"ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება - ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ" - კვირის პალიტრა

"ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება - ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ"

"ჩემს წინააღმდეგაც მიმდინარეობს საქმის ძიება. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ", - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს, პარლამენტის წინ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსმა პირადად აცნობა, რომ 11 იანვარს მისი სასამართლო პროცესი გაიმართება. მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას, ასევე ზაზა სარალიძეს, მის ძმასა და კიდევ ორ პირს სამართალდამცავის შეურაცხყოფას ედავებიან.

"დღეს, პარლამენტთან მოვიდა ვაკე-საბურთალოს განყოფილების უფროსი. გამაფრთხილეს, რომ 11 იანვარს, ჩემი სასამართლო შედგება. საუბარია კარვების დადგმის დროს მომხდარ ამბავზე. კანონით მქონდა მინიჭებული უფლება, რომ კარავი დამედგა, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ პროვოკაციაზე წამოვეგეთ მე და ზაზა სარალიძე. ზაზა ცუდად რომ გახდა, კრუნჩხვები რომ დაემართა, იქ გამწარებულმა მგონი შევაგინე, არც ვიცი. არც შეგინება და არც უწმარწური სიტყვების ხმარება ჩემ ლექსიკონში არ შედის. შეიძლება იქ რაღაც წამომცდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო მედავება. იმას კი არ ედავებიან, რატომ არ აძლევდით ამ ადამიანებს კარვების დადგმის უფლებას, როცა ამის სრული უფლება ჰქონდათო.

ამათი გაგზავნილი ფაილების მეშვეობით, ევროპაში არ შემიშვეს, გერმანიიდან დამაბრუნეს. ახლა ეცდებიან ან პირობითი, ან რაღაც მომცენ. სულ ფეხებზე მკიდია, რაც უნდა ის გააკეთონ, მე მაინც გავიტან ამ სიმართლეს და მაინც დავადგენ სიმართლეს ჩემი იურისტების, ჩემი ქართველი ერის თანადგომით. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავანგრიო ეს სისტემა. ამ სისტემას დავანგრევ კიდეც", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"