პატარა ნინოს დიდი ტრაგედია - კვირის პალიტრა

პატარა ნინოს დიდი ტრაგედია

"თუ არ სცემდა, გოგონას დალურჯებები საიდან ჰქონდა?! ფაქტზე რომ წამესწრო, არ ვაპატიებდი..."

22 იანვარს სანზონაში, ზიგზაგის ქუჩაზე, გაურკვეველ ვითარებაში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. ნინო ზალინაშვილი ერთი თვის ასაკიდან მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდებოდა და ბიოლოგიურ დედასთან ხუთი თვის დაბრუნებული იყო. მეზობლები ადასტურებენ, რომ დედა შვილზე ფიზიკურად ძალადობდა... ბავშვის გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, 6 იანვარს ბავშვი არაერთი დაზიანებით მოხვდა იაშვილის კლინიკაში, მაშინ დედის -–ლელა ქსოვრელის სახელზე შემაკავებელი ორდერი გაიცა.

43 წლის ლელა ქსოვრელს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ქალი სამჯერ იყო გათხოვილი. ამჟამად ის ზიგზაგის ქუჩაზე, 8 კვმ ოთახში, ქმართან, დედამთილთან და სამ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი - 18 წლის მარი, რომელიც ლელას დედასთან ცხოვრობს. მეორე ქორწინებიდან კი ნინოს გარდა, 5 წლის ლუკა ჰყავს. ლელას და არკადი ძავაშვილს საერთო შვილიც ჰყავთ - წლინახევრის გოგონა.

ოჯახის წევრები დედის შვილზე ძალადობას უარყოფენ და მის ბუნებრივ სიკვდილზე ლაპარაკობენ, მეზობლები კი საპირისპიროს ამტკიცებენ.

რობიზონ ჯამბაზიშვილი, მეზობელი: "ამ ოჯახიდან მუდმივად მესმოდა ქალის წივილ-კივილი, ძალიან აგრესიულია. 6 იანვარს, როცა გავიგეთ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანესო, გვეგონა ბიჭს სცემა. ანგელოზივით შვილი ჰყავს, 5 წლის ლუკა... ცემის ფაქტზე რომ წამესწრო, არ ვაპატიებდი... თუ არ სცემდა, გოგონას დალურჯებები საიდან ჰქონდა?! 6 იანვარს ბავშვის კივილის ხმა რომ გაიგონა, ჩემმა შვილიშვილმა პოლიციაში დარეკა. მის სიახლოვეს სულ ორი მეზობელი ვართ... ექვსი წელია, აქ ცხოვრობენ. მანამდე არკადი ძველ საყარაულო ჯიხურში ცხოვრობდა, მერე როგორც ამბობენ, იქვე უკანონოდ დაიმტკიცა მიწა და ააშენა 8 კვმ ოთახი, სადაც უცებ გამოჩნდა ამდენი ხალხი - დედა, ცოლი, შვილები. ეშმაკი კაცია, დახმარება რომ მიეღო, ამისთვის შეკრიბა ისინი ერთ პატარა ქოხში. ალბათ, ეს საცოდავი ბავშვიც იმიტომ დაიბრუნეს უკან და აღარ გააშვილეს, რომ მეტი დახმარება მიეღოთ. ამ ზაფხულს მათთან უცხოელები დაიარებოდნენ. ვკითხე, ვინ არიან-მეთქი, ჩემი სტუმრები არიან, მეხმარებიან, იეღოველი ვარო... საშინელება მოხდა... უბანში ამბობენ, ამ ალქაჯმა ბავშვი ცემით მოკლაო".

ირაკლი დოლიძე, მეზობელი: "ამ ოჯახში ბავშვებს სცემდნენ. 5 წლის ლუკაც სულ დალურჯებული დადიოდა... არკადისთვის არაერთხელ მითქვამს, პატარებს ნუ სცემთ-მეთქი, სოციალური აგენტიც გამოვიძახე, რომელმაც მითხრა, მეშინია, მაგინებენ და შემომყევიო. პატრულსაც ხშირად ვიძახებდით და მათაც აგინებდა... სოციალურად დაუცველია და ამ სტატუსს ბოროტად იყენებს. ქალს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. 6 იანვარს მეზობლის ბავშვმა გამოიძახა პოლიცია - 10 წუთი მესმოდა, როგორ ურტყამდა ბავშვსო... შეიძლებოდა ამ პირობებში სამი არასრულწლოვნის ცხოვრება? ცოლ-ქმარი ერთმანეთსაც სცემდა და ქალი ხშირად იძახებდა პატრულს. ამ ზაფხულს პატრულმა რომ ვერ დააშოშმინა, ორივე წაიყვანა და დააპატიმრა... ამ კაცმა ხან "დვიჟოკი" არ ჩაგვართვევინა, ხან კონდიციონერი, ხმაური გვაწუხებსო; ქალი დაწვითაც გვემუქრებოდა... მაშინაც პატრულიც გამოვიძახეთ".

არკადი ძავაშვილი, გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალი: "ლელა ძალიან ყურადღებიანია, მაგრამ ნინო აგრესიული იყო, როცა აბანავებდა, წყლიდან ხტებოდა, "გარშოკებს" აყირავებდა, სახეზე განავალს ისვამდა. მეზობლები პანიკას ტეხდნენ - არიქა, დედა შვილს კლავსო. იმ საღამოსაც აბანავა... გვიან მივედი, ბავშვს სუნთქვა ეკვროდა და ხრუტუნებდა. ლელა სულ რაღაც წამლებს ასმევდა და მერე გაეხსნებოდა ხოლმე სუნთქვა. ვუთხარი, თუ რამე წამალი გაქვს, დაალევინე-მეთქი. არ მინდა, სხვები გავაღვიძო, მერე დავალევინებო...

ნინოს მინდობით აღზრდაში ყოფნის დრო რომ ამოეწურა, უნდა გაეშვილებინათ და ამიტომ წამოვიყვანეთ. შემაკავებელი ორდერი იყო თუ არა გაცემული, არ ვიცი, მაგრამ სად უნდა წასულიყო, გარეთ ხომ არ გავაგდებდი? სოციალური აგენტი ერთხელ იყო და მას მერე არ მოსულა. ვურეკავდით და გვეუბნებოდა, რადგან ბავშვი წამოიყვანეთ, უნდა მიხედოთო. ნეტა, ისევ იმ ოჯახში დარჩენილიყო... პოლიციაც დარწმუნებულია, რომ ლელამ მოკლა. მეზობლებს ყველა მოსყიდული ჰყავთ, მოილაპარაკეს, რომ აქედან გამაძევონ. გადამტერებული არიან. მთავრობას მივმართე, სამანქანო გზა გამიკეთეთ-მეთქი. მეზობლებმა მითხრეს, გაჯეჯილება გინდა აქაო და გასახლებით დამემუქრნენ".

ირინა, ნინოს მინდობით აღმზრდელი (გვარის გამხელა არ ისურვა): "ბავშვი ავადმყოფი არ იყო, არც ჰიპერაქტიური. გამოკვეთილი ჰქონდა რაქიტი, მაგრამ დადიოდა და დარბოდა კიდეც. ლელა ხშირად აკითხავდა და 2-3 დღითაც მიჰყავდა. მისთვის არასდროს შემიმჩნევია აგრესია... წაყვანის შემდეგ ბავშვს არ ვნახულობდი - დრო უნდა გასულიყო, რომ ახალ გარემოს შეჰგუებოდა. ნინო დღენაკლული იყო, მაგრამ თანდათან დავაყენეთ ფეხზე. სითბოსა და სიყვარულში გავზარდეთ. დაბანა არ უყვარდა, მაგრამ წყალში სათამაშოებს ჩავუყრიდი და საათობით შეეძლო იქ ჯდომა. ნინო ჩემი შვილია და მე ვარ დღეს მისი ჭირისუფალი..."

P.S: რამდენად თანამიმდევრული იყო სოცსააგენტოს თანამშრომლების ქმედება, ჯანდაცვის სამინისტროში მოკვლევა დაიწყო. სააგენტომ კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, მოტივად კი გამოძიების ინტერესები დაასახელა.