილობა და ფიქრი. ახლა გვიწევს დაკითხვებზე სიარული.

გია ელიავა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი:

- მამა ანტონ კეკელიას შვილიშვილი, მაყვალა კეკელია რომ დაასაფლავეს ბანძაში, იმ დღეს მარტვილის ცენტრში შევიტყვე, რომ განძი იყო ნაპოვნი. შემთხვევით ყური მოვკარი ვიღაცების საუბარს. ისიც თქვეს, მონეტების ნაწილი ქუთაისში წაიღეს, ოქროს ბირჟაზე და დაინაწილესო. ჩავედი ბანძაში და გარდაცვლილის ოჯახს მივაკითხე, მათთან აღმოჩნდა 12 მონეტა და ყველა გადმომცეს, მერე სამივე მესაფლავეს დაველაპარაკე, ამის შემდეგ ჩავედი ქუთაისში და ოქროს ბირჟაზე ვიპოვე ის ქალბატონი, ვინც ნივთები ჩაიბარა. მან თქვა, რომ ოქროს ფასად ჩაიბარა, მაგრამ რამდენიმე ვერცხლის აღმოჩნდა. დამიბრუნა ვერცხლის 8 მონეტა. პოლიციამ ასევე ამოიღო 3 მონეტა, დანარჩენი მონეტები დაკარგულად ითვლება. ვინც იყიდა, იმ ქალს გაუყიდია. ამბობს, ხელოსნებმა უკვე გადაადნესო. ჩემი მოგროვილი მონეტები კი ახლა პოლიციაშია, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ალბათ გამოძიების დასრულების შემდეგ დამიბრუნებენ. გავარკვევთ ასაკს და მუზეუმში გამოვფენთ.

- ამ ეტაპზე თუ შეგიძლიათ თქვათ, რა მონეტებია ნაპოვნი? - რატომ ამახვილებთ ყველა ოქრო-ვერცხლზე ყურადღებას? მონეტები რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო ბრინჯაო ან სხვა ნებისმიერი ძველი ნივთი, მაინც საგანძურია. არა აქვს მნიშვნელობა, ოქრო იქნებოდა, სპილენძი თუ რა, ეს ისტორიაა და არ უნდა დაიკარგოს. VII საუკუნის მონეტებია. არის არაბული, თურქული მონეტები სხვადასხვა საუკუნის. ალბათ ჰქონდა ეკლესიას მოგროვილი, ტაძარი დაინგრა XX საუკუნის დასაწყისში და ეტყობა, ერთად ჩაფლა მიწაში მამა ანტონმა ეს განძი. მონეტების ნაწილი დაზიანებულია, რადგან წერაქვი მოხვდა. მესაფლავეებს რომ არ დაეზიანებინათ და იმ ტერიტორიაზე არქეოლოგებს ემუშავათ, უფრო მეტ რამეს დავადგენდით.

- მსგავსი ფაქტი თუ მომხდარა მარტვილში? - 50-იან წლებში ანალოგიური ფაქტი სოფელ ინჩხურში მოხდა, იქაც იპოვეს შუა საუკუნეების არაბული მონეტები. თითქოს ისტორია მეორდება, იქ მონეტები ვერცხლის იყო და ერთი აღმოჩნდა ოქროსი, რომელიც მარტვილის მუზეუმში ინახება. ჩვენ რომ არ გაგვეგო ეს ფაქტი, შეიძლება, ის 8 ცალი მონეტა, რომელიც ქუთაისიდან ამოვიღეთ, დაკარგულიყო.

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"