ქალს, რომელსაც შესაძლოა ბავშვის გარდაცვალებაში მიუძღვოდეს ბრალი, სავარაუდოდ, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი - კვირის პალიტრა

ქალს, რომელსაც შესაძლოა ბავშვის გარდაცვალებაში მიუძღვოდეს ბრალი, სავარაუდოდ, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი

ტრაგედია დატრიალდა თბილისში, სანზონაში, სადაც 4 წლის გოგონას გარდაცვალების გამოძიება გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველომ დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაბადებული ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შსს-ს ინფორმაციით, სამართლადამცავები ოჯახის წევრებს და ახლობლებს ჰკითხავენ. ჯერ დაკავებული არავინ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონაზე, სავარაუდოდ, მშობლები ძალადობდნენ, თუმცა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და გოგონა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ბავშვის მეზობლების მტკიცებით კი, მშობლები ბავშვზე სისტემატურად ძალადობდნენ. მათივე განცხადებით, გასულ კვირას ცემისგან ბავშვმა სერიოზული ტრავმები მიიღო, რის გამოც, ის გარკვეული პერიოდი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მეზობლებმა განუცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი, სავარაუდო ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ. მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს პირველ ქორწინებაში ჰყავდა.

მეზობლების ინფორმაციით, ცემის შედეგად დაზიანებები აღენიშნება როგორც გარდაცვლილ 4 წლის გოგონას, ასევე მის 5 წლის ძმას, რომელიც იმავე საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს.

kvirispalitra.ge-ს სამართალდამცველი წყარო უყვება, რომ გარდაცვლილ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში საქმის კურსში იყო უბნის ინსპექტორიც, რის შემდეგაც ქალს, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვის დედინაცვალია, თუმცა გარდაცვლილი გოგონას ბებია მის დედად მოიხსენიებს, შემაკავებელი ორდერიც კი გამოუწერეს. მიუხედავად ამისა, 4 წლის გოგონა 3 დედ-მამიშვილთან ერთად მაინც მშობლებთან ცხოვრობდა.

იხილეთ ასევე: რას ამბობს გარდაცვლი ოთხი წლის გოგონას ბებია?

(სპეციალურად საიტისთვის)