"მძღოლს 24 საათის განმავლობაში 32 გამოძახებაზე მოუხდა მისვლა" - კვირის პალიტრა

"მძღოლს 24 საათის განმავლობაში 32 გამოძახებაზე მოუხდა მისვლა"

"ამ რეჟიმით მუშაობენ სხვა მძღოლებიც და არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ განმეორდეს"

9 იანვარს ჭავჭავაძის პროსპექტის #64-თან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა, ბორდიურზე ავარდა და სამშენებლო ობიექტის მუშებს დაეჯახა. ავტო-ავარია დილის 8 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა. სამშენებლო ობიექტთან 13 კაცი დაშავდა, ისინი კლინიკებში გადაიყვანეს, მათგან მძიმე იყო ორი ახალგაზრდის მდგომარეობა. სამწუხაროდ, ერთი ბაბიგ ჰასანოვი, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მძღოლი, 38 წლის შარდენ ონიანი, ტვინის შერყევით კლინიკაშია მოთავსებული. ის დაკითხვამდე ალკოტესტზე შეამოწმეს და დადგინდა, რომ არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. პოლიციამ შარდენ ონიანი დააკავა და საავადმყოფოში მეთვალყურედ პოლიციელები მიუჩინეს, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მისი დაპატიმრება გადაიფიქრა. სასამართლომ ონიანს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიების მტკიცებით, მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, რასაც ავტოავარია მოჰყვა.

ვახტანგ თალაკვაძე, ადვოკატი: "ონიანი ბრალს აღიარებს, მაგრამ ჩაძინებას არ ეთანხმება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის გაითიშა. მორიგე იყო, 24 საათის განმავლობაში 32 გამოძახებაზე მოუხდა მისვლა. დასკვნას ექსპერტებიც წარმოადგენენ, მაგრამ, ვფიქრობ, გადაღლილობის ბრალია ყველაფერი, პროკურატურის ვარაუდს, რომ მძღოლს ჩაეძინა, არ ვეთანხმებით.

შარდენ ონიანი მრავალი წელია "სასწრაფოში" მძღოლად მუშაობს, მას ხშირად მადლობებს უხდიდნენ. ადამიანია, ეტყობა, ვერ გაუძლო ამხელა დატვირთვას. ქალაქში ეპიდემიაა, იმდენი გამოძახებაა, მედიკოსებს დასვენების და ჭამის დრო არა აქვთ. ამ ყველაფერმა განაპირობა ეს შედეგი".

მოსამართლე რომან ხორავა დაინტერესდა, ჰყავს თუ არა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს სათადარიგო მძღოლები, რაზეც ადვოკატმა უპასუხა: "არ ჰყავთ. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომლითაც რეგულირდება, სამედიცინო ბრიგადა რამდენ გამოძახებაზე უნდა გავიდეს, უნდა ჰქონდეს თუ არა შესვენება. ამიტომ ვამბობ, არ არის გამორიცხული, რომ ეს ტრაგედია ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური გადაღლის ბრალია, რასაც მოსდევს გონების დაკარგვა. ამ რეჟიმით მუშაობენ სხვა მძღოლებიც და არ არის გამორიცხული, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ განმეორდეს. ადამიანის რესურსი ამოუწურავი არ არის.

გამოძახებებზე გასვლამდე არავინ ამოწმებს მძღოლებს, არადა, რამდენიმე გამოძახების შემდეგ ეს აუცილებელია. ზოგიერთმა შეიძლება ამ რეჟიმში 48 საათიც გაძლოს, მაგრამ მეორემ ვერ გაუძლოს ამხელა დატვირთვას.

წარმოიდგინეთ, ადამიანს ჩართული აქვს "სასწრაფოს" სიგნალი, ავადმყოფი მიჰყავს საავადმყოფოში და როგორ შეიძლებოდა დაეძინა? ის ფსიქოლოგიურად გაითიშა".

ონიანს გამოძიება 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

"მომხდარი უბედური შემთხვევა იყო"

საზოგადოებას აინტერესებს, კონტროლდება თუ არა სასწრაფო-სამედიცინო ექიმების და მძღოლების საქმიანობა და რამდენად არის დაცული მათი უფლებები? რამდენად დაცულია ავადმყოფი, როცა ის "სასწრაფოს" კლინიკაში გადაჰყავს? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ დავუკავშირდით თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურს, თუმცა გვითხრეს, რომ მათ უკვე გააკეთეს განცხადება.

"ჭავჭავაძის პროსპექტზე დატრიალებული ტრაგედია, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების საბაბი გახდა, რომ თითქოს დედაქალაქში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების ნაკლებობაა. თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დედაქალაქს ემსახურება საკმარისი რაოდენობის ბრიგადები, რომლებიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებითა და მძღოლებით. მაშინ, როდესაც მოსახლეობის სიმჭიდროვის თვალსაზრისით თბილისის მსგავს ევროპულ ქალაქებში 20-25 ათას მოსახლეზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა მოდის, დედაქალაქში ერთი სამედიცინო ეკიპაჟი დაახლოებით 12 ათასი მოქალაქის მომსახურებაზეა გათვლილი... თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების შრომის პირობები და მუშაობის გრაფიკი რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, შრომის კოდექსის მე-14 მუხლისა და ,,სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ" კანონით. მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის N#329 დადგენილებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს აქვს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმი, ის უნდა მუშაობდეს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში. ცენტრი სრულად იცავს კანონის მოთხოვნებს. პერსონალის სამუშაო განრიგი განსაზღვრულია ცვლიანობის პრინციპით. ზუსტად ამ განრიგით მუშაობდა მძღოლიც, რომელსაც ტრაგედია შეემთხვა. ეს ადამიანი ყოველთვის ზედმიწევნით პატიოსნად და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და არც ერთი ადმინისტრაციული სასჯელი ან საყვედური არ მიუღია. მომხდარი კი, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, იყო უბედური შემთხვევა, რის გამოც კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას".