"ის იგივე ჩემი შვილი იყო, მე ვარ დღეს ნინოს ჭირისუფალი" - რას ჰყვება გარდაცვლილ გოგონაზე ქალი, რომელთანაც ბავშვი 4 წლამდე იზრდებოდა - კვირის პალიტრა

"ის იგივე ჩემი შვილი იყო, მე ვარ დღეს ნინოს ჭირისუფალი" - რას ჰყვება გარდაცვლილ გოგონაზე ქალი, რომელთანაც ბავშვი 4 წლამდე იზრდებოდა

თბილისში, სანზონაში 4 წლის გოგონას, ნინო ზალინაშვილის დაღუპვის შემდეგ ბავშვის დედა ლელა ქსოვრელი დააკავეს, თუმცა ის მკვლელობაში არ არის ბრალდებული. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი, დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, შესაბამისად მას დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავებიან. შსს-ს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ მიმდინარე წლის 22 იანვარს, თბილისში, 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 4 წლის გოგონას დედა, ლელა ქსოვრელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დუმილის უფლებას იყენებს.

გოგონას გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა ადგენს, მანამდე კი მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინო ავადმყოფი და აგრესიული ბავშვი იყო, უარყოფენ დედის მხრიდან შვილზე ძალადობას და ნინოს ბუნებრივ სიკვდილზე ლაპარაკობენ. გაირკვა, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ნინო მინდობით აღზრდის პროგრამაში იმყოფებოდა და ჩუღურეთში, მზრუნველ ოჯახში იზრდებოდა. ის ბიოლოგიურ მშობელთან, ლელა ქსოვრელთან აგვისტოს თვეში დაბრუნდა.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა სოციალური მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა, რომლის განცხადებით, 4 წლის გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა და დედა ბავშვს თვეში რამდენჯერმე ნახულობდა. მისივე ინფორმაციით, სამ წელიწადნახევარი ხდებოდა ბავშვის განვითარებაზე მეთვალყურეობა, ასევე ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობაზე დაკვირვება. მისივე თქმით, ამდენი წლის განმავლობაში არასდროს, სოციალური სამსახური არ აფიქსირებდა ამ ოჯახში ძალადობრივი დამოკიდებულების ნიშნებს ამ ბავშვისა და არც სხვა ბავშვების მიმართ.

არკადი ძავაშვილი, ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი:

- ნინო აგვისტომდე მიმღებ ოჯახში იყო. მე და ლელას ერთი საერთო შვილი გვეყოლა. დანარჩენი სამი შვილი ლელას ორი ყოფილი ქმრისგან ჰყავს. ლელა ძალიან კარგი გოგოა, სუფთა, ყურადღებიანი. ნინო ავადმყოფი და გულწუხილიანი ბავშვი იყო, ჭამდა და ვერ ინელებდა, რაქიტიანი იყო, ვერც დადიოდა – დახოხავდა. არკადი ძავაშვილი მიმღები ოჯახში 1 თვისა მივაბარეთ და 4 წლამდე იქ იზრდებოდა, იქედან ბოთლებით და "სოსკებით" მოვიდა, უნდა გაეშვილებინათ და ჩვენ წამოვიყვანეთ. ლელა როგორ ვერ თოკავდა ნერვებს, მაგრამ ბავშვი წყლის მიმართ, ძალიან აგრესიული იყო, წიოდა და კიოდა, "ტაშტებს" ამტვრევდა. ცუდი პირობები გვაქვს და დედა ბავშვს გარეთ, ტუალეტში აბანავებდა, ნინო წყლიდან ხტებოდა, კიოდა და მეზობლები პანიკას ტეხდნენ, არიქა, დედა შვილს კლავსო.

"კვირის პალიტრა" ნინო ზალინაშვილის მინდობით აღმზრდელ მშობელს, ქალბატონ ირინას ესაუბრა:

- ნინო არ იყო ავადმყოფი, ჩვეულებრივი, ნორმალური ბავშვი იყო, დადიოდა და დარბოდა კიდეც. უბრალოდ, ბავშვს გამოკვეთილი ჰქონდა ნოლი ფორმის რაქიტი, რაც სამედიცინო ფორმაშიც წერია. არც აგრესიული იყო, როგორც ამას ამბობენ, პირიქით - ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო. არ ვიცი, თუ იქ ჭირვეულობდა, შესაძლოა გარემო იუცხოვა... ნინოს დედა აკითხავდა და მიჰყავდა. მაგრამ არასდროს შემიმჩნევია აგრესია, ცუდად მოპყრობა, არც ბავშვი მინახავს გაღიზიანებული. სამწლინახევრამდე ბავშვს რომ გაზრდი და მასზე მზრუნველობ, უკვე საკუთარი შვილივით გყავს და ეს ჩემი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედიაა, ამ ამბავს როგორ გადავიტან, არ ვიცი.

- ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ავადმყოფი, აგრესიული, რაქიტული იყო და ჰქონდა საყლაპავი მილის პრობლემა, შედეგად კი  4 წლის ბავშვი ისევ ბოთლიდან და საწოვარათი იღებდა საკვებს... - საწოვარათიც ჭამდა, მაგრამ სხვა საკვებსაც ჩვეულებრივ იღებდა. საქმე იმაშია, რომ ნინოს გარდა, ოჯახში ორი პატარა ბავშვი მყავდა აღსაზრდელი, ისინი ბოთლით და საწოვარათი იკვებებოდნენ. ბავშვი მათ რომ უყურებდა, მასაც ასე უნდოდა და ბაძავდა. არანაირი ყლაპვის პრობლემა არ ჰქონდა, ჭამდა მაგარ საკვებსაც, რბილსაც და წვნიანსაც. უბრალოდ, მაგარ საჭმელს ხელით ჭამდა, წვნიანს მე ვაძლევდი კოვზით. ჩვევა ჰქონდა - როგორი გამოკვებილიც არ უნდა ყოფილიყო, ბოთლით საჭმელს მაინც დააყოლებდა ხოლმე, ასე მოსწონდა. როცა წაიყვანეს, მის ნივთებთან და სათამაშოებთან ერთად თავისი ბოთლიც გავატანე. რაც წაიყვანეს, მას მერე ნინო არ მინახავს, ლელა დამპირდა, რომ მაჩვენებდა... რაღაც პერიოდი უნდა გასულიყო, რომ შეგუებოდა ახალ გარემოს, ბავშვისთვის ტრაგედია რომ არ ყოფილიყო. ვერ ვიტყვი, რომ გონებაშეზღუდული იყო. უბრალოდ, ნინო დღენაკლული იყო, პატარა წონის დაიბადა და ნელ-ნელა ეწეოდა მის ასაკს, ფეხიც გვიან აიდგა, თანდათან დავაყენეთ ფეხზე. თავიდან დახოხავდა, მაგრამ ახლა დარბოდა. მისი ზრდა-განვითარება, ყველაფერი სოცაგენტების მეთვალყურეობის ქვეშ მიდიოდა, ათასი ადამიანი მამოწმებდა.

ნინოს თავის დაბანა არ უყვარდა, მაგრამ ვახერხებდი და თავს გადავუწევდი, შუბლზე ხელს ვადებდი, რომ თვალებში წყალი და საპონი არ ჩასვლოდა და გავდიოდით იოლას. ტანის დაბანაზე კი გიჟდებოდა, ისე უყვარდა. აბაზანაში სათამაშოებს ჩავუყრიდი და საათობით შეეძლო იქ ჯდომა.. ამ ნოლისებური რაქტის გამო, მას დანიშნული ჰქონდა ზღვის მარილის აბაზანები და ამიტომ დიდხანს მყავდა წყალში. თამაშობდა და უხაროდა. წყალს სადაც დაინახავდა, ონკანთან გამექცეოდა, წყალს უშვერდა ხელებს და პირზე ისვამდა, იცინოდა და კისკისებდა.. ბავშვი სითბოსა და სიყვარულში იზრდებოდა, იყო ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ის იგივე ჩემი შვილი იყო და მე ვარ დღეს მისი ჭირისუფალი, ძალიან მიმძიმს...

P.S. ძავაშვილების საცხოვრისის ნახვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შეუძლებელია ტკივილიანი ემოციების გარეშე შეხვდე იმ რეალობას, რა პირობებში უწევდათ ცხოვრება ამ ადამიანებს. წარმოიდგინეთ, ფიცრებითა და დიქტით აჭედილ ერთ პატარა ოთახში, დაახლოებით 8 კვადრატულ ფართში შეყუჟული 6 ადამიანი... ამ ვითომ ოთახში სამი საწოლი და ერთი პატარა მაგიდა ეტევა, რომ იტყვიან, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს... გარეთ კი, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელია.

მამინაცვალმა ფარღალალა "საშხაპეზე" მიმითითა, საიდანაც პატარა ნინოს კივილის ხმა მთელ ქუჩას ესმოდა. იანვარში იქ ბავშვის დაბანა, მართლაც განაჩენია... საინტერესოა, გააკონტროლა თუ არა შესაბამისმა უწყებამ, რა პირობებში ცხოვრობდა ოჯახი, ვიდრე პატარა ნინო ბიოლოგიურ დედას დაუბრუნდებოდა, ან ხდებოდა თუ არა სოციალური მუშაკების მხრიდან ყოველთვიური მონიტორინგი ბავშვის მდგომარეობის შესახებ? ამ კითხვებზე პასუხი ისედაც ნათელია...

ბავშვის გარდაცვალების მიზეზებსაც და სამსახურებრივი გულგრილობის გამოვლენის ფაქტებსაც გამოძიება დაადგენს, მაგრამ პატარა ნინოს, საუბედუროდ, აწი არაფერი ეშველება...

და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილ ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მისი ცხედარი მესამე დღეა, პროზექტურაში ასვენია და ნინოს დაკრძალვის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.

P.P.S. როგორც გავარკვიეთ, დეიდამ და მამინაცვალმა ნინი ზალინაშვილი პროზექტურიდან კასპში უკვე გადაასვენეს, სადაც ლელა ქსოვრელის წინაპრები არიან დასაფლავებული. როგორც გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალმა, არკადი ძევაშვილმა, გვითხრა:

"კასპში, სადაც ნინო უნდა დაგვესაფლავებინა, აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას სხვა დაასაფლავეს. მერე  დაგვირეკეს, თბილისის ზღვაზე, სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გამოვნახავთ ადგილსო. ჩამოვედით. ამასობაში მე მანქანა გამიფუჭდა. თბილისშიც ვერ მოხერხდა ბავშვის დასაფლავება, არა და აქ მერჩივნა – მერია ადგილსაც გამოგვიყოფდა და ბავშვის საფლავიც ახლოს გვექნებოდა. საბოლოოდ, დეიდამ ნინოს ცხედარი ისევ კასპში წაასვენა და იქ დაიკრზალა ბავშვი".

(სპეციალურად საიტისთვის)