"ვისაც ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას" - კვირის პალიტრა

"ვისაც ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას"

ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, აქვს ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლებოდა გაევრცელებინა ფარული ჩანაწერი, თუმცა, დეპუტატი კონკრეტულ პირებს არ ასახელებს.

"მე კონკრეტული სახელი და გვარი რომ ვიცოდე, ის ადამიანი დაკავებული უნდა იყოს. მე მაქვს ჩემი ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება. ვინც შეიძლება დაუშვას ასეთი ამაზრზენი მეთოდებით ბრძოლა. ვისაც მე ვუპირისპირდები, იმ ადამიანებისგან ველოდები ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას", - განაცხადა ბესელიამ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ბესელია ვარაუდობს თუ არა, რომ აღნიშნულ საქმეში მისი თანაგუნდელებიც მონაწილეობდნენ. "მე ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად არ მივიჩნევ. მე ასეთ ადამიანებს მივიჩნევ ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად ან მათ გამგრძელებლად, მიუხედავად იმისა, რა სახელი ჰქვიათ დღეს, რომელი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ არიან. ადამიანების ეს ჯგუფი მე არ მიმაჩნია ჩემს თანაგუნდელად", - განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, იყო თუ არა სიცრუე, რომ თავის დროზე აღნიშნული ჩანაწერი განადგურდა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მისი მოპოვების შესაძლებლობა არსებობდა. "ეს მტკიცებულება არ განადგურებულა, დარჩა მასთან, ვინც ჩანაწერი უკანონოდ განახორციელა, ეს იყო წინა ხელისუფლება, ეს ჩანაწერი დარჩა სისხლის სამართლის საქმეში, დევს იქ, როგორც მტკიცებულება და ეს პროცესი არ დასრულებულა. მისი მოპოვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, ხოლო როგორ მოხდა, ვინ და რატომ გააკეთა ეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დაკავებულების სია გაიზარდოს. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა შსს-ში შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავარია გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორამდე მივიდეს.

"შევხვდი მინისტრის მოადგილეს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც ეს გამოძიება მიჰყავს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა, რომ მე მეთქვა გარკვეული მოსაზრებები და ასევე მიმეღო ინფორმაცია. რამე საგამოძიებო მოქმედება ჯერ არ დაგვიგეგმავს. ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები გავაფრთხილოთ, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულევრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება და განხორციელება, ასევე შენახვაც სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. რამდენიმე პირი დაკავებულია, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის გაზიარებას ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადამოწმება, მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს და მე არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. რეგიონებშიცაა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში. ჩემთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები დაცულები იყვნენ ასეთი უკანონო ქმედებისგან, აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, იმ სათავესთან საიდანაც დაიგეგმა ამის განხორციელება"- განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.

"ინტერპრესნიუსი"