"მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა" - რას ამბობს ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებზე? - კვირის პალიტრა

"მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა დანაშაულებრივი განზრახვა" - რას ამბობს ეკა ბესელია ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებზე?

ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან გარდა გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობისა, მთავარია ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიუდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მივესალმები გამოძიების სწრაფად მოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს დასაწყისია და არ არის დასასრული, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩანს ჩართული ამ უკანონო დანაშაულებრივ ქმედებაში. დაკავებულ პირთა რაოდენობაც მეტყველებს ამაზე, თუმცა, ეს რიცხვი როგორც ჩანს, გაცილებით მეტია. ველოდები გამოძიების შემდეგ ნაბიჯებს, რადგან მთავარია გარდა გამავრცელებელი პირების პასუხისმგებლობისა, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული, ის, ვისგანაც წამოვიდა თავიდან ეს დანაშაულებრივი განზრახვა და გადაწყვეტილება. ვინც იყო ინიციატორი ამ უკანონო ჩანაწერის გავრცელების, ვინც იყო ამ დანაშაულებრივი ქმედების სათავეში. ამაზე ველოდები პასუხს გამოძიებისგან. ის, რომ გუშინაც ვრცელდებოდა ეს უკანონო ჩანაწერი, ამის თაობაზე ინფორმაცია ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა და სწრაფი მოქმედება და პრევენციული ღონისძიებებია საჭირო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მას დღეს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ექნება. "გარკვეული პროცედურებიც იქნება ჩასატარებელი. ეს არის ის მეთოდი და ფორმა, რომელიც მიიჩნევა ყველაზე სამარცხვინო, მდაბიო და ამაზრზენ ბრძოლის ფორმად ოპონენტებთან და ეს არის მორალური ტერორის ერთ-ერთ დაუშვებელი სახე. ამიტომ ამ ფორმასთან ბრძოლა საჭიროა.

საჭიროა სხვათა დასაცავად მკაცრი რეგირება. ეს ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის შინაგანად მზად ვიყავი, ამიტომ პასუხისმგებლობა გადადის ყველა იმ ადამიანზე და ორგანოზე, რომელსაც ევალება ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიები დაცული იყოს. რა თქმა უნდა, გავაგრძელებ ბრძოლას იმ მიზნისთვის, რისთვისაც ეს ფორმა იყო გამოყენებული. მიზანია ჩემი განეიტრალება, ჩემი შეჩერება, ან ჩემზე მორალური წნეხი. ეს მიზანი ვერ მიიღწევა. მე იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ რისთვისაც ეს პროცესი დავიწყე. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და ქვეყანაში დამოუკიდებელი, გამართული მართლმსაჯულება",- განაცხადა ბესელიამ.

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.

"ინტერპრესნიუსი"