"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს არის ტყუილი" - რას ამბობს გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობაზე - კვირის პალიტრა

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს არის ტყუილი" - რას ამბობს გია კორკოტაშვილი ვერაზე მომხდარ სროლაში მისი შვილის მონაწილეობაზე

ვერაზე, მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ სროლის ფაქტში ვაჟა კორკოტაშვილის მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მისი მამა, გია კორკოტაშვილი არ ადასტურებს.

როგორც "ქართული მარშის" ყოფილმა ლიდერმა, გია კორკოტაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაპირისპირებაში მისი შვილის მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს არის ტყუილი. ჩემს შვილს ამასთან არანარი შეხება არ ჰქონია. თუ ჰქონდა რამე შეხება, არსებობენ სამართალდამცველები და ისინი იკვლევენ ყველაფერს. კანონის მორჩილია მთელი ჩვენი ოჯახი, დანარჩენი არის ტყუილი", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.

მისი თქმით, ასევე არ აქვს ინფორმაცია, იცნობს თუ არა მისი შვილი, ვაჟა კორკოტაშვილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ადუაშვილს. გია კორკორკოტაშვილის თქმით, თავად ზუკა კუჭავას იცნობს. "მე ვიცნობ ზუკა კუჭავას, რომელიც ვაჟიკოს მეგობარია და ჩემს ხელში გაიზარდა", - განაცხადა კორკოტაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"