"თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!" - როგორ მიმართა მოსამართლემ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელს? - კვირის პალიტრა

"თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!" - როგორ მიმართა მოსამართლემ "ყაზტრანსგაზის" თანამშრომელს?

თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!, - ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ბრალდებულ ვაზელ მამადიანს სიტყვის დასრულების შემდეგ. კერძოდ, რეპლიკის დროს ბრალდებულმა ვაზელ მამადიანმა აღნიშნა, რომ მან დეტალურად შეამოწმა ტერიტორია და იქ გაჟონვის კვალი ვერ აღმოაჩინა.

"ლიფტის შახტაც ვნახე და ყველა სართული ვნახე. არ იყო სუნი. აპარატიც ჩავრთე ამ სადარბაზოში. მრიცხველსაც დავაკვირდი და როდესაც გაჟონვაა, სწრაფად ბრუნავს ხოლმე. იქ ასე არ იყო. შემდეგ გარეთ შევამოწმე, გარედან ხომ არ შედიოდა გაზი. ჩემ დროს იქ სუნი არ ოყო“, - განაცხადა ვაზელ მამადიანმა.

ამის შემდეგ მოსამართლე ჩაეკითხა ბრალდებულს, რასთან ჰქონდა საქმე, რაზეც მამადიანმა უპასუხა, რომ სავარაუდოდ იქ გაზი 4-5 დღის განმავლობაში გროვდებოდა. "თქვენ საწინააღმდეგოს რომ ამბობთ, თუ ხვდებით?!", - მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.

ამის შემდეგ მხარეებმა რეპლიკები გაცვალეს და მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. პროკურორი „ყაზტრანსგაზ_თბილისის“ ბრალდებული თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. პროკურორ დავით კიკაჩეიშვილის თქმით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის მიმართ აღკვეთის ღონიძიება გამოყენებული უნდა იყოს, რათა ბრალდებულებმა თავი არ აარიდონ გამოძიებას და არ მოახდინონ მტკიცებულებების შეცვლა.

დაცვის მხარე მოითხოვს ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ, ხოლო ალტერნატივის სახით გირაო - ვაზელ მამადიანის შემთხვევაში 50 ათასი ლარი, ხოლო თორნიკე ტატიშვილის შემთხვევაში 10 ათასი ლარი იყოს გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.

"ინტერპრენიუსი"