როგორია ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაჭრილი გიორგი ადუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სისხლძარღვთა ქირურგმა, მინდია ბოცვაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ადუაშვილი კლინიკაში გუშინ, სასრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა 6 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით შეიყვანა, მას წუხელვე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტადა.

"პაციენტს ხვალ გავწერთ, გუშინ სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, სისხლძარღვი იყო დაზიანებული, იღლიის ქვეშა ვენა და კუნთები. სისხლძარღვის მთლიანობა აღდგა, კუნთები გაიკერა და ახლა პალატაშია.

პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია, კიდურში სისხლის მიმოქცევა სრულად კომპენსირებულია. პაციენტს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, მარჯვენა მხრის სარტყლის არეში იყო ორი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ერთი წინა ზედაპირზე, მეორე უკანა ზედაპირზე. მარჯვენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მთლიანობაში სულ 6 ჭრილობა ჰქონდა.

აღნიშნული ჭრილობები ბასრი საგნით არის მიყენებული და არ არის ცეცხლნასროლი ჭრილობა", - განაცხადა ბოცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი, გიორგი ადუაშვილი და მისი მეგობარი, კონსტანტინე ჯორბენაძე დააკავა.

ადუაშვილს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო ჯორბენაძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მათთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წაუყენებიათ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"