"რა დავაშავეთ, რატომ დაგვდევს სიკვდილი?!"
"რა დავაშავეთ, რატომ დაგვდევს სიკვდილი?!"
"ბებო, ჩემი ნატვრა ასრულებულია, უკვე მეზღვაური ვარ. ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები..."

აგვისტოს ომის დროს გორში გადაღებული სულისშემძვრელი ფოტო, სადაც ზაზა რაზმაძე გარდაცვლილ ძმას, ზვიადს დასტირის, საზოგადოებას დღემდე­ ახსოვს. ეს ფოტო მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მალევე გაცხადდა, რომ დაბომბვისას ზვიადის 9 თვის ფეხმძიმე მეუღლეც დაღუპულა. მათი ერთა­დერთი ვაჟი, დიტო, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა...
ერედველი დევნილი რაზმაძეების ოჯახის ტრაგედია მთელმა ქვეყანამ გაიგო. მოგვიანებით, 2014 წელს, კიდევ ერთი უბედური შემთხვევა
მოხდა - ზაზა რაზმაძე კარალეთის ლტოლვილთა დასახლებაში კოტეჯის წინ ჯიხურს დგამდა, როცა ელექტროსადენმა იმსხვერპლა. ზაზას ვაჟი დათო და გოგონა, ლიზიკო დარჩა.

ამ დღეებში რაზმაძეების ოჯახში ისევ გლოვაა. ლიბიაში დაიღუპა 22 წლის დათო რაზმაძე, ზაზა რაზმაძის ვაჟი. ის თურქულ გემზე მეზღვაურად მუშაობდა. მას ოჯახი 7 იანვრიდან
ვერ უკავშირდებოდა, 21 იანვარს კი სანაპირო წყლებში მისი ცხედარი იპოვეს. დათო რაზმაძემ საზღვაო აკადემიის დამთავრების შემდგომ ორ გემზე იმუშავა, მესამე რეისი კი მისთვის საბედისწერო გამოდგა. მისი გაუჩინარების ამბავი პირველად იმ თურქმა მეზღვაურმა გაახმაურა, რომელსაც დათო უნდა შეეცვალა. მისი განცხადებით, დათოს პირადი ნივთები და ტელეფონი ხელუხლებელი დახვდა.

წლების წინ ამ ოჯახის ტრაგედიაზე სტა­ტიის დაწერა მეც მომიხდა. ახლაც მახსოვს ზაზა და ზვიად რაზმაძეების უბედური დედა... შვილიშვილის დაღუპვის გამოც რომ დავუკავშირდი, ისევ ტირილით შემო­მჩივლა:

- რა დავაშავეთ, რატომ დაგვდევს სიკვდილი,­ ეს რატომ ხდება ჩემს თავს? 23 წლის ვაჟკაცი გვყავდა. დედამისი­ შორს გათხოვდა, ხშირი კავშირი არ ჰქონი­ათ, მაგრამ არაფერი დაუკლია. დედამ აუსრულა ოცნება მეზღვაურობაზე,­ სწავლ­აში ხელი შეუწყო, მადლობის მეტი რა მეთქმის...

რომ მიდიოდა,­ მითხრა, ბებო, ზღვ­აში­ რომ გავდივარ, ძალიან მიხარია, მიზანს მივაღწევ, სახლ-კარი არ მაქვს, მაგრამ ავაწყობ ცხოვრებას და შენ და მამიდას ჩემთან წაგიყვანთო... ერთ დღეს მითხრა, შეყვარე­ბული მყავს და მინდა გაგაცნოო. ძალიან გახარებული და ბედნიერი იყო... ჩემი შრომით რომ შევიძენ ბინას, ცოლსაც მოვიყვანო. არ დასცალდა არაფერი. რატომ მომიკლეს?!

სექტემბერში დაიწყო მუშაობა. დამირეკა,­ ზღვაში მივდივარ და თავს მიხედეო­. ფრთ­ხილად იყავი-მეთქი. ბებო, ჩემი ნატვრა ასრულებულია, უკვე მეზღვაური ვარ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები... 20 იანვარს ტელევიზიით გავიგე ეს ამბავი და სიმწრისგან თავში ვირ­ტყი ხელები, მერე კარი ჩავკეტე, არავინ გაიგოს ჩემი გოდება, იქნებ ჩემი დათო ცოცხალია-მეთქი... ორი შვილი და რძალი მიწას მივაბარე და ახლა კიდევ შვილიშვილი...

მეუღლეს გაცილებული ვიყავი და სამი შვილი, ორი ბიჭი და გოგონა, გაჭირვებით გავზარდე. პატარები იყვნენ ბიჭები, ზურგით შეშას რომ ათრევდნენ და ყიდდნენ. იმ ფულით პროდუქტები მოჰქონდათ. რომ წამოიზარდნენ, ნახირშიც დადიოდნენ...
იმ ავადსახსენებელ 8 აგვისტოს ზვიადმა­ დამირეკა, სიდედრთან დავრჩებითო. მერე ვურეკავდი, მაგრამ გათიშული ჰქონდა. იმ დილით ტელევიზორში დავინახე, რომ ჩემი სახლი იწვოდა. ვხედავდი დიდ ჯვარსაც, რომელიც ჩვენს სახლს გაუკეთა ზაზამ,­ როცა ბინა აკურთხებინა. ისიც კი გამო­აცხადეს, ამ ბინაში ფეხმძიმე გოგო დაიღ­უპაო. ჩემი რძალი მაკა 9 თვის ფეხმძიმე­ იყო, მაგრამ მაინც არ მიფიქრია, თუ ის იქნებოდა. დარწმუ­ნებული ვიყავი, ისინი მაკას მშობლებთან იყვნენ... ზაზამაც ნახა, სახლი იწვოდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ სახლში არავინ ეგულებოდა.­ ხელთუბანში ასულა, იქ კი უთქვამთ, გორში წავიდნენო. გაგიჟებული დაბრუნებულა­ და აგიზგიზებულ ცეცხლში შევარდნილა, იქ ეძებდა ოჯახის წევრებს. ამ დროს თურმე გადააბიჯა თავის ძმას და რძალსაც, მაგრამ არ დაუნახავს. უკან მობრუნებულმა ჭრელი მაისურით იცნო ძმა და გაგიჟდა. ეს ფოტო მაშინ მთელმა მსოფლიომ ნახა. მაკას მაჯისცემა ჰქონდა და წაიყვანეს საავად­მყოფოში, 4 საათი იცოცხლა... ზვიადს ჭურვისგან ტანსაცმელი სულ დაფლეთილი ჰქონდა, ზაზამ მითხრა, ჩემი გავიხადე და ჩავაცვიო, ამიტომ არის ზაზა იმ ფოტოზე ტანშიშველი. ზურგზე მოიკიდა მკვდარი ძმა და ისე გამოიყვანა იქიდან. მაშინ ისეთი ამბავი იყო, კუბოებსაც ვერ იშოვიდი. დახოცილებს ბრეზენტში­ გახვეულებს­ კრძალავდნენ. ზაზა ამბობდა, ჩემს ძმას და რძალს ასე ვერ დავკრძალავო­ და ტაქსი მიაყენა სახელოსნოს. თურმე სასახლეები სხვას უნდა წაეღო. გამწარებულმა ფული მიუყარა და წამოიღო... იმავე დღეს დავკრძალეთ ყველანი. ჩემი რძალი 28 წლის იყო, ზვიადი - 33 წლის.

მერე ზაზაც მომიკვდა... ომს და სიკვდ­ილს გადაურჩა, მაგრამ თითქმის ჭკუაზე შეიშალა ამ ტრაგედიის შემდეგ. არავის გვეკონტაქტებოდა, თითქმის ერთი წელი სულ პროფილაქტიკის რკინის ვაგონში იყო, იქ, სადაც ორივე ძმა მუშაობდა. იქვე გააკეთა ზვიოს წყარო. თავის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ მაშინ გადავრჩით. რას წარმოვიდგენდი, ჩემს საცოდავად გაზრდილ შვილებს, ასეთი მწარე ბედი თუ ელოდათ!
პირველი ქორწინებიდან ზაზას დათო ჰყავდა, მეორე ქორწინებიდან კი გოგონა. რომ გავეხარებინე, ლიზიკო დაარქვა.

ნინო ცეცხლაძე, დათო რაზმაძის დედა:
- ჩემი შვილი მოკლულია! ამას ყველაზე მეტად დედის გული გრძნობს. ამ გლოვის წუთებში ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ დათო ცოცხალი აღარ მყავს!

ნანა დვალიშვილი, ზაზა რაზმაძის მეუღლე:
- უცებ დავაჟკაცდა დათუნა. ჩემი მეუღლე მისით ხარობდა. ჩემი დედამთილი ზაზას გარდაცვალების შემდეგ სახლში­ ჩაიკეტა, ახლა კი დათოც... ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს. დათო ღირსეული ბიჭი იყო, ის ჩხუბს არ წამოიწყებდა. ლიზიკოს ძალიან უყვარდა, სულ თავის ძმაზე ლაპარაკობდა. საშინელებაა, ჩვენი სიცოცხლით სავსე ბიჭი აღარ არის.
manana dubovski
14 თებერვალი 2019 11:40
ვწუხვარ ვიზიარებ მატ მწუხარებას
Lia
13 თებერვალი 2019 11:45
Dzalian gvtkiva guli gmertma gamdzleoba mogcet aseti vajkacebis dakargvistvis natelshi ikos mati sulebi
...
12 თებერვალი 2019 23:00
მწარე და მზიმე ტრაგედია გადაიტანა ამ ოჯახმა,გაანატლოს მატი სული გამსჰენმა ხმერტმა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?