რატომ დუმს სიკვდილს გადარჩენილი მთავარი მოწმე?
რატომ დუმს სიკვდილს გადარჩენილი მთავარი მოწმე?
ცხედრები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიწაზე ეყარა. 28 წლის ლადო ოქრომჭედლიძეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული, ოლეგ შუშანაშვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული

2 იანვარს, ბედობას, დაბა თიანეთში მძიმე დანაშაული მოხდა - მოკლულია ორი ადამიანი, ერთმა კი, მძიმედ დაჭრილმა 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილმა, თიანეთის საავადმყოფოში მისვლა შეძლო. ექიმი ალექსანდრე გორდელაძე ამბობს, რომ დაჭრილი ნასვამი იყო: "მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრისა და ლავიწის ძვლები.
პაციენტი მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ კი არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს, რა შეემთხვა".
დაჭრილი თიანეთის საავადმყოფოდან რეანიმობილით თბილისში წამოიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

როგორც ირკვევა, იმ საღამოს 57 წლის ოლეგ შუშანაშვილის სახლში საახალწლო სუფრა იყო გაშლილი. სავარაუდოდ, იქ იყო ხარაგაულელი ლადო ოქრომჭედლიძე, რომელიც რამდენიმე
თვეა, მეუღლესა და შვილებთან ერთად თიანეთში ჩავიდა საცხოვრებლად. ლადოს მეუღლე, ექიმ-გინეკოლოგი ლანა პავლაძე, ჯანდაცვის სამინისტრომ "მთის განვითარების" პროექტის ფარგლებში თიანეთის საავადმყოფოში მიავლინა. წყვილს ტყუპი ბიჭი ჰყავს. ოჯახმა თიანეთში, საავადმყოფოსთან ახლოს, ბინა იქირავა. ლადო ოქრომჭედლიძემ მეზობლად მცხოვრები ოლეგ შუშანაშვილი გაიცნო და, სავარაუდოდ, ოლეგმა იგი სახლში მიიპატიჟა. ალბათ, მასთან იყო სიკვდილს გადარჩენილი ნუგზარ აბრამიშვილიც, რომელიც გამოძიების მთავარი მოწმეა და ალბათ, სწორედ მისი ჩვენების შემდეგ აღადგენს გამოძიება რეალურ სურათს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, მამაკაცებს შორის ჩხუბი სუფრასთან დაიწყო თუ არა. ორივე მოკლული შუშანაშვილის ეზოშია ნაპოვნი. თვითმხილველების თქმით, ცხედრები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიწაზე ეყარა. 28 წლის ლადო ოქრომჭედლიძეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული, ოლეგ შუშანაშვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ნუგზარ აბრამიშვილის რენტგენის სურათით ირკვევა, რომ მას საფანტის ტყვია ესროლეს. ექსპერტიზა დაადგენს, იმავე იარაღით მოკლეს თუ არა ოლეგ შუშანაშვილიც.
ერთ-ერთი ვერსიით, საქმეში კიდევ ერთი პირი ფიგურირებს. თიანეთელები ვარაუდობენ, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელმა გაქცევა შეძლო, თუმცა ზოგი არ გამორიცხავს, რომ ამ სამი ადამიანის ჩხუბი ასეთი მძიმე შედეგით დამთავრებულიყო.

როგორც მეზობლები ამბობენ, დათოვლილი ეზო სისხლით იყო მორწყული. ირკვევა, რომ გარდაცვლილები სისხლისგან დაიცალნენ. იმასაც ფიქრობენ, აბრამიშვილს მომხდარზე საავადმყოფოში რამე რომ ეთქვა, შესაძლოა, ვინმეს დაჭრილებისთვის მიესწრო და რომელიმე სიკვდილისგან ეხსნა. რატომ დამალა დაჭრილმა მომხდარი და რატომ არ უთხრა ექიმებს, რომ ორი დაჭრილი ეზოში ეგდო?

გია ჩხიკვაძე, გამგებლის წარმომადგენელი: "მომხდარით გაოგნებულები ვართ. ლადო ოქრომჭედლიძე ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო. არც კონფლიქტური ყოფილა და ძალიან გვიკვირს, საქმე აქამდე რატომ მივიდა."

ოლეგ შუშანაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ სროლისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან ახალი წლის დღეები იყო და ეს არავის გაჰკვირვებია, ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ჩხუბში ოლეგი არ მონაწილეობდა. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ის სახლიდან ოთახის ჩუსტებით არის გასული:

- ოლეგს ესროლეს, ლადო კი დანით სასიკვდილოდ ყელის არეში დაჭრეს. ჩემს ძმას ხელი ჯიბეში ედო და ისე ეგდო მიწაზე... ეტყობა, სახლიდან ხმაურზე გამოიხედა. ჩხუბის მონაწილე რომ ყოფილიყო, ჯიბეში ხელებჩაწყობილი არ იქნებოდა. ოლეგს თოფი ჰქონდა, მაგრამ ის სუფთაა. არ ვიცით, რა მოხდა. ველოდებით გამოძიებას.
სავარაუდოდ, საქმეში დევს შუშანაშვილის სახლიდან ამოღებული იარაღი და ალბათ გაირკვევა, ეს იარაღი ხომ არ გაისროლეს. მეზობლების თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ არის სისხლიანი დანა, რომლითაც ლადოს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

გიორგი შუშანაშვილი, მოკლულის ძმისშვილი:
- ოლეგს ორი წელია, მეუღლე გარდაეცვალა და მარტო ცხოვრობდა. გოგო უცხოეთშია გათხოვილი... ვაჟიც ჰყავს, მაგრამ სახლში მარტო იყო. ბიძაჩემი ტყვიით არის მოკლული, მეორე ბიჭი - დანით. მას არ ვიცნობდი. მესამე დაჭრილიც ჩვენი რაიონიდანაა.

- ოლეგის ფეისბუკგვერდზე დევს ფოტოები, სადაც მას სანადირო თოფი უჭირავს...
- ოლეგს ნადირობა უყვარდა, გაფორმებულიც ჰქონდა თოფი. ტყვია მისი თოფიდან არ არის გასროლილი. იმედი გვაქვს, ყველაფერი გაირკვევა, საქმე გაიხსნება და კითხვები არ დაგვრჩება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თვის კითხვადი სტატიები