"მარიამი ფეხმძიმედ იყო, ბავშვი სამ თვეში უნდა მოვლენოდა ქვეყანას" - საზარელი ავარია, რომელსაც ცოლ-ქმარი შეეწირა - კვირის პალიტრა

"მარიამი ფეხმძიმედ იყო, ბავშვი სამ თვეში უნდა მოვლენოდა ქვეყანას" - საზარელი ავარია, რომელსაც ცოლ-ქმარი შეეწირა

მორიგ ავტოკატასტროფას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერასთან ცოლ-ქმარი, 1982 წელს დაბადებული არჩილ კეჩხუაშვილი და მისი მეუღლე 1991 წელს დაბადებული მარიამ პონამარენკო და მათი ჯერარდაბადებული ბავშვი შეეწირნენ. მომხდარზე საქმე 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხობის წესების დარღვევას გულისხმობს. დაღუპულებს ორი ობოლი დარჩათ, რომელთაგან უფროსი მხოლოდ 4 წლის არის. სოფელ ძევერას მკვიდრი ტრაგედიის შესახებ გვესაუბრება.

- აჩიკო და მარიამი სოფლიდან ცენტრალურ ტრასაზე გასასვლელთან ახლოს დაიღუპნენ. არ ვიცი, რა ბედისწერამ მოანდომათ ღამის 10 საათზე სოფლიდან გამოსვლა, მაგრამ დიდი საშინელება კი მოხდა. პატიოსანი, მშრომელი ოჯახი ჰქონდათ. ცხოვრებას არ უშინდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე ულხინდათ. თავად აჩიკოც ობლად გაიზარდა - მამაც ავარიით დაეღუპა,  ახლა კი მამის ბედი გაიზიარა... აჩიკოს დედას ჯერ აჩიკო და მისი და დარჩა ობლად და გაჭირვებით გაზარდა, ახლა კი კიდევ ორი ობოლი - აჩიკოს შვილები ჰყავს გასაზრდელი... მარიამი ფეხმძიმედ იყო, მათი მე-3 შვილი სამ თვეში უნდა მოვლენოდა ქვეყანას.

- ავტოკატასტროფის მიზეზი რა იყო?

- ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით, რადან ძველით ახალი წელი იყო, შეიძლება აჩიკომ ცოტა დალია, მერე კი რაღაც საქმეზე წასვლა გადაწყვიტა, - მას ძველი "სამარშრუტო" ჰყავდა, რომლითაც შრომობდა. ცოლი კი ალბათ იმიტომ ჩაუჯდა მანქანაში რომ იფიქრა, ჩემთან ერთად, ფრთხილად ივლისო.

მანქანა, როგორც ჩანს, ისეთი სიჩქარით მიდიოდა, ჯერ ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა და შუაზე გაგლიჯა, მერე კი უზარმაზარ ხეს და ისიც გადატეხა. გზაზე დიდი მოძრაობაა, მალევე ნახეს გადატრიალებული მანქანა, მაგრამ აჩიკოს და მარიამს ვერაფერი უშველეს, ორივე გარდაცვლილები იყვნენ...

- ბავშვებს რა ბედი ელით, ვინ გაზრდის?

- აჩიკოს დედა. როგორც თავისი ორი ობოლი გაზარდა, შვილიშვილებსაც ისე გაზრდის, ცოტას მარიამის მშობლებიც მიეხმარებიან ალბათ, თუმცა ეკონომიურად ძალიან უჭირთ მათაც.

(სპეციალურად საიტისთვის)