"ნარკობიზნესიდან შემოსული თანხები, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენებოდა" - კვირის პალიტრა

"ნარკობიზნესიდან შემოსული თანხები, შესაძლოა, პოლიტიკური მიზნებითაც გამოიყენებოდა"

ამ ხელისუფლების პირობებში კლუბურ ნარკოტიკთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ხელმძღვანელების გამოვლენა და დაკავება კვლავაც ვერ ხერხდება. ცხადია, ამ ბიზნესს ე.წ. კრიშა ჰყავს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პროცესში ჩართულია ის, ვინც ნარკობიზნესს უნდა ებრძოდეს

ამ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დაახლოებით 8 კილო და 500 გრამი "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე - ბუპრენორფინის"შემცველი 10 აბი და ერთი შეკვრა"მეტამფეტამინი ამოიღეს. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მართალია, ძალოვანები სისტემატურად აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ნარკომომხმარებლებს, მაგრამ ქვეყანაში ეს პრობლემა მაინც მწვავედ დგას - ისევ თავისუფლად იყიდება სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ექსპერტი, იურისტი დავით კუხალაშვილი თვლის, რომ პრობლემა მწვავეა და მეტი ბრძოლაა საჭირო.

- ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ აქტუალურია. ეს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საიდუმლო ოპერაციების განხორციელებისას ისინი ხშირად ხარჯავენ ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებულ თანხებს. შემოსავალი რომ ჰქონდეთ, სპეცსამსახურები აყალიბებენ ნარკობიზნესის ხაზებს. ეს ურთულესი თემაა და სახიფათოა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.

ნარკოტიკების წინააღმდეგ რაც შეიძლება აქტიური ბრძოლა უნდა გამოცხადდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკების გასაღება არის არა მხოლოდ კრიმინალური წრეების ფინანსური მოგების საშუალება, არამედ სპეცსამსახურების შემოსავალიც.

ქვეყანაში ისევ პრობლემაა ინტერნეტით კლუბური ნარკოტიკის გაყიდვა, ვერა და ვერ აღმოიფხვრა სააფთიაქო ნარკომანია. ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება.

სამწუხაროდ, გვაქვს ორი ბუფერული ზონაც - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი და ეს ადგილები მნიშვნელოვანი დასაყრდენია ნარკობიზნესისთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გაცვალოს ინფორმაციები ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ინფორმაციები არ არსებობს. ამ ზონებიდან დიდი საფრთხე მომდინარეობს.

ჩვენთან გამარტივებული სავიზო რეჟიმია და ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა ნარკობიზნესის განვითარებისთვის.

- სახელმწიფო იბრძვის ნარკომანიის წინააღმდეგ, თუმცა წამალი მაინც იყიდება. რატომ? - 2010 წელს ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო პიარკამპანია. ძირითადად, ნადირობდნენ ნარკომომხმარებლებზე, შემომტანებსა და რეალიზაციის პროცესზე ზემოქმედება კი არ ხდებოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ზოგი სამართალდამცავი თვითონ იყო წამლის რეალიზაციის ორგანიზატორი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც წელს გამოვლენილი ფაქტები. წელს დააკავეს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ჩინოსანი, რომელსაც პირადად ევალებოდა ნარკომანიასთან ბრძოლა.

ქვეყანაში აქტუალურია კლუბური ნარკოტიკი და ამ პრობლემამ ბევრი ადამიანი შეიწირა. ამ ხელისუფლების პირობებში კლუბურ ნარკოტიკთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ მთავარი ფიგურების გამოვლენა და დაკავება კვლავაც ვერ ხერხდება. ცხადია, ამ ბიზნესს ე.წ. კრიშა ჰყავს. ყოფილი ხელისუფლების სახელისუფლებო ელიტაც იყო ამ ბიზნესში ჩართული და ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პროცესში ჩართულია ის, ვინც ნარკობიზნესს უნდა ებრძოდეს.

- კონკრეტული ფაქტების მოყვანა შეგიძლიათ? - ვყოფილვარ სასამართლო პროცესზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გახმაურდა, ამ ყველაფრის გვირგვინი კი იყო შს სამინისტროს მაღალჩინოსნის დაკავება. იყო შემთხვევაც, როცა მაღალი რანგის სამართალდამცავის გარემოცვის წევრი დააკავეს. ვფიქრობ, მას სწორედ ეს ჩინოსანი უწყობდა ხელს და უხსნიდა გზას დანაშAაულებრივი საქმიანობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის ნარკობიზნესს, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს. გამოქვეყნდა ამერიკის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში 50 000 ინტრავენური მომხმარებელია. ეს დიდი რაოდენობაა, თუმცა, ცხადია, ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი - შეიძლება მეტიც იყოს და ამ მხრივ მაღალი რისკის სახელმწიფოდ ვითვლებოდეთ.

ნარკომანიასთან დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესიც და სახელმწიფო ამ ორ პრობლემას ერთად უნდა ებრძოლოს. თუ დროზე არ ვიმოქმედებთ, სრულფასოვანი საზოგადოება არ გვეყოლება.

ვიმეორებ, ნარკობიზნესი არ არის მხოლოდ გამდიდრების წყარო, ეს არის სადაზვერვო ოპერაციების დაფინანსების ერთ-ერთი საშუალება და ამ მიმართულებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურებმაც უნდა იმუშაონ.

სამართალდამცავებს სპეცოპერაციების ჩატარება, ძირითადად, ეთნიკური ნიშნით გამორჩეულ ტერიტორიებზე უწევთ. შეიძლება ითქვას, რომ ნარკობიზნესს ეთნიკური და რელიგიური ნიშანიც აქვს.

ვფიქრობ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიადგა ე.წ. ბუდეს, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა და რომლის ფუნქციონირებაში ჩართული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, შესაძლოა - სახელმწიფო მმართველობიდანაც. არ არის გამორიცხული, რომ ამ გზით შემოსული თანხები პოლიტიკური მიზნითაც გამოიყენებოდა.

სავარაუდოდ, ყველა მიმართულება, რომლებზეც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო წერტილოვან თუ მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს, საათივით იყო აწყობილი.

- გამოსავალი რა არის? - შს სამინისტრომაც და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც უნდა გააგრძელონ აქტიური მოქმედება. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს ადგილები, სადაც ნარკოტიკი ინახება და ეს ტექნიკური საშუალებები უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ. სათანადო ტექნიკა უნდა იყოს საზღვარზეც.

ჩვენ ვებრძვით ნარკობიზნესს, მაგრამ არ ვებრძვით სათავეებს. თუ სათავეებს უფრო ძლიერად შევუტევთ, შედეგსაც მივაღწევთ.

ვითარება მაინც რთულია

2018 წელს ნარკოდანაშაულის 3800-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, დანაშაულის 84% გახსნილია. ძალოვანებმა ნარკოტიკის კონტრაბანდის 160-ზე მეტი ფაქტი გამოავლინეს, მათგან 112 გაიხსნა, 2400-ზე მეტი საქმე აღიძრა ნარკოტიკის შენახვა-მოხმარება-გასაღების მუხლით, უამრავი პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა ვითარება მაინც რთულია - ნარკოტიკი სხვადასხვა გზით მაინც ხელმისაწვდომია ნარკომომხმარებლებისთვის.

ისევ პრობლემაა კლუბური ნარკოტიკის ინტერნეტით გაყიდვა, არის კონკრეტული ადგილები, სადაც ვერა და ვერ აღმოიფხვრა ნარკოტიკების გასაღება, მაგალითად, ქვემო ფონიჭალაში სისტემატურად აკავებენ ნარკორეალიზატორებს, მაგრამ ეს უბანი მაინც ნარკოტიკების გასაღების ბუდეა.

ასეთივე სიტუაციაა გაჩიანში, სადაც ახალი წლის წინა დღეებში ხალხი ქუჩაშიც კი გამოვიდა და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათ გაჩიანის სასაფლაოები რამდენჯერმე დახვდათ გადათხრილი, რამდენიმე ადგილას კი რეზინის ბუშტში გახვეული ნარკოტიკიც იპოვეს; ხშირად პოულობენ შპრიცებსაც.