ორი ახალგაზრდის მკვლელობა სატელეფონო ზარს მოჰყვა?! - კვირის პალიტრა

ორი ახალგაზრდის მკვლელობა სატელეფონო ზარს მოჰყვა?!

თბილისის საქალაქო სასამართლომ წავკისში მომხდარ შემზარავ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამა-შვილს, ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეებს, შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ნიკოლოზ აბულაძეს - 13-დან 17 წლამდე, გიორგი აბულაძეს კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, ხოლო მათ მეგობარს, ანრი ყურაშვილს, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ამხელენ...

პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის განცხადებით, ყველაფერი ავტოავარიას მოჰყვა. იმ დღეს დაბა წავკისში ნიკოლოზ აბულაძის "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელშიც მისი ვაჟიც იჯდა, შეეჯახა "ტოიოტას" - იქ ლექსო ფეიქრიშვილი და მისი ცოლ-შვილი ისხდნენ, ავტომანქანას კი ლექსოს ნათესავი მართავდა. შეჯახებისას მანქანის სარკე დაზიანდა. მამა-შვილი შეუთანხმდა "ტოიოტის" მეპატრონეს, რომ მეორე დღეს ფულს მიუტანდნენ. 23 დეკემბერს ნიკოლოზ აბულაძე ორ შვილთან, გიორგისა და ალექსანდრესთან ერთად, მეგობარმა ანრი ყურაშვილმა ავტომანქანით წავკისში ჩაიყვანა, სადაც ლექსო ფეიქრიშვილმა მათ რამდენიმე პირი დაახვედრა. შელაპარაკებას სისხლიანი გარჩევა მოჰყვა. შედეგად, ლექსო და დავით ფეიქრიშვილები მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ, ორი პირი კი დაჭრეს...

გიორგი აბულაძემ და ანრი ყურაშვილმა იმავე დღეს დატოვეს თბილისი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი სარფის გავლით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ.

ტრაგედიის თვითმხილველია ლექსოს ძმა ლევანი. ამბობს, რომ ყველაფერი წამებში მოხდა და ვერ შეძლეს ბიჭების დაცვა. პროკურორის თქმით, ლევანმა ფოტოებით ამოიცნო გიორგი აბულაძე და ირწმუნება, რომ მის ძმას მან ჩაარტყა დანა, ნიკოლოზ აბულაძეს კი ამ დროს შებოჭილი ჰყავდა ლექსო.

"ნიკოლოზ აბულაძე ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან. საზოგადოებისთვის საშიშია, აუცილებელია მისი დაპატიმრება", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა და აბულაძის ადრე ჩადენილ დანაშაულზეც ისაუბრა. 2006 წელს განზრახ მკვლელობისთვის ნიკოლოზ აბულაძეს 18 წელი მიუსაჯეს, თუმცა ამნისტიამ წლები მოაკლო და 12 წელიწადში გათავისუფლდა.

ზურაბ როსტიაშვილი, აბულაძეების ადვოკატი: "აბულაძეები ფულის მისაცემად ჩავიდნენ წავკისში და რატომ უნდა აეტეხათ ჩხუბი? ნიკოლოზი ნაცემია, მაგრამ ეს არ უხსენებია პროკურორს. ან როგორ ადასტურებს პროკურატურა, რომ ნიკოლოზმა დაიწყო ჩხუბი? ადრინდელ დანაშაულს რაც შეეხება, მან სასჯელი მოიხადა".

საქმეში დევს მოწმის სტატუსით დაკითხული გიორგი აბულაძის ჩვენება, სადაც ის აღიარებს ჩადენილს, ადვოკატი კი ამბობს, რომ მას ჩვენება უკანონოდ ჩამოართვეს, რადგან ის არ ესწრებოდა დაკითხვას. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი აბულაძე ჩვენებაში ამბობს, დავინახე, მამაჩემს რომ ურტყამდნენ, ძირს ეგდო და ამის შემდეგ დავარტყი დანა ფეიქრიშვილს და შემდეგ სხვებსო...

რაც შეეხება ამ საქმეზე დაკავებულ ანრი ყურაშვილს, მისი ადვოკატების თქმით, მას არც ჩხუბში მიუღია მონაწილეობა, არც ვინმეს დაჭრა უნახავს და არც ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. ის ბათუმში აიყვანეს. პროკურორის განმარტებით, სწორედ ყურაშვილის მანქანაში აღმოაჩინეს სისხლის კვალი, რადგან აბულაძეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ... მოსამართლემ სამივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება მათ დაზიანებებს, პროკურორის თქმით, მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ (ვიზუალურად მხოლოდ ნიკოლოზ აბულაძეს აღენიშნებოდა თვალის არეში სილურჯე).

"ოთხი კაცი დაჩეხეს და ერთი მუშტი თუ მოხვდა აბულაძეს, ეს უკვირს ვინმეს?" - ამბობენ დაღუპულების მეზობლები.

"ნიკოლოზ აბულაძე ქურდული ტრადიციების მიმდევარია. ის აქ შურის საძიებლად მოვიდა. როგორ გაუბედეს და მოსთხოვეს სარკის შეკეთება! ბიჭები ამბობენ, როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა, მაშინვე დაარტყა ხელი ლექსოსო. უმოწყალოდ ამოხოცეს ბიჭები. ჩემი თვალით ვნახე, იმხელა ორლესული დანა ეგდო ძირს, მითხარით, თუ ფულის გადახდა სურდათ, ამხელა დანით რატომ მოვიდნენ?!" - ამბობს ფეიქრიშვილების მეზობელი.

დაღუპულებსა და დაჭრილებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ, მალე გაირკვევა, ყველას ერთი და იმავე დანით აქვს თუ არა ჭრილობა მიყენებული.

ჩვენი ინფორმაციით, ნიკოლოზ აბულაძე სატელეფონო ზარს გაუღიზიანებია. მართალია, ფეიქრიშვილებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, მაგრამ მეორე დღეს არ გამოჩნდა და საღამოს დაურეკეს, ის კი განაწყენდა, ფულს როგორ სთხოვდნენ და შვილებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდა.

ნინო ფეიქრიშვილი, დათო ფეიქრიშვილის ბიძაშვილი: "იმ დღეს დათო და მისი მეგობარი რუსლან ზანთარია სამძიმარზე მიდიოდნენ. ეს ტრაგედია ცოტა მოშორებით, ამავე ქუჩაზე მოხდა. დათუნა და რუსლანი სახლთან გაჩერებაზე იდგნენ, როცა დათუნას ვიღაცამ დაურეკა და მისვლა სთხოვა. ცარიელი ხელებით მივიდნენ გასაშველებლად... დათუნა საშინლად აჩეხილია".

გიორგი ქოროღლიშვილი, ლექსო ფეიქრიშვილის მეზობელი: "7-8 საათი იქნებოდა, ჩხუბის და ყვირილის ხმა რომ გავიგონე, მაგრამ გარეთ არ გავსულვარ. ვიფიქრე, უბნის ბიჭები, ალბათ, ნასვამები არიან და მორიგდებიან-მეთქი. ეს რომ მცოდნოდა, გამოვიდოდი... შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, დიდი, ხისტარიანი პურის საჭრელი დანა ტალახში ეგდო. იქვე სისხლის გუბე იდგა".

თემურ დორეული, ერთ-ერთი დაჭრილის, სოსო დორეულის მამა: "ლექსოს ოჯახთან ნათელმირონობა გვაკავშირებს... სოსო ხმაურზე გასულა და ამ დროს დაუნახავს დაჭრილი ლექსო. მკვლელები გარბოდნენ და სოსოს უყვირია, დაიჭირეთო. ამ დროს დაჭრეს, ელენთა და ორივე ფილტვი აქვს დაზიანებული. დათუნას მუცელი სულ გადაფატრული ჰქონია, საავადმყოფომდე ვერ მიაღწია, გზაში გარდაიცვალა. ლექსო შინდისამდე ვერ მიიყვანეს. სარკის გამო ოთხი ახალგაზრდა სასიკვდილოდ გაიმეტეს!".