"იღიმება და აცხადებს, უდანაშაულო ვარო. თუ უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცა?" - ვინ არის 24 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, ვინც საქართველოში დააკავეს - კვირის პალიტრა

"იღიმება და აცხადებს, უდანაშაულო ვარო. თუ უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცა?" - ვინ არის 24 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, ვინც საქართველოში დააკავეს

ვინ არის 24 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი, რომელიც საქართველოში იძებნებოდა

ბრიტანული გამოცემა «The Guardian» აქვეყნებს სტატიას, სათაურით "საქართველოში დააკავეს კაცი, რომელმაც კატერის ავარიის შედეგად ქალი მოკლა".

სტატიაში გადმოცემულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დაკავების ისტორია, რომელიც ლონდონის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია მდინარე ტემზაზე კატერის ავარიის დროს ქალის სიკვდილში (ავტორი - ფრენსის პეროდანი).

"31 წლის ჯეკ შეპარდს სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა ექვსი წლით პატიმრობა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებელი, უნებლიე სიკვდილის გამო. ლონდონის პოლიციის განცხადებით, ჯეკ შეპარდი, რომელიც საერთაშორისო ორდერით იძებნებოდა, უკვე დაკავებულია საქართველოს პოლიციის მიერ".

საქართველოს საელჩომ დაადასტურა, რომ ჯეკ შეპარდი ქართულ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა მას შემდეგ, რაც შარლოტა ბრაუნის ოჯახმა მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით მოქმედება გააქტიურა. დაღუპული ქალის მამამ გრემ ბრაუნმა ჯეკ შეპარდის დაკავებას "განსაცვიფრებელი" უწოდა და "ფეისბუკში" დაწერა: "შარლოტასათვის სამართლიანობის აღდგენა ახლოვდება!".

ჯეკ შეპარდმა და შარლოტა ბრაუნმა ერთმანეთი გაცნობის საიტზე გაიცნეს. იმ საბედისწერო ღამეს, 2015 წლის 8 დეკემბერს, მათ პირველი შეხვედრა ჰქონდათ. ჯეკმა შარლოტა ვახშამზე მიიწვია, შემდეგ კი მდინარე ტემზაზე კატერით გასეირნება შესთავაზა, პარლამენტის შენობასთან ახლოს. თურმე წყალში ხის მორი იყო ჩაძირული და მათ ვერ შენიშნეს, კატერი მორს დაეჯახა და გადაბრუნდა. ორივე წყალში აღმოჩნდა. მაშველებმა ჯეკ შეპარდი გადაარჩინეს, მაგრამ შარლოტა ბრაუნი გარდაცვლილი იპოვეს. დადგინდა, რომ კატერის საჭე კარგად არ მუშაობდა. როგორც პროკურორმა განაცხადა, აღნიშნული კატერით ცურვა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო ჯეკ შეპარდმა მიმალვა მოახერხა, მაგრამ სასამართლომ იგი დაუსწრებლად მაინც გაასამართლა. ამასთან, ბრალდებულმა მაინც შეძლო, ადვოკატის მეშვეობით, გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლების გამოყენება, რის შემდეგაც მას 19 დეკემბერს გასაჩივრების ნება დართეს.

შარლოტა ბრაუნის ოჯახმა და განსაკუთრებით მამამისმა გრეგ ბრაუნმა ბოლო დროს ბრიტანეთის სამართალდამცველ ორგანოებზე ზეწოლა გააძლიერა. სამშაბათს ოჯახის წევრები დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს საჯიდ ჯავიდს შეხვდნენ, შემდეგ კი ჯეკ შეპარდს [მასმედიის საშუალებით] მოუწოდეს პოლიციას ჩაბარებოდა.

საქართველოს ტელეარხის "რუსთავი-2"-ის მიერ ნაჩვენებ ვიდეოკადრებში ჩანს წვეროსანი მამაკაცი, გრძელი პალტოში ჩაცმული, ჯინსებში და შარფმოხვეული, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიციის შენობაში ღიმილით შედის. იგი ჟურნალისტებს ეუბნება: "დიახ, მე ჯეკ შეპარდი ვარ  - იმ ტრაგიკული ავარიის მონაწილე, რომელშიც შარლოტა ბრაუნი დაიღუპა".

გრემ ბრაუნმა, შარლოტას მამამ, მინისტრთან შესხვედრის შემდეგ განაცხადა: "საჯიდ ჯავიდმა მითხრა, ამ საქმეს პირადად მივხედავო. ჩვენი პოზიცია ნათელია: ჯეკ შეპარდს დამალვაში ხელი არავინ არ უნდა შეუწყოს ხელი. იგი უპირველეს ყოვლისა, დაკავებული უნდა იქნეს".

როცა ჯეკ შეპარდის დაკავება გაიგო, გრემ ბრაუნმა "ბი-ბი-სი"-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ემოციებს ვერ იკავებს: "ჯეკი ძალიან ცუდად მოიქცა, რომ მართლმსაჯულება ფეხზე დაიკიდა. მადლობა ღმერთს, რომ მას ჭკუა ეყო და პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა".

ქეთი ბრაუნმა, შარლოტას დამ, გაოცება გამოხატა იმით, რომ ქართული ტელეარხის ვიდეოკადრში ჯეკ შეპარდი ერთობ "თვითკმაყოფილი" ჩანდა: "ძალიან გაკვირვებული ვარ, თუ როგორი თვითკმაყოფილი სახით დადის. ამით მისი ქედმაღლური დამოკიდებულებაც ჩანს. იგი დამნაშავედ არის აღიარებული, გაქცეული იყო და ახლა ხედავთ, როგორი სახე აქვს, იღიმება და აცხადებს, უდანაშაულო ვარო. თუ უდანაშაულო იყო, რატომ გაიქცა? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია".

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა საჯით ჯავიდმა განაცხადა, "შევეცდებით, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჯეკ შეპარდის ექსტრადირება საქართველოდან ბრიტანეთში. მნიშვნელოვანია, რომ ბრაუნების ოჯახისათვის სამართლიანობა აღდგეს". (წყარო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად, დაკავებული პირის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

მოამზადა სიმონ კილაძემ