რატომ გაიზარდა საქართველოში დანაშაულთა რიცხვი 58%-ით - კვირის პალიტრა

რატომ გაიზარდა საქართველოში დანაშაულთა რიცხვი 58%-ით

ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დამძიმდა. სამწუხაროდ, დღე არ გადის უმძიმესი დანაშაულების გარეშე. ახალი წლის დღეებშიც რამდენიმე მკვლელობა მოხდა, იყო მკვლელობის არაერთი ცდა, თავს დაესხნენ ბანკს, იმატა წვრილმანი დანაშაულების რიცხვმაც. ადრე ავტომანქანების ქუჩაში გაჩერების არავის ეშინოდა, ამ დღეებში კი არაერთ ადამიანს დახვდა სახლთან გაძარცული ავტომობილი.

მართალია, 2018 წლის სრული სტატისტიკა შს სამინისტროს ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ 11 თვის მონაცემები ცნობილია. ამ მონაცემების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის რიცხვი 58%-ით გაიზარდა. 11 თვეში რეგისტრირებულია 53 637 დანაშაული, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 34%-ია. 123%-ით არის გაზრდილი ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის - რაოდენობა. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის რიცხვი 81%-ით არის გაზრდილი, 92%-ით მოიმატა ბინის ქურდობის რიცხვმა, 123%-ით - ოჯახურმა ძალადობამ, 74%-ით გაზრდილია გაუპატიურების ფაქტები. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის შემთხვევების რაოდენობაც გაზრდილია.

ამის მიუხედავად, შს სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ეს ციფრები საგანგაშო არ არის. ზოგის აზრით, წინა წლებთან შედარებით ასეთი განსხვავება იმიტომ ჩანს, რომ სამინისტრომ დანაშაულის სრულად აღრიცხვა დაიწყო, ბევრი კი ამას არასათანადო განაჩენებსა და შერბილებულ სასამართლო პოლიტიკას უკავშირებს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ შს სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დანაშაულთან ბრძოლის მეთოდი, ზუსტად განსაზღვროს, სად არის საფრთხე და ებრძოლოს დამნაშავეებს.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე: - სტატისტიკა უნდა შეადარო გასული წლების მონაცემებს, რომლებიც ასევე სანდო უნდა იყოს. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, შს სამინისტრომ თითქოს რეფორმა წამოიწყო. მიზანი სტატისტიკის მეთოდოლოგიის შეცვლა უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ცვლილებას მოჰყვა სხვა ქმედებებიც, რაც შს სამინისტროს არ აძლევდა შესაძლებლობას, სანდო სტატისტიკა ეწარმოებინა. ამიტომაც ვხედავდით დანაშაულის გახსნის მაჩვენებლის ზრდასა და დანაშაულის რაოდენობის შემცირებას, არადა, საზოგადოების აზრით, კრიმინოგენული ვითარება სრულიად განსხვავებული იყო. 2012 წლიდან მოყოლებული, გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის ჩათვლით, ისმოდა მოსაზრება, რომ სტატისტიკური მონაცემები მცდარი იყო. თუ ხელისუფლებას სწორად ესმის სტატისტიკის ფუნქცია, ის არ უნდა მალავდეს დანაშაულს, რადგან სისხლის სამართლის პოლიტიკის სწორად დაგეგმარების საფუძველი სწორედ ზუსტი სტატისტიკაა, მაგრამ ზოგჯერ ხელისუფლებას ურჩევნია, სტატისტიკა დამალოს და სასურველი რიცხვები აფრიალოს, როგორც საკუთარი წარმატების მტკიცებულება, სინამდვილეში კი მდგომარეობა სავალალო იყო. ოფიციალური სტატისტიკით, შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 19 000-20 000-ის ფარგლებში მერყეობდა, გახსნის მაჩვენებელი კი 80%-ს აღწევდა. 2007-2008 წლებში, როცა მკაცრი სამართლებრივი პოლიტიკა ხორციელდებოდა, დანაშაულის რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, გახსნის მაჩვენებელი კი 30%-ის ფარგლებში მერყეობდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შს მინისტრებმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ, გიორგი მღებრიშვილმა - იმის ნაცვლად, რომ სწორი სტატისტიკა ეწარმოებინათ, შევარდნაძის ხელისუფლების გზა აირჩიეს - დაიწყო დანაშაულის რაოდენობის ხელოვნურად შემცირება. პოლიციელებს ჰქონდათ დირექტივა, მაგალითად, ყაჩაღობის შემთხვევაში გამოძიება დაეწყოთ ძარცვის ან ქურდობის მუხლით, საქმეებისთვის ნაკლებად მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია მიენიჭებინათ და ასე გაეზარდათ გახსნის მაჩვენებელი.

გიორგი გახარიას მინისტრობის დროს გამოქვეყნებული ციფრები ახლოს არის რეალურ მაჩვენებელთან, მაგრამ მათი შედარება შარშანდელ ან შარშანწინდელ რიცხვებთან შეუძლებელია, რადგან მაშინ მონაცემები ყალბდებოდა. ამიტომ ამ მაჩვენებლებით შეუძლებელია დადგინდეს, გაიზარდა თუ შემცირდა დანაშაული. ერთი საინტერესო დეტალიც:

"ოცნების" ხელისუფლებამ უარი თქვა, 2012 წლის შემდეგ ჩაეტარებინა კვლევა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ატარებდა, არადა, თავის დროზე ამ მეთოდოლოგიის შესაქმნელად ნახევარი მილიონი ევრო დაიხარჯა. ევროკავშირიც გვეხმარებოდა, რომ დანერგილიყო ე.წ. ლიტიმოლოგიური კვლევა, რომლითაც, ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა განისაზღვრება არა იმით, რაც პოლიციამ აღრიცხა, არამედ როგორ ჰყვებიან მომხდარს ადამიანები. ამ მეთოდით ქვეყნის მასშტაბით გამოჰკითხავენ 3000 კაცს, მათ შორის - მსხვერპლს ან მათ ახლობლებს. ეს ზუსტი კვლევაა, 2-2,5%-იანი ცდომილებით.

- ხშირად დაზარალებულებს აწუხებთ საქმის არასწორი კვალიფიკაცია. შს სამინისტრო ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებს? - მგონი, ახლა ყველაფერი მთლად ძველებურად აღარ ხდება, მაგრამ პოლიციელებს მაინც შეუძლიათ სინამდვილის დამალვა. როცა დანაშაული ხდება, აღიძვრება საქმე, თუმცა გამოძიებით შეიძლება კვალიფიკაცია დამძიმდეს. თავდაპირველ სტატისტიკაში ეს რიცხვები ვერ მოხვდება, ამიტომ რეალური მონაცემები არ ჩანს.

- წლის ბოლოს ზუსტი სტატისტიკა რატომ არ ქვეყნდება? - მოტივი რამდენიმე შეიძლება იყოს... მაგალითად, ადამიანის წამების მუხლით 2012 წლის მერე პასუხისგებაში არც ერთი პირი არ მიუციათ - ვგულისხმობ მოხელის მიერ ჩადენილ ასეთ ქმედებას. სტატისტიკაში წერია, რომ ასეთი დანაშაული არ ხდება, მაგრამ ეს ძალიან მეეჭვება. სამართალდამცავები ან არ რეაგირებენ ასეთ დანაშაულზე, ან არასათანადოდ რეაგირებენ და სხვა მუხლით იწყებენ გამოძიებას.

იმის გასარკვევად, არის თუ არა გაზრდილი კრიმინოგენული მდგომარეობა, ან უნდა ჩატარდეს კვლევა, ან უნდა იყოს წინა წლების სანდო სტატისტიკა, რათა ახალს შევადაროთ. დღეს არც ერთი გვაქვს და არც - მეორე.

- ხშირად ისმის, რომ მოიმატა ბინის ქურდობამ, მანქანის ძარცვის ფაქტებმა, გახშირდა ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმის შემთხვევები... აღარაფერს ვამბობთ ქუჩურ გარჩევებსა და მკვლელობებზე... შინაგან საქმეთა სამინისტრო სწორად ებრძვის ამ პრობლემებს? - რადგან ზუსტი მონაცემები არ მაქვს, ძნელია ვთქვა, რა უნდა გააკეთოს შსს-მ.

რაკი მედიაში ხშირად ხვდება ასეთი დანაშაულის ფაქტები, ჩნდება ეჭვი, რომ განსაკუთრებით გაზრდილია წვრილმანი დანაშაული და თუ წვრილმან დანაშაულს მკაცრად არ დასჯი, მიიღებ ორგანიზებულს!

როცა კონკრეტული კატეგორიის დანაშაული სისტემატურად ხდება და ვერ ხერხდება პრევენცია, ეს გვაფიქრებინებს, რომ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა შესაცვლელია. ეს არ ეხება მხოლოდ შს სამინისტროს, მნიშვნელოვანია პროკურატურის კომპეტენციაც. შსს-მ უნდა გამოიძიოს დანაშაული, პროკურატურამ კი განახორციელოს დევნა. ამიტომ არასწორია ერთი უწყებისკენ ხელის გაშვერა.

- სასჯელთა შეკრებითობის გაუქმებამ, მცირე სასჯელმა ხომ არ წაახალისა კრიმინალური სამყარო? ერთ-ერთი მიზეზი შერბილებული პოლიტიკა ხომ არ არის? - თუკი ატარებ მკაცრ პოლიტიკას, ეს ნიშნავს, რომ ციხეში ბევრი ადამიანი მიდის. ასეთ დროს შეიძლება ნაკლები დანაშაული ხდებოდეს. მთავარია, დაიცვა ბალანსი ჰუმანურობასა და საზოგადოების დაცვას შორის.

ვიღაც თვლის, რომ ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ყველა ციხეში უნდა იყოს, ნაწილი მიიჩნევს, რომ დანაშაულს სხვა მეთოდებითაც უნდა ვებრძოლოთ. ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი ხელისუფლება მოსწონს...

მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსახორციელებელი პ[როკურატურაშიც. მთავარი პროკურორის დანიშვნა ძალიან გვაშფოთებდა, ვამბობდით, რომ ეს თანამდებობა უნდა დაეკავებინა პირს, რომელიც არ იქნებოდა ასოცირებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან და რომელსაც ენდობოდა საზოგადოება, მაგრამ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა. ახალმა პროკურორმა დღემდე ვერ დაიწყო რეფორმები. ხუმრობენ კიდეც, რომ მისი ერთადერთი რეფორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის სახლში გაშვება იყო.

ძალიან ბევრი რამ არის შესაცვლელი, განვითარებისთვის არაფერი კეთდება.

პროკურატურა კვლავაც პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტია. ყველაფერს წყვეტს იმის მიხედვით, როგორია საკითხებისადმი ივანიშვილის დამოკიდებულება, არადა, მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან. ამის საპირისპიროდ კი ვხედავთ სრულ ჩაკეტილობას. ალბათ, მთავარი პროკურორი მხოლოდ ივანიშვილთან ჩნდება, სხვაგან არსად გამოჩენილა.

- სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე რას იტყვით? - კვლევები ადასტურებს, რომ საზოგადოება სასამართლოს ყველაზე ნაკლებად ენდობა. ამ სისტემის შემქმნელებიც და მმართველებიც არა მარტო ხელისუფლების გავლენას განიცდიან, არამედ აბსოლუტურად არაკვალიფიციურები არიან. მათი უმრავლესობა თანამდებობაზე ინიშნება ერთგულების და არა - კვალიფიკაციისა თუ კეთილსინდისიერების გამო. ორიოდე სიტყვა ვთქვათ მოსამართლეების წარდგენილ სიაზეც... ეს სია უკან უნდა დაბრუნდეს, რადგან წარდგენილია კლანი, ერთმანეთთან ნათესაობით და მეგობრობით დაკავშირებული ადამიანების ჯგუფი. ყველა მაღალი თანამდებობა მათ ხელშია და ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად იბრძვიან. თუ უზენაესი სასამართლო ამ კლანის ხელში აღმოჩნდება, ჩვენი კანონის უზენაესობის სიმბოლოდ მოგვევლინებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე, გვრიტიშვილი...

"შსს-ში ცნება "პროფესიონალიზმი" არ არსებობს"...

იურისტი მირიან ნიკოლაძე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურაში და არაერთი საქმე აქვს გამოძიებული:

- ბოლო 30 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია სწორი გეზი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო ამის მოსაგვარებლად. ყველა მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა და ქვეყანაში კრიმინალი მან უნდა აღმოფხვრას. კრიმინალის აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს გრძელვადიანი გეგმა სჭირდება და ეს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად უნდა გააკეთონ. კრიმინალური სამყარო ახალგაზრდებით ივსება და ეს გზა უნდა მოჭრა. ახალგაზრდების კრიმინალური მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს, მათთვის სამარცხვინო უნდა იყოს დამნაშავეთა სამყაროს წევრობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო შევარდნაძის დროს ფულის საკეთებელი მანქანა იყო; მიხეილ სააკაშვილმა ხალხი თავის სამსახურში ჩააყენა და ისეთი სიბინძურეები აკეთებინა, კრიტიკას რომ ვერ უძლებს; "ოცნებამ" კი საერთოდ არ იცის, რა გააკეთოს. მათი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები სამარცხვინოა! რომ გაიძახიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები უნდა ჩავუტაროთ პოლიციელებსო... ვის უნდა აუმაღლო კვალიფიკაცია, იმას, ვინც არაფერი იცის? კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტყუილად იხარჯება სახელმწიფო რესურსი, ამასობაში კი წლები გადის და ისევ წრეზე ვტრიალებთ. ჯერ უნდა გაარკვიო, სისტემაში ვინ გყავს ისეთი, ვისი გადამზადებაც ღირს. უნდა ეძებო შევსება, რომ კარგი კადრებით დააკომპლექტო სისტემა. ამ ტესტირებით რომ დაადგენ, ნიჭიერი რამდენი გყავს, ისინი უნდა დანიშნო ხელმძღვანელ თანამდებობაზე, სხვები კი სახლში გაუშვა! თუ ამას დღეს არ დაიწყებ, სულ იქნება გაუხსნელი საქმეები, გაიზრდება კრიმინალი. პოლიციელები დღე და ღამე განყოფილებაში არიან, დანაშაულის გახსნას პოსტ ფაქტუმ ცდილობენ, პრევენციისთვის კი არაფერს აკეთებენ.

შს სამინისტროში ცნება "პროფესიონალიზმი" არ არსებობს. თუ პროფესიონალი ხარ, იძულებითი მტკიცებულებების შეგროვება არ გჭირდება, ანალიზის უნარიც გაქვს, მაგრამ როცა ცოდნა არ გყოფნის, აგრესიაზე გადადიხარ.

თეა ხურცილავა