"ვიდეო არ წაუშლია, მაგრამ არც გადმოუწერია. მიზანი ამ ჩანაწერის გავრცელება არ ყოფილა" - რას ამბობს გიორგი გასვიანის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ვიდეო არ წაუშლია, მაგრამ არც გადმოუწერია. მიზანი ამ ჩანაწერის გავრცელება არ ყოფილა" - რას ამბობს გიორგი გასვიანის ადვოკატი?

"გიორგი გასვიანს მოცემულ სიტუაციაში მსხვერპლად უფრო წარმოვიდგენ, ვიდრე დამნაშავედ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული მომღერლის, გიორგი გასვიანის ადვოკატმა კახა ხვისტანმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, გასვიანს აღნიშნული ფარული ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელება მიზნად არ ჰქონია.

"ერთადერთი მტკიცებულება რაც საქმეში აქვთ, "ფეისბუქის" მესენჯერის მიერ მიღებული ვიდეოფაილია, რომელიც გასვიანმა გახსნა, ნახა რომ მისთვის მიუღებელი იყო, იფიქრა, რომ პორნოსაიტიდან იყო ამონარიდი, რის გამოც მისი ყურება შეწყვიტა. ერთადერთი მტკიცებულება, რაც გამოძიებას მის წინააღმდეგ აქვს და სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 1 500 ლარის ოდენობით შეუფარდა, მის ტელეფონში არსებული ვიდეოა. არ წაუშლია, მაგრამ არც გადმოუწერია. გიორგი გასვიანის მიზანი ამ ჩანაწერის შენახვა, გავრცელება არ ყოფილა და მას ეს ქმედება არ განუხორციელებია. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ საქმის არსებით განხილვაზე შევძლებთ წარმოვადგინოთ ყველა ის მტკიცებულება, რაც გასვიანის უდანაშაულობას დაამტკიცებს. აბსოლუტურად თითოეული ჩვენგანი შეიძლება მსგავსი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, სოციალური მედიის საშუალებით მივიღოთ ინფორმაცია, რომელიც უკანონო, სხვისი ფარული ცხოვრების ამსახველი შეიძლება იყოს. ამ კანონის და მუხლის მიზანი ის არ ყოფილა, ჩვეულებრივი მნახველი დასჯილიყო. გიორგი გასვიანს მოცემულ სიტუაციაში მსხვერპლად უფრო წარმოვიდგენ, ვიდრე დამნაშავედ", -აცხადებს ხვისტანი.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 27 მარტს, 11:30 საათზე დაინიშნა.

საქალაქო სასამართლომ ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან დღეს 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

"ინტერპრესნიუსი"