"იმ ქალთან დაკავშირება ვცადეთ, ვის ბინაშიც თამარის ცხედარი იპოვეს და გვითხრა, რომ უკვე საქართველოშია" - კვირის პალიტრა

"იმ ქალთან დაკავშირება ვცადეთ, ვის ბინაშიც თამარის ცხედარი იპოვეს და გვითხრა, რომ უკვე საქართველოშია"

ფოტოგალერეა

რამდენიმე დღის წინ, იტალიის ქალაქ ნეაპოლში 50 წლის ქართველი მხატვარი, თამარ მოდებაძე მოკლეს. ერთ-ერთ მიზეზად ძარცვას ასახელებენ. თამარის კვალი 20 იანვრის შემდეგ დაიკარგა, ახლობლებმა წამებით მოკლული ნაცნობი ქართველი ქალის ნაქირავებ ბინაში იპოვეს... მხატვარი არასდროს მალავდა, რომ 5 წლის განმავლობაში გამომუშავებული ჰონორარი, რომელსაც საქართველოში დასაბრუნებლად და სახელოსნოს მოსაწყობად აგროვებდა, სულ თან ჰქონდა. თამარ მოდებაძე წლების განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა: თავდაპირველად საბერძნეთში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი იტალიაში.

საბერძნეთისა და იტალიის გალერეებიდან ხშირად იღებდა შეკვეთებს. მოდებაძის ნამუშევრები გამოფენილია ევროპის მუზეუმებში, სადაც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მისი გვარი უცხოურ კატალოგებშია შეტანილი. ორ ნამუშევარს: "მღელვარე ზღვა" და "ხუთი განზომილება" ხელოვნებათმცოდნეებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს. ის არაერთხელ გამხდარა იტალიელი პოეტისა და მწერლის დანიელა ფერაროს შთაგონების წყარო - ქართველი ქალის ნახატები მისი ლექსებისა და თხზულებების ინსპირაციის წყარო იყო და გამოცემულია ალბომად, სახელწოდებით "პოეტური ფიქრები". თამარ მოდებაძის შემოქმედებას ვრცელი სტატია მიუძღვნა პარმის უნივერსიტეტის პროფესორმა რებეკა როსეტიმაც, რომელმაც ნახატი "ხუთი განზომილება""ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარა. მხატვრის ფერწერული ტილოებით დაინტერესდა დანიის ხელოვნების მუზეუმიც, სადაც ქართველი მოდებაძის ნამუშევარს "მისტიკური მზერა" დიდი მოწონება ხვდა წილად. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია შეტანილი.

თამარ მოდებაძის "ხუთი განზომილება" ხელოვნებათმცოდნეებმა ლეონარდო და ვინჩის ხელწერასა და ხედვას შეადარეს

ჩვენ თამარ მოდებაძის ახლობლებს იტალიაში დავუკავშირდით.

ნათია ლონდარიძე, იტალიაში მცხოვრები ქართველი: - ასეთი აღიარების მიუხედავად, ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო, უჭირდა საკუთარ თავზე ლაპარაკი. რამდენიმე წლის წინ გავიცანი, ერთ ბინაში ვცხოვრობდით. ევროპაში მას იცნობდნენ როგორც ძალიან ნიჭიერ მხატვარს და დასანანია, რომ საკუთარ სამშობლოში სიკვდილის შემდეგ გაიცნეს.

იტალიელ მოხუც ქალს უვლიდა და მის სახლში ცხოვრობდა. დიდ პატივ სცემდნენ, ცალკე ოთახიც კი გამოუყვეს, რომ ეხატა. ბოლოს 13 იანვარს ვნახე, მითხრა, ძალიან ბევრია დაინტერესებული ჩემი ნახატებით, შეკვეთები მაქვს, მაგრამ ვერ ვიცლიო. საქართველოზეც მელაპარაკა, ნეტავ როდის შევძლებთ დაბრუნებასო. ძალიან უნდოდა, რომ საქართველოში ჰქონოდა სახელოსნო.

რომ დავემშვიდობე, ისე თბილად ჩამიხუტა, თითქოს გული უგრძნობდა, რომ ვეღარ ვნახავდი.

მაკა, 40 წლის, იტალიაში მცხოვრები ქართველი: - ითქვა, ქართველი ქალი, ვის ბინაშიც თამარის ცხედარი იპოვეს, ნეაპოლში ცხოვრობდა და მკითხავად ასაღებდა თავსო. ერთი ვერსიით, იმ ქალს დაურეკავს თამარისთვის, შემომიარეო. მეორე ვერსიით, მას თავად უნდოდა თამარის ნახატის შეძენა. მოკლედ, ის ქალი ფულიანად გაქრა.

- თამარს ფული სულ თან დაჰქონდაო... - არ ვიცით, რატომ დაჰქონდა სულ თან, მით უფრო, რომ კარგ ოჯახში ცხოვრობდა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იმ ქართველი ქალის ნაქირავებ ბინაში იპოვეს, სკოჩით ჰქონდა ხელ-ფეხი და პირი შეკრული. ნაცემიც ყოფილა, სავარაუდოდ, შემოაკვდა... თანხა და საბუთები თან არ ჰქონდა, რაღაც თანხა სკოჩით ზედვე ჰქონია მიკრული, ვერ გეტყვით, რატომ. იმედია, მკვლელს დააკავებენ და ყველაფერს გავიგებთ. ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა კვირასვე დატოვა იტალია და საქართველოში ან საბერძნეთში წავიდა. შესაძლოა იმ ქალს არც მოუკლავს, მაგრამ აქ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ის, რომ საქართველოში წასვლას აპირებდა, არავინ იცოდა. როგორც ამბობენ, ნაქირავებ ბინას თავადაც აქირავებდა, მასთან ყოველთვის უამრავი ადამიანი ირეოდა. ეს ფაქტი ძალიან ცუდია ჩვენთვის, როგორც არალეგალი, ისე ლეგალურად მცხოვრები ქართველებისთვის.

- რატომ? - იტალიის პოლიციამ არალეგალებზე ნადირობა დაიწყო. მედია მთელი დღე ატრიალებდა ამ ნიუსს, უფრო მეტად აღარ გვენდობიან და ქართველებს სამუშაოს პოვნა გაუჭირდებათ.

ნინო ლაფაჩიძე, ქართველი ემიგრანტი: - იმ ქალთან დაკავშირება ვცადეთ, ვის ბინაშიც თამარის ცხედარი იპოვეს და გვითხრა, რომ უკვე საქართველოშია. პოლიციას ვაცნობეთ, რაც კი მასზე ვიცით...

ცხედარს ნეაპოლში ექსპერტიზა ჩაუტარდება, საქმეს ადგილობრივი პოლიცია გამოიძიებს. იტალიაში საქართველოს კონსულის, თამთა რჩეულიშვილის განცხადებით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა სამართალდამცავებთან და დეტალებზე საუბარი ექსპერტიზის დასრულებამდე შეუძლებელია.

იხილეთ ასევე: "როდის შევძლებ საქართველოში დაბრუნებას?" - კითხვა, რომელსაც მოკლული ემიგრანტი მხატვარი თურმე ყველაზე ხშირად უსვამდა საკუთარ თავს

იხილეთ თამარ მოდებაძის ნახატები