ხელმძღვანელი კომპანიისა, რომელმაც ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს - კვირის პალიტრა

ხელმძღვანელი კომპანიისა, რომელმაც ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც აფეთქება მოხდა, დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორი დღეს მეორედ გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა და გაუგებარია, რას უკავშირება ასეთი ინტენსივობით გამოკითხვაზე დაბარება.

სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფმა“ ის საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა. ამ კომპანიის დირექტორი გიორგი ჭანტურია დღეს დიდ დიღომში პოლიციის მეოთხე განყოფილებაში რამდენიმესაათი იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ კი აღნიშნა რომ სამწუხაროდ, პოლიცია არ მუშაობს იმ მიმართულებით, რომ რეალურად მომხდარზე ბრალდებული პირი გამოიკვეთოს.

„გიორგი ჭანტურიას მიმართ ისეთი კითხვები დაისვა, რომ პოლიციის მიზანია, სამწუხაროდ, დანაშაული გადატყდეს სამშენებლო კომპანიაზე. ძალიან ცუდია, როდესაც ბრალეულობა რა მიმართულებითაც შეიძლება გამოიკვეთოს, ამ მიმართულებით არ მიდის გამოძიება. “ყაზტრანსგაზს” ჰქონდა აღებული პასუხისმგებლობა და ჩვენ მოსახლეობის სახელით მოვამზადებთ სარჩელს და მოვთხოვთ კომპანიას ზარალის ანაზღაურებას. გიორგი ჭანტურიას არანაირი ბრალი არ მიუძღვის, თუმცა, გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ალექსანდე კობაიძემ დღეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ.