"დათომ მითხრა, ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემს კაიუტაში­ თურქს შემოიყვანდნენო" - კვირის პალიტრა

"დათომ მითხრა, ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემს კაიუტაში­ თურქს შემოიყვანდნენო"

დავით რაზმაძის ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ მეზღვაური მოკლულია.

იასონ ცეცხლაძე, დათოს ბიძა: - ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. იმედი არა მაქვს, რომ სწორი იქნება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ თურქმა გემთმფლობელმა და ლიბიელმა სამართალდამცავებმა სიმართლე დამალონ, მაგრამ აქ შეიძლება გადამოწმება.

- ეჭვი გაქვთ, რომ დათო გემზე კონფლიქტს ემსხვერპლა?

- რამდენიმე ვერსია მაქვს. თავადაც მეზღვაური ვარ და ვიცი, როცა ასეთ ზონაში გემი დგას, ყველაფერი უფრო მეტად უნდა იყოს დაცული. ვახტზე ერთი რიგითი მეზღვაური არ უნდა იდგეს. მთავარი ოფიცერიც მასთან უნდა იყოს. ეჭვს ისიც მიძლიერებს, რომ დათოს ბოლო დროს გემზე ყოფნა აღარ უნდოდა. მითხრა, ყველაფერი კარგად იყო, სანამ ჩემს კაიუტაში თურქს შემოიყვანდნენო. რატომ არ მოსწონდა, არ უთქვამს. ინდუსებიც იყვნენ გემზე და დათო მათ აქებდა, რამდენიმე ქართველიც ყოფილა და მათთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამ გემზე დათოს შედარებით მაღალი ანაზღაურება ჰქონდა, მაგრამ რატომღაც ესეც ვეღარ აჩერებდა. წამოსვლის შესახებ განცხადებაც დაუწერია და კაპიტანმა გადააფიქრებინა. იმ ავბედით დღეს სწორედ იმ თურქს უნდა შეეცვალა დათო ვახტზე. გამთენიისას რომ ჩავიდა, იქ დათოს ტელეფონი და სიგარეტი დახვდა, ბიჭი კი აღარ იყო, 3 საათის განმავლობაში რატომ არავის შეატყობინა?! ეს ხომ ძალიან უცნაურია. ჩვენც გვიან გავიგეთ დათოს გაუჩინარების ამბავი. 7 იანვრის მერე ის არავის უნახავს, ჩვენ კი 16-ში შეგვატყობინეს. მოვითხოვთ, რომ საქართველოშიც ჩაუტარდეს ცხედარს ექსპერტიზა.

- ქართველ მეზღვაურებს თუ ესაუბრეთ? - ერთსა და იმავეს ჰყვებიან. წინაღამით იქეიფეს, შობა თენდებოდა. დათო ადრე ამდგარა, ვახტზე უნდა ვიყო და იქნებ მანამდე ძილი მოვასწროო...

- დათო თურმე დედასაც ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ წამოსვლა უნდოდა... - ყოველთვის ჩქარობდა წამოსვლას, როცა გემზე ყოფნა მოსწყინდებოდა, მაგრამ დათო თავს არ მოიკლავდა!

ივანე აბაშიძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე: - 16 იანვარს გვაცნობეს, რომ მარშალის დროშით მცურავ გემზე My Dogan Bey ლიბიის ერთ-ერთ ნავსადგურში ვახტზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. ქართული მხარის ჩარევის შემდეგ, მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს. ველოდებით ლიბიის ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იმას მაინც გვეტყვის, მოკლულია თუ არა. შემდეგ შესაძლებელი იქნება გადამოწმებაც. შედეგებიდან გამომდინარე გვეცოდინება, რა მიმართულებით წარიმართება გამოძიება, ეს თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა.