ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს - თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია - კვირის პალიტრა

ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული თბილისში დააკავეს - თიანეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობა გახსნილია

დაბა თიანეთში სასტიკი დანაშაული მოხდა - 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი მძიმედ დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ჭრილობები როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

მოკლულებიდან ერთ-ერთი ადგილობრივი 52 წლის ოლეგ შუშანაშვილია, მეორე კი თიანეთში რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ჩასული ლადო ოქრომჭედლიძე. სანადირო თოფით არის დაჭრილი ასევე ადგილობორივი 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილი, რომელიც ღია ჭრილობებით და ძლიერი სისხლდენით თიანეთის საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.​

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის პირველი ნაწილის “ გ” ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

იხილეთ ასევე: "ძლიერი სისხლდენით თავის ფეხით მოვიდა საავადმყოფოში, გარდაცვლილების შესახებ არაფერი უთქვამს" - ვინ არიან თიანეთში სასტიკად მოკლული ადამიანები?