დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა - რა აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო? - კვირის პალიტრა

დაკავებულია გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედა - რა აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო?

სანზონაში 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაკავებულია არასრულწლოვნის დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

ამ შემთხვევამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ.

თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით.

ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

22 იანვარს მომხდარი ფაქტის შემდეგ ლ.ქ. ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის მიერ პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა".

იხილეთ ასევე: ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა - რას ამბობენ გარდაცვლილი გოგონას მეზობლები?