"კლუბური ნარკოტიკების ბიზნესს ე.წ. კრიშა ჰყავს. ამ ბიზნესში ყოფილი ხელისუფლების სახელისუფლებო ელიტაც იყო ჩართული" - კვირის პალიტრა

"კლუბური ნარკოტიკების ბიზნესს ე.წ. კრიშა ჰყავს. ამ ბიზნესში ყოფილი ხელისუფლების სახელისუფლებო ელიტაც იყო ჩართული"

"ნარკოტიკების გასაღება არის არა მხოლოდ კრიმინალური წრეების ფინანსური მოგების საშუალება, არამედ სპეცსამსახურების შემოსავალიც"

ამ დღეებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დაახლოებით 8 კილო და 500 გრამი "ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე - ბუპრენორფინის"შემცველი 10 აბი და ერთი შეკვრა"მეტამფეტამინი ამოიღეს. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო. საზღვრის უკანონო გადმოკვეთისა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მართალია, ძალოვანები სისტემატურად აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ნარკომომხმარებლებს, მაგრამ ქვეყანაში ეს პრობლემა მაინც მწვავედ დგას - ისევ თავისუფლად იყიდება სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. ექსპერტი, იურისტი დავით კუხალაშვილი თვლის, რომ პრობლემა მწვავეა და მეტი ბრძოლაა საჭირო.

- ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა ისევ აქტუალურია. ეს უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საიდუმლო ოპერაციების განხორციელებისას ისინი ხშირად ხარჯავენ ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებულ თანხებს. შემოსავალი რომ ჰქონდეთ, სპეცსამსახურები აყალიბებენ ნარკობიზნესის ხაზებს. ეს ურთულესი თემაა და სახიფათოა სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.

ნარკოტიკების წინააღმდეგ რაც შეიძლება აქტიური ბრძოლა უნდა გამოცხადდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკების გასაღება არის არა მხოლოდ კრიმინალური წრეების ფინანსური მოგების საშუალება, არამედ სპეცსამსახურების შემოსავალიც.

ქვეყანაში ისევ პრობლემაა ინტერნეტით კლუბური ნარკოტიკის გაყიდვა, ვერა და ვერ აღმოიფხვრა სააფთიაქო ნარკომანია. ამ პრობლემებს მოგვარება სჭირდება.

სამწუხაროდ, გვაქვს ორი ბუფერული ზონაც - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი და ეს ადგილები მნიშვნელოვანი დასაყრდენია ნარკობიზნესისთვის. საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გაცვალოს ინფორმაციები ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ინფორმაციები არ არსებობს. ამ ზონებიდან დიდი საფრთხე მომდინარეობს.

ჩვენთან გამარტივებული სავიზო რეჟიმია და ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა ნარკობიზნესის განვითარებისთვის.

- სახელმწიფო იბრძვის ნარკომანიის წინააღმდეგ, თუმცა წამალი მაინც იყიდება. რატომ?

- 2010 წელს ნარკომანიასთან ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო პიარკამპანია. ძირითადად, ნადირობდნენ ნარკომომხმარებლებზე, შემომტანებსა და რეალიზაციის პროცესზე ზემოქმედება კი არ ხდებოდა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ზოგი სამართალდამცავი თვითონ იყო წამლის რეალიზაციის ორგანიზატორი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც წელს გამოვლენილი ფაქტები. წელს დააკავეს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ჩინოსანი, რომელსაც პირადად ევალებოდა ნარკომანიასთან ბრძოლა.

ქვეყანაში აქტუალურია კლუბური ნარკოტიკი და ამ პრობლემამ ბევრი ადამიანი შეიწირა. ამ ხელისუფლების პირობებში კლუბურ ნარკოტიკთან ბრძოლა დაიწყო, მაგრამ მთავარი ფიგურების გამოვლენა და დაკავება კვლავაც ვერ ხერხდება. ცხადია, ამ ბიზნესს ე.წ. კრიშა ჰყავს. ყოფილი ხელისუფლების სახელისუფლებო ელიტაც იყო ამ ბიზნესში ჩართული და ვფიქრობ, დღევანდელ ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამ პროცესში ჩართულია ის, ვინც ნარკობიზნესს უნდა ებრძოდეს. გაგრძელება