ტრაგედია თბილისში - ფოტოები ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ტრაგედია თბილისში - ფოტოები ადგილიდან, სადაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა

ტრაგედია დატრიალდა თბილისში. ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ისნის გამგებლის ინფორმაციით, 7-ვე მამაკაცია. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილები სავარაუდოდ, მშენებლობაზე მუშაობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე ადგილობრივმა განუცხადა, ყველა მათგანი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

„მას შემდეგ რაც სამსახურში არ მივიდნენ, უფროსი მივიდა სახლში და სავარაუდოდ, მან აღმოაჩინა გარდაცვლილებების ცხედრები“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისმა". მათი განცხადებით, წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა.

"კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გთავაზობთ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან.

ფოტოები: ვანო გორგიშვილი

იხილეთ ვიდეო