"განადგურებულია მამა, რომელიც ამ საშინელებას შეესწრო " - რატომ გაიმეტა ძმამ ძმა მოსაკლავად?! - კვირის პალიტრა

"განადგურებულია მამა, რომელიც ამ საშინელებას შეესწრო " - რატომ გაიმეტა ძმამ ძმა მოსაკლავად?!

კიდევ ერთი ოჯახური ტრაგედია დატრიალდა 1-ელ თებერვალს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში. 31 წლის გაგა ფერაძემ უმცროს ძმას, 25 წლის დავით ფერაძეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა. როგორც ამბობენ, მან ერთხელ გაისროლა და ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი დახმარება ვერავინ შეძლო, ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს თვითმხილველები ჰყავს, თუმცა ისინი ჯერჯერობით მკვლელობის მოტივზე არ ლაპარაკობენ. არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის დროს სახლში ბიჭების მამაც იყო, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის თვითმხილველია. ის მომხდარით შოკირებულია და ლაპარაკი უჭირს. რატომ გაიმეტა ძმამ ძმა სასიკვდილოდ, ჯერ უცნობია... ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავემ იქაურობა დატოვა, თუმცა ძალოვნებმა მალევე, იმავე სოფელში დააკავეს. რა ჩვენება მისცა გაგა ფერაძემ ჩვენთვის უცნობია. მკვლელობის მოტივად ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკება სახელდება. როგორც შევიტყვეთ, ორივე ნასვამი იყო. გაგა ფერაძეს ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს და ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფელ მარტოთუბანში გამგებლის წარმომადგენელი დავით გაჩეჩილაძე:

- ყველანი გაოგნებულები და შეწუხებულები ვართ მომხდარით. ჯერჯერობით არ ვიცით მკვლელობის მოტივი და განცვიფრებულები ვართ, ვერ აგვიხსნია რატომ უნდა მოეკლა ძმას ძმა, მათ შორის კონფლიქტი ადრე არასოდეს ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ჩვენ არაფერი გაგვიგია. დადასტურებულია, რომ სახლის წინ, ეზოში ესროლა ძმას გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ბიჭებს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ დედა, რომელიც საბერძნეთში იყო სამუშაოდ წასული და იქიდან ჩამოასვენეს. ტრაგედიის დროს სახლში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. როგორც ამბობენ, ყველანი ნასვამები იყვნენ. ბიჭებს ერთი და ჰყავთ, რომელიც ამავე სოფელში, სხვა უბანშია გათხოვილი. დავითი 3 წელია თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, სოფელში რამდენიმე საათის ჩამოსული იყო. ეტყობა მერე სუფრა გაშალეს. ამბობენ, რომ ამ სუფრაზე მეზობლებიც იყვნენ და დალიეს. ვერც ფაქტის თვითმხილველი მეზობლები საუბრობენ მომხდარზე. ამბობენ, დავიშალეთ, ეზოში ჩამოსულები ვიყავით, უცებ ჩხუბის ხმა რომ გავიგეთო. ამ დროს ოთახში იყვნენ ძმები, იქ რა მოხდა, არავინ იცის... გამოვიდნენ და უცებ გაისროლა ერთმა და მეორე მოკლაო.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნასამართლევია...

- წარსულში წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. დაახლოებით ერთი წელი გაატარა ციხეში და 2018 წელს გამოვიდა. სოფელში არანაირი სამუშაო არ არის, გაგა არსად მუშაობდა. რამდენიმე დღის წინ გახდა დავითი 25 წლის... როგორც ჩანს, კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო. არც ერთი არ იყო დაქორწინებული. განადგურებულია მამა, რომელიც ამ საშინელებას შეესწრო. ვერაფერს ამბობს. ის პენსიონერია, ადრე რკინიგზაში მუშაობდა, ახლა სახლშია. მკვლელობა ღამით, ორის ნახევარზეა მომხდარი. მიზეზებს ალბათ გამოძიება დაადგენს, თუმცა ყველანი განვიცდით მომხდარს, არც ერთი არ იყო ცუდი ადამიანი. პატიოსანი ბიჭები იყვნენ. დავითი ძალიან მორიდებული, მშრომელი, კარგი ბიჭი იყო, გაგაზეც ცუდს ვერაფერს ვიტყვი.

ძალიან ვწუხვართ და ვუთანაგრძნობთ ოჯახს. დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს.

(სპეციალურად საიტისთვის)