16.01.2019. 20:30 - კვირის პალიტრა

16.01.2019. 20:30

16 იანვარს, საღამოს 9-ის ნახევარზე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა #8-ში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე ერთ-ერთ ბინაში დაგროვილი გაზი აფეთქდა და ოთხი კაცი იმსხვერპლა. დაზარალებულები, მათ შორის რამდენიმე მოზარდი, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, ისინი სასწაულით გადაურჩნენ სიკვდილს. ენით აუწერელია მინდია ფირალიშვილის ოჯახის ტრაგედია: დაიღუპნენ მინდიას მეუღლე, ნათია ციცვიძე, და ნათიას და, ნინო, რომელიც დასთან სტუმრად გახლდათ. შინ ფირალიშვილების სამი მცირეწლოვანი ბავშვიც იყო - უფროსი, 4 წლის ანასტასია და ტყუპი გოგო-ბიჭი. სამწუხაროდ, მათგან ერთი, ტყუპისცალი ნიკოლოზი, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჯერ კიდევ იაშვილის კლინიკაში მკურნალობს 4 წლის ანასტასია. სწორედ ის არის გამოსახული ცნობილ ფოტოზე, სადაც მამაკაცი პატარას გულისცემას უსმენს. გოგონას ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რას ჰყვება სულისშემძვრელი ფოტოკადრების ავტორი, რომელიც აფეთქებიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილას მივიდა

ჰოლდინგ "პალიტრამედიის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ჟამერაშვილი მეზობელ კორპუსში იყო სტუმრად. ის ერთ-ერთი პირველი მივიდა შემთხვევის ადგილას, სულისშემძვრელი ფოტოები გადაიღო და პირველი ექსკლუზიური ფოტოები სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მიაწოდა. მალევე ჩვენი ფოტოკორესპონდენტის გადაღებული ფოტოები სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა, თუმცა "ინტეპრესნიუსის" ლოგო მოხსნეს... (?!)

გიორგი ჟამერაშვილი: "გვერდით კორპუსში, 200-300 მეტრში გახლდით მეგობართან სტუმრად. უცებ გავიგეთ აფეთქების ხმა, მთელი კორპუსი შეაზანზარა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა... არც დავფიქრებულვარ, მაშინვე ავიღე ფოტოაპარატი და გავვარდი. კორპუსთან ბევრი ხალხი დამხვდა... სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, გადავწყვიტე შენობაში შესვლა... ვიფიქრე, იქნებ დახმარება დასჭირვებოდა ვინმეს და ორ საქმეს ერთად გავაკეთებდი... რომ შევედი, საშინელი სურათი დამხვდა - გარშემო ყველაფერი ჩამონგრეული, აფეთქებისგან ლიფტის ყველა კარი ამოვარდნილი, მეოთხე და ზედა სართულებზე კი ბინების კარი დაზიანებული იყო... საშინელი სიტუაცია გახლდათ, ძალიან დამთრგუნველი.

რა თქმა უნდა, იყო საფრთხე, თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმწუთას შიშზე არც მიფიქრია და მაინც გადავწყვიტე იმ სართულზე ასვლა. ეს არის ჩემი პროფესია!

...კიბეზე შემხვდა მამაკაცი ბავშვით ხელში, პულსს უსინჯავდა პატარას, ცოცხალი იყო თუ არა. ბავშვს გონება ჰქონდა დაკარგული, მაგრამ სავარაუდოდ, ცოცხალი იყო. მაშინ მოვასწარი რამდენიმე კადრის გადაღება... მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოხდა, ჩაბნელებული იყო, მხოლოდ ქალის ხმა ისმოდა, - რა ხდება, სად ვარო?"მეშვიდეზეც ისმოდა მამაკაცის ყვირილის ხმა. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს ეძახდა. იქ ასვლა ვეღარ მოვახერხე, სამაშველო სამსახურმა და პოლიციის თანამშრომლებმა მთხოვეს, დამეტოვებინა ტერიტორია..."

მოგვიანებით გაირკვა, რომ მამაკაცი, რომელიც პატარას გულისცემას უსმენს, ექიმი ოლეგ კვიციანია. ის გვერდით კორპუსში ცხოვრობს და აფეთქების შემდეგ დასახმარებლად მივიდა. მან შოკირებულ მამას ბავშვი ხელიდან გამოსტაცა და ცდილობდა გაერკვია, სუნთქავდა თუ არა. მინდია ფირალიშვილი კი ისევ ბინაში შებრუნდა ტყუპი და-ძმის გამოსაყვანაDდ.

მამას ვერ ეუბნებოდნენ, რომ შვილიც აღარ ჰყავდა...

კორპუსთან მისულს უმძიმესი სურათი დამხვდა. სამართალდამცავებს გზა გადაკეტილი ჰქონდათ და ახლოს არავის უშვებდნენ. მობინადრეები ახლობლებს ეძებდნენ. შენობაში უკვე მუშაობდნენ მაშველები. ამ დროს შევნიშნე ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სულისშემძვრელი ფოტო რამდენიმე წუთის გამოქვეყნებული იყო "ინტერპრესნიუსის" გვერდზე. ვაჩვენე ფოტო და ვკითხე, ეს ხომ თქვენ ხართ, ბავშვი რომ უჭირავს, ის მამაკაცი ვინ არის-მეთქი? ის მამაკაცი არ ვიცი, ვინ არის, პატარა კი ჩემი შვილიაო, მითხრა შეშფოთებულმა. მამას თმა და კისერი დამწვარი ჰქონდა და ცახცახებდა. სახლში ახალი მოსული ვიყავი, აფეთქების ხმა რომ გაისმა, ამ ძალამ გარეთ გამომაგდო, მერე შინ შევბრუნდი და ბავშვები გამოვიყვანე, არ ვიცი, ჩემი შვილები როგორ არიან, ნიკოლოზი ხელში რომ მეჭირა, ხროტინებდაო...

ამ დროს ტელევიზიები გამოჩნდნენ და მინდია ჟურნალისტებს დაემალა, ცოტა მოშორებით იდგა და ბავშვების მდგომარეობას წარამარა კითხულობდა, ახლობლები ამშვიდებდნენ, რომ მათ სასიკვდილო არაფერი სჭირდათ... როგორც ახლობლებმა მითხრეს, მინდიამ ნახა გარდაცვლილი მეუღლე, თუმცა არაფერი იცოდნენ ნათიას დაზე, ამიტომ მას დაშავებულებს შორის კლინიკებში ეძებდნენ. მალევე გაირკვა, რომ ნინო ციცვიძეც მაშინვე დაღუპულა და ის მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს... რამდენიმე საათში ტყუპისცალის, პატარა ნიკოლოზის გარდაცვალებაც დადასტურდა. კარგა ხანს მამას ვერ ეუბნებოდნენ, რომ შვილიც აღარ ჰყავდა. მერე ეს მისია მოძღვარმა იტვირთა...

დადასტურებულია, რომ "ყაზტრანსგაზში" იმ დღეს რამდენიმე მობინადრეს დაურეკავს, რადგან დილიდან გაზის აუტანელი სუნი ტრიალებდა.

- "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელს მე დავხვდი. მერვე სართულზე ვცხოვრობ და საშინელი სუნი იდგა. გავანიავეთ ოთახები, მაგრამ დავხურეთ თუ არა ფანჯრები, ისევ სუნი დადგა. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელმა სისულელე გვითხრა, ალბათ, ვიღაცამ გაზით სავსე ბალონი აიტანა სახლშიო. ვუთხარი, კარგი, აიტანა გაზის ბალონი, მაგრამ ამდენი ხანი სუნი გაგიგია-მეთქი? დაგვაიმედა, არა, ბრატცი, გეჩვენებათ, არაფერი ხდება, მე ვარ ატვეჩაიო, და წავიდნენ. მათი წასვლიდან ორ საათში მოხდა აფეთქება, - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.

"ყაზტრანსგაზის" ორ თანამშრომელს ბრალი უკვე წაუყენეს და დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ ობიექტი არაჯეროვნად შეამოწმეს. თავად დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ და ამბობენ, რომ ყველაფერი წესისამებრ შემოწმდა. "ყაზტრანსგაზი" წერილობით განცხადებაში ცდილობს მოიხსნას პასუხისმგებლობა, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დაფიქსირდა და სპეციალისტების დასკვნა მობინადრეებმა ხელმოწერითაც დაადასტურეს. კომპანიის ამ განცხადების გამო სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს კორპუსის მოსახლეობა. როგორც ამბობენ, ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერიათ.

მეექვსე სართულზე ფირალიშვილებისა და მათი მეზობელი თხელიძეების ბინის კედლები დანგრეულია. სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ, ამ ორი ბინიდან რომელ ბინაში მოხდა აფეთქება. სავარაუდოდ, სწორედ ფირალიშვილების გვერდით მდებარე დაკეტილ ბინაში დაგროვდა აირი და ამან გამოიწვია ტრაგედია.

საბედისწერო ბინა

აფეთქებას ემსხვერპლა 30 წლის ლევან დავლაძეც. ის სწორედ ფირალიშვილების მეზობლად, მეგობრის დაკეტილ ბინაში შევიდა. შესაძლოა შუქი აანთო და ამას მოჰყვა აფეთქება. ერთ-ერთმა მობინადრემ ლევანი ამოიცნო. ამბობს, რომ სწორედ მასთან ერთად იმგზავრა იმ წუთებში ლიფტით. ლევან დავლაძე მეექვსე სართულზე გასულა, თვითონ მეცხრე სართულზე ავიდა და როგორც კი ლიფტიდან გამოვიდა, აფეთქების ხმაც გაისმა.

ნატო ხელაძე, ერთ-ერთი მობინადრე: "მესამე სართულზე ვცხოვრობ, ლეპტოპთან ვიჯექი და უცებ ყველა კარი და სამივე ოთახის ფანჯარა გაიღო. შვილს ვეცი, ტანზე შემოვიცვით და გარეთ გამოვვარდით. კიდევ კარგი, რკინის კარიც თავისით გაიღო, რომ ჩაკეტილიყო, შიშით დავიხოცებოდით. ლიფტი ჩანგრეული დაგვხვდა და ხოხვა-ხოხვით ჩამოვედით პირველ სართულზე. ჩვენი მეზობლები დაიღუპნენ, არ დავუშვებთ, რომ ჩვენ ვიყოთ შემდეგი".

"იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ..."

არჩილ ჯაფარიძე, გლდანი-ნაძალადევის სამაშველო სამსახურის ოცმეთაური: "ადგილზე მისულებს, კორპუსის მეექვსე სართული მთლიანად გამონგრეული დაგვხვდა, არც ერთი კედელი არ ჰქონდა სახლს. შენობაში შესვლისას დავინახე, მიწაზე ახალგაზრდა მამაკაცი ეგდო, აფეთქების წნევას გადმოეგდო. როდესაც მეექვსე სართულზე ავედით, ბინის შესასვლელთან ქალს ნანგრევები ეყარა. იმედს არ ვკარგავდით, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ აღარ ესინჯებოდა პულსი. ბინის საძინებელს კედლები აღარ ჰქონდა, საწოლებთან ახალგაზრდა ქალი ეგდო. სახე სისხლში ჰქონდა მოთხვრილი. იქვე მიმოფანტული იყო ბავშვის სათამაშოები და ტანსაცმელი. შეგვეშინდა, ბავშვებიც ხომ არ იყვნენ ნანგრევებში, მაგრამ გავიგეთ, რომ ჩვენს მისვლამდე გაეყვანათ.

მესამედან მეექვსე სართულამდე არც ერთ სახლს კარი აღარ ჰქონდა. მეექვსე სართულის ზემოთ კარი გაჭედილა და ხალხი ვერ გამოდიოდა. მეშვიდე თუ მერვე სართულზე 4 წლის გოგონა ვიპოვეთ, ისტერიკულად ტიროდა. გოგონა რომ დაწყნარდა, სახელი და გვარი ვკითხეთ. თურმე მეცხრე სართულზე სტუმრად ყოფილან. მეცხრე სართულზე მივაგენით გოგონას დედას. არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ბავშვი გარეთ და დედა შიგნით.

- გარდაცვლილი მამაკაციც იმ სართულზე ცხოვრობდა?

- ბიჭი ეძებდა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდას. სწორედ ის გადმოაგდო წნევამ პირველ სართულზე. ის ბიჭი მეგობართან ყოფილა სტუმრად.

მოპირდაპირე მხარეს, 20-25 მეტრის მოშორებით დგას მეორე კორპუსი. აფეთქების ძალამ სულ ჩაამსხვრია მინები და დაანგრია აივნები. ვერ ვიტყვი დაზუსტებით, სახელდობრ რომელ ბინაში მოხდა აფეთქება. ორივეს ცენტრალური გათბობა ჰქონდა. მიზეზი გამოძიებისა და ექსპერტების დასადგენია.

ტრაგედიის ოთხი მსხვერპლი

ნათია ციცვიძეს ისტორია-გეოგრაფიის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული და სხვადასხვა სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ბოლო 6 წელია ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასწავლიდა ისტორიას. ჰყავდა მეუღლე, მინდია ფირალიშვილი, და სამ შვილს ზრდიდა. უფროსი გოგონას შემდეგ ტყუპი გოგო-ბიჭის დაბადებით ხარობდა ოჯახი. ნათია საცხოვრებლად ოჯახთან ერთად ახალ სახლში შემოდგომაზე გადავიდა. მანამდე ოჯახი ვერაზე ცხოვრობდა, სწორედ იმ ბინაში გადაასვენეს დედა-შვილის ცხედარი.

ნინო ციცვიძე დაოჯახებულია, მას შვილი არ ჰყავდა. გერმანულის სპეციალისტი იყო და მუშაობდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტსა და გოეთეს უნივერსიტეტში ლექტორად. ამჟამად კავკასიის ფრანგულ სკოლაში გერმანულ ენას ასწავლიდა.

ლევან დავლაძე დაოჯახებული იყო, წარმოშობით ზესტაფონის რაიონის სოფელ დილიკაურიდან. მამის გარდაცვალების შემდგომ ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ლევან დავლაძე მძღოლად მუშაობდა.

ლევან დავლაძე

"გაზი, სავარაუდოდ, საათობით ჟონავდა"

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი: "სამწუხაროდ, იგივე ტრაგედია განმეორდა, რაც ფონიჭალაში. იქ აფეთქება როგორ მოხდა, რატომ დაგროვდა და სახიფათო კონცენტრაციას მიაღწია აირმა, დასკვნა ჯერჯერობით ვერ მოვიპოვე. სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლიდან ჟონავდა გაზი. ასევე უცნობია, დიდ დიღომში რამ გამოიწვია აფეთქება. დიდი ალბათობით, დაკეტილ ბინაში დაგროვდა აირი. ფირალიშვილების სახლში გაზის კერას გამოვრიცხავ, ოჯახში ამდენი ადამიანი იყო და გაზის სუნს აუცილებლად იგრძნობდნენ. როგორც ვიცი, დაკეტილი ბინა 25 კვადრატამდე სტუდიოს ტიპისაა, სამზარეულოთი და მისაღებით. ალბათ, საათობით ჟონავდა გაზი და იმხელა კონცენტრაცია დაგროვდა, რომ აფეთქდა. ფირალიშვილების ოჯახის წევრები ნგრევას ემსხვერპლნენ, მათ საერთო კედელი ჰქონდათ, რომელიც წნევამ გაანგრია. გაზის სუნზე განგაში ატეხეს სწორედ იმ დაკეტილი სახლის გაყოლებაზე ზედა სართულებზე მცხოვრებმა ადამიანებმა. გაზის სიმკვრივე ჰაერზე ნაკლებია, ის მიდის მაქსიმალურად ზემოთ და ამიტომაც გრძნობდნენ სუნს ზედა სართულებზე უფრო ინტენსიურად. ესეც აჩენს ეჭვს, რომ კერა იმ დაკეტილ ბინაში იყო.

"ყაზტრანსგაზის" თანამშრომლები ამბობენ, სადარბაზოში სუნის გამო გამოგვიძახეს, შევამოწმეთ სადარბაზო და ვერაფერი დავაფიქსირეთო, მაგრამ სადარბაზო ღიაა და იქ იმდენი გაზის დაგროვება თითქმის შეუძლებელია. დავუშვათ სადარბაზოში ვერ დააფიქსირეს კონცენტრაცია, მაშინ უნდა შემოწმებულიყო იმ ბინის გაზის ხელსაწყოები, რომლის მობინადრეები ამბობდნენ, ბინაში სუნი დგასო. თუ იქ ვერ იპოვიდნენ, მაშინ სხვა ბინებიც უნდა დაეთვალიერებინათ. თუ ვერ ადგენ კერას, საიდანაც გაზი გამოიფრქვევა, ან ვერ შედიხარ სახლში, რადგან დაკეტილია, მაშინ ვალდებული ხარ ცენტრალური გაზის მილი დაკეტო, სანამ არ დაადგენ, საიდან ჟონავს აირი. იყო კერა და ვერ დააფიქსირეს. ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ საქმეს ზერელედ მიუდგნენ, გასარკვევია. უამრავი აპარატურა არსებობს, დაკეტილ ბინაშიც კი შეიძლება ლაზერული აპარატებით 20-30 მეტრიდან შემოწმება, არის თუ არა იქ გაზის კონცენტრაცია.

გაზი ერთ შეცდომასაც არ გაპატიებს. აქ კი შეცდომების კასკადია დაშვებული. შესაძლოა გაზის ხელსაწყოს, რომელიც ბინაში იდგა, ჰქონდა პრობლემა. საინტერესოა, ხომ არ იყო ქარი, გაზის გამათბობელი ხომ არ გამოიყვანა მწყობრიდან და ამიტომ ხომ არ დაგროვდა გაზი. შესაძლოა მისაერთებელი მილი აპარებდა. ვფიქრობ, იმ ბინაში მთელი დღე იფრქვეოდა გაზი. 20-25 კვადრატულ მეტრ ოთახში, სადაც ჭერის სიმაღლე 3 მეტრამდეა, დაახლოებით 3-დან 6 კუბამდე მაინც უნდა დაგროვდეს გაზის კონცენტრაცია, რომ აფეთქდეს. ყველაზე კრიტიკული სიტუაციაა, როცა კონცენტრაცია 9%-ს მიაღწევს. ამ დროს აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს არა მარტო შუქის ანთებამ, არამედ ტელეფონის ზარმაც, კარის გაღებამ, ადამიანის გადაადგილებამ, უბრალო ხმაურმაც კი.

ყველას ვურჩევ: გაზქურაზე თუნდაც წყლის ადუღების შემდგომ რამდენიმე წუთით გამოაღეთ ფანჯარა და ოთახი გაანიავეთ. არც იმის გარკვევაა რთული, გროვდება თუ არა ბინაში გაზი: ღრუბელს წაუსვით საპონი, ააქაფეთ და წაუსვით იმ ადგილებს, საიდანაც ბუნებრივ აირს რთავთ. თუ ბუშტუკები გაჩნდა, სასწრაფოდ უნდა გადაკეტოთ ცენტრალური მილი, უნდა გააღოთ ყველა ფანჯარა, კარი, გაანიავოთ ოთახები და მაშინვე დარეკოთ ცხელ ხაზზე.