შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დაბლოკა - კვირის პალიტრა

შსს-მ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი დაბლოკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებული კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, ფაქტზე გამოძიება იმავე მუხლით მიმდინარეობს, რა მუხლითაც მოკვლევა აქამდე გავრცელებულ ფარულ კადრებთან დაკავშირებით დაიწყო.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება", - აცხადებენ შს სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერები გავრცელდა, რაც შსს-მ ასევე დაბლოკა.

"ინტერპრესნიუსი"