რა პრეტენზიები აქვს "ბახალას" ადვოკატს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან - კვირის პალიტრა

რა პრეტენზიები აქვს "ბახალას" ადვოკატს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილთან

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია"

"წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ვაღიარო ისეთი ქმედება, რომელიც არ ჩამიდენია! მე რომ რამე დანაშაულში მიმიძღოდეს ბრალი, არ გავრისკავდი და პროკურორის საპროცესო შეთანხმებას დავთანხმდებოდი... ის, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, არის კონკრეტულად ერთი ადამიანის, გიორგი გიორგანაშვილის ისტორია. ეს არის ამბავი, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უსამართლოდაა გაჭედილი. მე ვარ ციხეში და აქ ვარ ისეთი მოსამართლეების გამო, რომლებმაც ვერ მიიღეს სამართლიანი გადაწყვეტილება (გიორგანაშვილს ნარკოდანაშაულისთვის 8 წელი აქვს მისჯილი) იმ პოლიციელების გამო, რომლებმაც ჩამიდეს ნარკოტიკი და მერე სასამართლო დარბაზში უნიჭოდ იცრუეს; იმ პროკურორების გამო, რომლებსაც არ აინტერესებთ სიმართლე. იმ ჩინოვნიკების, პარლამენტარებისა და მინისტრების გამო, რომლებიც ამ სისტემას კბილებით იცავენ... სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის. იგივე ელის ყველას, ვინც სისტემას შეეწინააღმდეგება..." - თქვა საბოლოო სიტყვაში მსახიობმა გიორგი (ბახალა) გიორგანაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილი პირველად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის გაასამართლეს. მართალია, ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, მაგრამ მოსამართლემ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მაინც მიუსაჯა და გირაოთი გათავისუფლებული მსახიობი განაჩენის შემდეგ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მოგვიანებით მსახიობი ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენაში ამხილეს. ამ საქმეში ბრალდებულია ირაკლი ქორიძეც, რომელიც დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის ყოფილი დირექტორია. მათ ბრალად ედებოდათ საქართველოში 900 აბი"სუბოტექსის ორგანიზებულად შემოტანა. ორივეს დანაშაულში ამხელდა ამავე საქმეზე დაკავებული ბრალდებული ჯაბა ხულორდავა, რეანიმობილის მძღოლი. სწორედ რეანიმობილიდან ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკი. პროკურატურის მტკიცებით, ირაკლი ქორიძემ დანაშაულის შესანიღბავად რეანიმობილით ტრაპიზონში გადააყვანინა პაციენტი, რომელსაც სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდა და გააყოლეს ექიმი და ექთანი. იქ გიორგანაშვილმა ნარკოტიკი გადასცა ხულორდავას. ამ დანაშაულისთვის ბრალდებულ ხულორდავასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და მას შვიდი წელი მიესაჯა. მაშინ გაირკვა ისიც, რომ ირაკლი ქორიძე ციხიდან შეწყალებით ახალი გამოსული იყო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსახიობი წარდგენილ ბრალდებაში სრულად გაამართლა, ირაკლი ქორიძეს კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი მახარაძე, გიორგანაშვილის ადვოკატი:

- ველოდით გამამართლებელ განაჩენს, რადგან საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა. პროკურატურას ჰქონდა მხოლოდ ჯაბა ხულორდავას ჩვენება, რომელმაც ეს ჩვენება სამჯერ შეცვალა. სხვა მტკიცებულებები ვერც აღმოჩნდებოდა, რადგან ჩემს დასაცავს ამგვარი ქმედება არ ჩაუდენია, რაც დაადასტურა კიდეც სასამართლომ.

- რა ურთიერთობა ჰქონდა მას ქორიძესთან? - ერთად ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, მაგრამ 2017 წლის იანვარში "ბახალა" დაიჭირეს - მას ნარკოტიკი ჩაუდეს. განაჩენი სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა და ეს უკანონო განაჩენი უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრეთ. წელიწად-ნახევარია, რაც ციხეში ზის. იმ საქმეშიც სთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, მაგრამ რაც არ ჩაუდენია, ის არ აღიარა. რომ ეღიარებინა, ახლა დიდი ხნის გამოსული იქნებოდა ციხიდან. ალბათ, გახსოვთ, მაშინ რა ხმაურიანი განცხადებები კეთდებოდა ამ საქმეზე. დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა 2018 წლის აპრილში, როცა "ბახალას" აბსურდული ბრალი წაუყენეს, თქვა, ხომ დადასტურდა, "ბახალა" ისეთი კაცი არ ყოფილა, როგორადაც ასაღებდნენ, ნარკოტიკების შემომტანი და გამყიდველიაო. ეს თქვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ! ახლა რას უპასუხებს საკუთარ თავს?

ბახალა რჩება საპატიმროში, რადგან წინა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, რომ მისი უდანაშაულობა იმ საქმეშიც დადგინდეს.

დავით კორკოტაშვილი, ირაკლი ქორიძის ადვოკატი: "მათ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ, არადა, აღმოჩნდა, რომ პროკურატურის ეს ვერსია არ იყო სწორი და გიორგანაშვილი უდანაშაულოა. ქორიძეც მართალია. რას დაეყრდნო მოსამართლე, როცა ერთი პირი გაამართლა და მეორე გაამტყუნა. სასამართლომ ახალი ვერსია უნდა შემოგვთავაზოს და ვნახოთ, როგორ იქნება ის დასაბუთებული. ამ განაჩენით ჩანს, რომ გიორგანაშვილს ხულორდავასთვის ნარკოტიკი არ გადაუცია, ანუ არც ქორიძეს გაუგზავნია გიორგანაშვილი ნარკოტიკის შესაძენად, როგორც აქამდე გამოძიება აცხადებდა.

ხულორდავამ ჩვენება ჩვენი დასაცავის წინააღმდეგაც მისცა. ამბობდნენ, თითქოს ისეთი პაციენტი გადაიყვანეს, რომელსაც თურქეთში მკურნალობა არ სჭირდებოდა, თუმცა სასამართლოზე დადასტურდა, რომ ის ადამიანი ჩ ჰეპატიტით იყო ავად.

ვფიქრობ, ქორიძის განაჩენზე იმ საზოგადოებრივმა აზრმა იმოქმედა, რომელიც მისი დაკავების დროს შეიქმნა. ქორიძე პირველადაც პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული და შეწყალებით გამოვიდა. მეორედ დაკავების შემდეგ ხმაური ატყდა, მაგრამ შეწყალების კომისიამ მაშინ თავისი გადაწყვეტილება ვერ დაიცვა, არადა, ყველამ იცის, რომ ქორიძე პოლიტიკური ნიშნით იხდიდა სასჯელს.

ახლა განაჩენში ახალი ვერსია უნდა გაჩნდეს, მოსამართლემ უნდა ახსნას, როგორ შემოაღწია ნარკოტიკმა საქართველოში, ვინ გადასცა ის ხულორდავას. ჯაბა ხულორდავამ, ეტყობა, მარტომ შემოიტანა ნარკოტიკი და ამის გამო აქვს მისჯილი შვიდი წელი. ქორიძის წინააღმდეგ ჩვენება გვიან მისცა და თქვა, იმიტომ ვამხილე, რომ ფინანსურად ყურადღება არ მომაქციაო.

პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას აპირებს და იმედი აქვს, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.