მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ვრცელდება - კვირის პალიტრა

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლის ფაქტზე ახალი დეტალები ვრცელდება

მელიქიშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. არსებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა, თუმცა თავდაპირველად ერთი დაჭრილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომლები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"