"სამართლის" 10 მაფიოზი" - კვირის პალიტრა

"სამართლის" 10 მაფიოზი"

სკანდალური საქმეების "შავი სია": გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა, გვანცა ყუფარაძის ციხეში გამომწყვდევა, ქიბარ ხალვაშისთვის ქონების ჩამორთმევა, მოსამართლე, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დროს არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია...

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფორსმაჟორულ ვითარებაში შეადგინა და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციანი სია. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საკანონმდებლო ორგანომ ამ საკითხზე მსჯელობა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო, თუმცა სია უკან არ გაუწვევია. საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ათივე მოსამართლე კეთილსინდისიერებისა და მაღალი კომპეტენციის პრინციპით შეარჩიეს, თუმცა დასახელებული პირების სანდოობა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეჭვქვეშ დააყენა.

იურისტი მამუკა ნოზაძე ამბობს, რომ არც ერთ მათგანს არა აქვს სამართლიანი წარსული და კანდიდატებზე ყველაზე კარგად მათი უკანონო გადაწყვეტილებები მეტყველებს.

უზენაესი სასამართლო უმნიშვნელოვანესი ორგანოა და მას სჭირდება ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს შეცდომების გამოსწორებასა და სამართლის დამკვიდრებას შეუწყობენ ხელს. ამ ადამიანებმა კი როგორ უნდა გააკეთონ ეს, როცა წლობით ემსახურებოდნენ დანაშაულებრივ რეჟიმს? ამ კანდიდატურებს შეგვიძლია ვუწოდოთ "სამართლის" 10 მაფიოზი. გადავხედოთ, თუ რა გახდა საზოგადოების აღშფოთების მიზეზი.

ნინო სანდოძე იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც 2006 წელს ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობა მიუსაჯა გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას, რომლებიც 2017 წელს უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ მოსამართლეს წლების განმავლობაში გამოჰქონდა უკანონო განაჩენები. სააკაშვილის რეჟიმის დროს მას არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია.

გიორგი ტყავაძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო. მას უკავშირდება შრომითი დავების განხილვა, სადაც დარღვეული იყო შრომითი უფლებები, იყო ძალადობის ფაქტებიც, ის კი თვალს ხუჭავდა და მუდმივად სახელმწიფო ორგანოების ინტერესებით ხელმძღვანელობდა. მან უკანონოდ და უსაფუძვლოდ დასაჯა პოლკოვნიკი დონი ფანჩულიძე, რომელმაც თითქოსდა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.

ნინო ქადაგიძე, რომელიც ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, მერე კი სააპელაციოსი, უგულებელყოფდა ავადმყოფი პატიმრების უფლებებს, როცა ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდნენ მათი საქმეების განხილვასა და მკურნალობის დანიშვნას. ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე არ აკმაყოფილებდა პატიმრების მოთხოვნებს, რის შემდეგაც, საქმის გაჭიანურების გამო, ბევრი ადამიანის სიცოცხლე ლეტალურად დამთავრდა.

თამარ ალანია სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლე და ყოფილი პროკურორია. მის კისერზეა არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმე... თამარ ალანია ასეთ ადამიანს ევროპული სასამართლოს მოსამართლეობაზეც ჰქონდა პრეტენზია და შემდეგ სისხლის სამართლის საქმეებიდან სამოქალაქო საქმეების განხილვაზე გადავიდა. იგი ყოველთვის იყო სააკაშვილის რეჟიმის მსახური და იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც ჩინჩალაძის კლანს აწყობდა. მონაწილეობდა გახმაურებულ ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეშიც.

მერაბ გაბინაშვილი -  მას ადამიანის უფლებებზე, კანონიერებასა და ჰუმანიზმზე ორიენტირებული არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია.

გიორგი მიქაუტაძე - გავიხსენებ ლაშა მესხიას, "ქართული ოცნების" აქტივისტის საქმეს, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე დააპატიმრეს იმის გამო, რომ ოპოზიციაში იყო და მიქაუტაძემ მას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეუფარდა პატიმრობა. ასევე, მან უკანონოდ დაადანაშაულა გიორგი მიქიაშვილი, რომელმაც შემდეგ სტრასბურგში მოიგო საქმე. მის სახელს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით 2012 წლის ივლისში განხილული საქმე - გიორგი მიქაუტაძემ პოლიტიკური პარტიებისთვის თანხის უკანონო შემოწირულობის გამო 17 პირი დააჯარიმა.

პაატა სილაგაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. ათწლიანი ვადის გასვლის მიუხედავად, მას ისევ გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა იმ საქმეებზე, რომლებიც სისხლის სამართლის წარმოებაშია. მგონი, იმიტომ აჭიანურებს ამ საქმეებს, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყოს ფუნქციის შემსრულებლად, თანამდებობა შეინარჩუნოს და ხელფასიც მეტი აიღოს. დღეს მას კვლავ გაუჩნდა პრეტენზია, იყოს სასამართლოს წევრი, ვინაიდან ჩინჩალაძის ძმაკაცი და მისი ნების შემსრულებელია. მას ერთ სამარცხვინო განჩინებაზეც აქვს ხელი მოწერილი - შალვა დოლიძის საკასაციო საჩივარზე, რომელიც ახალაღმოჩენილ გარემოებას შეეხებოდა. სილაგაძემ დაწერა, რომ კონკრეტული ბრალდების საქმეში როგორც პროკურორი მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით პროცესში ჩაერთო როგორც მოსამართლე, რაც ყოვლად დაუშვებელია. პაატა სილაგაძე

სილაგაძემ 2009 წელს განიხილა დავა ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანიების: "არტის", "პიზას", "ინტერნეიშენელ ბილდინგ კომპანისა" და "ლივო გრუპის" საკუთრებაში არსებული ქონების ჩამორთმევის შესახებ.

დიმიტრი გვრიტიშვილი იყო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე და სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე არაერთ ადმინისტრაციულ, სახელდობრ, ოპოზიციურად განწყობილთა საქმეების განხილვაში მონაწილეობდა. სხდომებზე დიდი აგრესიულობით გამოირჩევა, გარდა იმისა, რომ აქვს დარღვევები კონკრეტულ საქმეებზე. მან განიხილა ჩემი და პატიმარ დენის ყვარელაშვილის საქმე, რომლის სიცოცხლეც ლეტალურად დამთავრდა იმის გამო, რომ მან არ მიიღო გადაწყვეტილება მკურნალობის დანიშვნის თაობაზე. უზენაესის კი არა, ამ ადამიანს საერთოდ მოსამართლეობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. დიმიტრი გვრიტიშვილი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორისაა ივანიშვილის კომპანიისთვის დაკისრებული 5-მილიონიანი ჯარიმის კანონიერად ცნობა, ასევე დაჩი ცაგურიასა და მისი მეგობრის აქტივისტობის გამო დაპატიმრება.

მიხეილ ჩინჩალაძე ამ კანდიდატებს შორის ყველაზე ოდიოზური ფიგურაა, რომელიც ჯერ საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა, შემდგომში კი თანაშემწედ. ეს კაცი მონსტრად იქცა. ადრე ადეიშვილის ხელისბიჭი იყო და მისი ხელით იქმნებოდა ის სასამართლო სისტემა, სადაც ასე ლაღად გრძნობს თავს დღეს და კლანის "რუხი კარდინალი" სწორედ ის არის. მიხეილ ჩინჩალაძე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მცხეთა-მთიანეთის პროკურორი იყო, მის კისერზეა ზვიად ობოლაძეზე შეთითხნილი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა. მას ორასზე მეტი საქმე აქვს განხილული და არც ერთ მათგანზე გადაწყვეტილება არ გამოუტანია, ყველა მათგანზე გაცემული აქვს ერთგვერდიანი განჩინებები საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ჯერ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოგვევლინა, დღეს კი აქვს პრეტენზია იყოს უზენაეს სასამართლოში და ისევ მისი მეშვეობით იმართებოდეს სასამართლოს მესამე შტო, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია.

- რა საფრთხეს ხედავთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში? - როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება განიხილებოდა, ადვოკატთა ასოციაცია წინააღმდეგი იყო, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების შესაძლებლობა მისცემოდა. ადვოკატებმა კარგად იცოდნენ, ეს რა შედეგსაც მოიტანდა და იმიტომ.

ის, რაც საბჭომ გააკეთა - მოსამართლეებად წარადგინა ის პირები, რომლებიც მათი გუნდის წევრები არიან, ერთგულებით გამოირჩევიან და სისტემას კეტავენ - ქვეყნისთვის კატასტროფაა.

მოსაწვევია რიგგარეშე სესია, რათა ორგანული კანონით განისაზღვროს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ეს უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობით. თუ არ შეიცვალა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი, რეალურად არ ამოქმედდა "მოსამართლეთა დისციპლინური დევნის შესახებ" კანონი, ხელისუფლება არჩევნებს წააგებს.

იხილეთ ასევე: "თინეიჯერების ჯგუფმა პარტიაში მურუსიზაცია წამოიწყო..."