"ძლიერი სისხლდენით თავის ფეხით მოვიდა საავადმყოფოში, გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს" - ვინ არიან თიანეთში სასტიკად მოკლული ადამიანები? - კვირის პალიტრა

"ძლიერი სისხლდენით თავის ფეხით მოვიდა საავადმყოფოში, გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს" - ვინ არიან თიანეთში სასტიკად მოკლული ადამიანები?

2 იანვარს, გვიან ღამით, დაბა თიანეთში სასტიკი დანაშაული მოხდა - 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

მოკლულებიდან ერთ-ერთი ადგილობრივი 52 წლის ოლეგ შუშანაშვილია, მეორე კი თიანეთში რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჩასული ლადო ოქრომჭედლიძე. სანადირო თოფით არის დაჭრილი ასევე ადგილობორივი 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც ღია ჭრილობებით და ძლიერი სისხლდენით თიანეთის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა.

მორიგე ქირურგის ალექსანდრე გორდელაძის თქმით, საავადმყოფოში მისულს ნასვამი პაციენტი დახვდა ძლიერი სისხლდენით. "დამირეკეს საავადმყოფოდან და მითხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი მოვიდა დაჭრილიო... თავის ფეხით მოვიდა. წინასწარი დათვალიერების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ნუგზარ აბრამიშვილი მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრის და ლავიწის ძვლები. ადგილობრივ დონეზე რაც შეიძლებოდა გავაკეთეთ, შევუხვიეთ, სისხლდენა შევაჩერეთ და მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადავიყვანეთ.

-კონტაქტში თუ შემოდიოდა? თუ გითხრათ, რომ მის გარდა დაჭრილი ან მოკლული იყო კიდევ ვინმე?

- არაფერი უთქვამს. ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო და მხოლოდ იმას ამბობდა, - მტკივა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ არაფერი  უთქვამს, არც ის უთქვამს რა შეემთხვა...

როგორც ამ ეტაპისთვის ირკვევა, ოლეგ შუშანაშვილთან საახალწლო სუფრაზე სულ 4 პირი იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა მისი საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად სხვადასხვა ნივთები და პერსონალური კომპიუტერი ამოიღეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ხმაური მეზობლებსაც გაუგიათ. როგორც ჩანს, მკვლელობას წინ უძღვოდა ურთიერთშელაპარაკება. მათთვის ამ დრომდე უცნობია რამდენი ადამიანი მონაწილეობდა სისხლიან გარჩევაში.

ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილი ნუგზარ აბრამიშვილი ამ დრომდე არაფერს ამბობს და ჩვენების მიცემისგან თავს იკავებს. სამართლადამცავებს არც მკვლელობის იარაღი უპოვიათ. გარდაცვლილ ოლეგ შუშანაშვილს მეზობლები დადებით და კეთილგანწყობილ ადამიანად ახასიათებენ, მათთვის უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო ამგვარი სასტიკი თავდასხმის მოტივი.

გარდაცვლილი ლადო ოქრომჭედლიძე კი რამდენიმე თვის წინ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ხარაგაულიდან თიანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ის ოლეგ შუშანაშვილის მეზობლად ცხოვრობდა. მისი მეუღლე თიანეთის საავადმყოფოს თანამშრომელია.

ანა გიორგაძე (სპეციალურად საიტისთვის)