"თავს დამნაშავედ არ ცნობს და..." - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"თავს დამნაშავედ არ ცნობს და..." - რას ამბობს სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის ადვოკატი?

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქსოვრელის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ განუცხადა.

როგორც ტაბატაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, საღამოს წარუდგენენ. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია, თუ რას ედავებიან ოფიციალურად ქსოვრელს.

"მან კანონით მინიჭებული დუმილის უფლება აირჩია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აღიარებს დანაშაულს. ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, ჩემი ინფორმაციით, დღეს, გვიან საღამოს წაუყენებენ. ჯერ საქმის მასალები არ გადმოუციათ, შესაბამისად, ოფიციალურად რა ფაქტზე დაიწყო ძიება, არ ვიცი. როგორც პროკურორმა გადმომცა ინფორმაცია, ის დაკავებულია შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. რადგან არ ვიცით ოფიციალურად რას ედავებიან, საერთოდ ვიყენებთ დუმილის უფლებას, თუ რას არ აღიარებს, საქმის მასალებს რომ მივიღებთ, შემდეგ დავაფიქსირებთ", - განაცხადა ტაბატაძემ.

4 წლის ბავშვი გუშინ გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.

იხილეთ ასევე: "დედას 1-3 დღით გაჰყავდა ხოლმე, ნებისმიერი ძალადობის ნიშანი იქნებოდა თვალსაჩინო" - ახალი დეტალები სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმეზე

"ინტერპრესნიუსი"