"მკვლელმა ოლეგს ესროლა, ლადო კი დანით სასიკვდილოდ ყელის არეში დაჭრა" - ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული?
"მკვლელმა ოლეგს ესროლა, ლადო კი დანით სასიკვდილოდ ყელის არეში დაჭრა" - ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული?
2 იანვარს, ბედობას, დაბა თიანეთში მძიმე დანაშაული მოხდა - მოკლულია ორი ადამიანი, ერთმა კი, მძიმედ დაჭრილმა 32 წლის ნუგზარ აბრამიშვილმა, თიანეთის საავადმყოფოში მისვლა შეძლო. ექიმი ალექსანდრე გორდელაძე ამბობს, რომ დაჭრილი ნასვამი იყო: "მარჯვენა მხრის მიდამოში ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი, დაზიანებული ჰქონდა მხრისა და ლავიწის ძვლები. პაციენტი მხოლოდ იმას ამბობდა, მტკივაო. გარდაცვლილების შესახებ კი არაფერი უთქვამს, არც ის უთქვამს, რა შეემთხვა".
დაჭრილი თიანეთის საავადმყოფოდან რეანიმობილით თბილისში წამოიყვანეს. მას ოპერაცია დასჭირდა.

როგორც
ირკვევა, იმ საღამოს 57 წლის ოლეგ შუშანაშვილის სახლში საახალწლო სუფრა იყო გაშლილი. სავარაუდოდ, იქ იყო ხარაგაულელი ლადო ოქრომჭედლიძე, რომელიც რამდენიმე თვეა, მეუღლესა და შვილებთან ერთად თიანეთში ჩავიდა საცხოვრებლად. ლადოს მეუღლე, ექიმ-გინეკოლოგი ლანა პავლაძე, ჯანდაცვის სამინისტრომ "მთის განვითარების" პროექტის ფარგლებში თიანეთის საავადმყოფოში მიავლინა. წყვილს ტყუპი ბიჭი
ჰყავს. ოჯახმა თიანეთში, საავადმყოფოსთან ახლოს, ბინა იქირავა. ლადო ოქრომჭედლიძემ მეზობლად მცხოვრები ოლეგ შუშანაშვილი გაიცნო და, სავარაუდოდ, ოლეგმა იგი სახლში მიიპატიჟა. ალბათ, მასთან იყო სიკვდილს გადარჩენილი ნუგზარ აბრამიშვილიც.

ჯერჯერობით დაუდგენელია, მამაკაცებს შორის ჩხუბი სუფრასთან დაიწყო თუ არა. ორივე მოკლული შუშანაშვილის ეზოშია ნაპოვნი. თვითმხილველების თქმით, ცხედრები ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიწაზე ეყარა. 28 წლის ლადო ოქრომჭედლიძეს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში დანით აქვს მიყენებული, ოლეგ შუშანაშვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.

ნუგზარ აბრამიშვილის რენტგენის სურათით ირკვევა, რომ მას საფანტის ტყვია ესროლეს. ექსპერტიზა დაადგენს, იმავე იარაღით მოკლეს თუ არა ოლეგ შუშანაშვილიც.

თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუფრა შუშანაშვილის სახლში 4 პირზე იყო გაშლილი და სავარაუდოდ, მკვლელიც მე-4 ადამიანი უნდა ყოფილიყო. შსს-მ 7 იანვარს ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, ასევე 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული დ.პ. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 იანვარს, დაბა თიანეთში შურისძიების მოტივით 1990 წელს დაბადებული ვ.ა.-ს და 1961 წელს დაბადებული ო.შ.-ს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ხოლო 1986 წელს დაბადებულ ნ.ა- ს, განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. ნ.ა. ამ დრომდე კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობასა და 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- მუხლის პირველი ნაწილის " გ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს". - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ვინ არის ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული?
ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია 32 წლის დათო პატურაშვილი. იგი თიანეთის სოფელ ევჟენტში დაიბადა და გაიზარდა, მას თიანეთის ცენტრში ბინა ჰქონდა და იქ ცხოვრობდა. პატურაშვილს ჰყავს მეუღლე და შვილები. ჩვენი ინფორმაციით, ის იცნობდა მოკლულებს და დაჭრილ ნუგზარ აბრამიშვილთან მეგობრობდა. როგორც ჩანს, ბედობის ღამეს შუშანაშვილის სახლში გაშლილ სუფრასთან ისიც იჯდა. მაშინ მეზობლებიც ამბობდნენ, რომ სუფრა 4 ადამიანზე იყო გაშლილი. თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაურიც ადასტურებს, რომ მკვლელობის ბრალდებით სწორედ დათო პატურაშვილს ეძებდნენ. როგორც ჩანს, დაჭრილმა აბრამიშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან.
დანაშაული გახსნილია და მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება. დათო პატურაშვილს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში ედება ბრალი. ჯერჯერობით უცნობია აღიარებს თუ არა იგი დანაშაულს და მკვლელობის მოტივად რას ასახელებს.

თიანეთის მერის წარმომადგენელი ბესო ღუბიანური ადასტურებს, რომ დათო პატურაშვილი დაკავებულია.
- პატურაშვილი სოფელ ევჟენტიდან არის, სკოლა აქ დაამთავრა. ეს ბიჭი მეტწილად თიანეთში იყო, თიანეთის ცენტრში, მრავალსართულიან სახლში აქვს ბინა. ძირითადად იქ იყო, ყავს მეუღლე და შვილები. მამამისი თბილიში მუშაობს, დედა საბერძნეთშია, თავად დათო, როგორც ვიცი, არ მუშაობდა. მკვლელობის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. რა შელაპარაკება იყო, არ ვიცი. დაჭრილსაც და მოკლულებსაც იცნობდა, თიანეთი პატარა რაიონია, ყველა ერთმანეთს იცნობს. იარაღით არასოდეს შემინიშნავს, მას დადებითად დავახასიათებ, ზრდილობიანი, ხათრიანი ბიჭი იყო, სოფელში მისი ჩხუბი, ქურდობა ან ცუდი ქცევა არ გამიგია. ალბათ გამოძიებით გაირკვევა სიმართლე.

როგორც მეზობლები ამბობენ, დათოვლილი ეზო სისხლით იყო მორწყული. ირკვევა, რომ გარდაცვლილები სისხლისგან დაიცალნენ. იმასაც ფიქრობენ, აბრამიშვილს მომხდარზე საავადმყოფოში რამე რომ ეთქვა, შესაძლოა, ვინმეს დაჭრილებისთვის მიესწრო და რომელიმე სიკვდილისგან ეხსნა. რატომ დამალა დაჭრილმა მომხდარი და რატომ არ უთხრა ექიმებს, რომ ორი დაჭრილი ეზოში ეგდო?

ოლეგ შუშანაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ სროლისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან ახალი წლის დღეები იყო და ეს არავის გაჰკვირვებია, ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ჩხუბში ოლეგი არ მონაწილეობდა. გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ის სახლიდან ოთახის ჩუსტებით არის გასული:

- მკვლელმა ოლეგს ესროლა, ლადო კი დანით სასიკვდილოდ ყელის არეში დაჭრა. ჩემს ძმას ხელი ჯიბეში ედო და ისე ეგდო მიწაზე... ეტყობა, სახლიდან ხმაურზე გამოიხედა. ჩხუბის მონაწილე რომ ყოფილიყო, ჯიბეში ხელებჩაწყობილი არ იქნებოდა. ოლეგს თოფი ჰქონდა, მაგრამ ის სუფთაა. არ ვიცით, რა მოხდა. ველოდებით გამოძიებას.
სავარაუდოდ, საქმეში დევს შუშანაშვილის სახლიდან ამოღებული იარაღი და ალბათ გაირკვევა, ეს იარაღი ხომ არ გაისროლეს. მეზობლების თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული არ არის სისხლიანი დანა, რომლითაც ლადოს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.

(სპეციალურად საიტისთვის)