"ლადო გრიგალაშვილი ამბობს, ანა მისმა დაქალმა მოკლაო" - რას ამბობს მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა? - კვირის პალიტრა

"ლადო გრიგალაშვილი ამბობს, ანა მისმა დაქალმა მოკლაო" - რას ამბობს მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა?

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა, მამუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ლადო გრიგალაშვილი მისი შეყვარებულის მკვლელობას მოკლულის მეგობარ გოგონას აბრალებს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მიაწოდა.

"ციხიდან გამოვიდა ხმები, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილი ლაპარაკობს, ანა მისმა დაქალმა მოკლაო. მე ვუყვარდი და შური იძიაო - ასე ამბობს. რა თქმა უნდა, ეს არის სისულელე, აბსურდი! ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ისეთები ისაუბრა... თან ცდილობს დარწუნებას, რომ მკვლელობა გრიგალაშვილს არ ჩაუდენია, თან იმას ამბობს, ერთი ადამიანის გაკეთებული ეს არ არისო, მუხლის შეცვლასაც და სასჯელის აცილებასაც ცდილობს. რამდენ თამაშს თამაშობს, ვერ გავიგე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14 მარტს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს, განსაკუთრებული სისასტიკით, მსჯავრდებულთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა გამთენიისას შეყვარებული სახლიდან გაიხმო და დანის მრავალჯერადი და მრავლობითი დარტყმით, მას 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: "ჩემი შვილის ცხედარი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ თქვა, მანქანაში იჯდა ვიღაცასთან ერთადო" - ვის უჩივის მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამა?

"ინტერპრესნიუსი"