SOS! კუსტარულად დამონტაჟებული სიკვდილი - კვირის პალიტრა

SOS! კუსტარულად დამონტაჟებული სიკვდილი

თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში დატრიალებულ ტრაგედიას შვიდი ადამიანი შეეწირა. სავარაუდოდ, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული ბუნებრივი აირის ხელსაწყო მწყობრიდან გამოვიდა და ოთახში დაგროვილი ნამწვი ამ უბედურების მიზეზი გახდა. თბილისში სამუშაოდ ჩამოსულებს მეტრო "ისანთან" ბინა ჰქონდათ ნაქირავები. ყველა მუშაობდა ერთ კომპანიაში, რომელიც ერთ-ერთი ბანკის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.

განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც დილით სამსახურში არც ერთი არ მივიდა. სამშენებლო ობიექტი ერთ-ერთი გარდაცვლილის, ბათო სუთიძის მეგობარს ჰქონდა აღებული. დილით ბიჭები რომ ვერ ნახა, დაურეკა, მაგრამ არც ერთმა არ უპასუხა. ამის შემდეგ სასწრაფოდ მათ ბინაში მივიდა. მეზობლები ამბობენ, თავიდან ეზოდან ეძახდა, რადგან არ იცოდა, რომელ ბინაში ცხოვრობდნენო.

- დილის 11 საათი იყო, მამაკაცი რომ მოვიდა. არც ჩვენ და არც მან არ იცოდა, რომელ ბინაში ცხოვრობდნენ, ამიტომ სართულ-სართულ დაიარა ბინები, თან რეკავდა და ასე, ტელეფონის ზარით მიაგნო მათ ბინას. კარი ღია დახვდა... ორი ბიჭი მისაღებში იყო ჩაკეცილი, ერთი - აბაზანაში, დანარჩენები - საწოლებში. მაშინვე გაუღია ფანჯრები, მერე გამოვარდა გარეთ და შველას ითხოვდა. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე ყველა გარდაცვლილი იყო, - გვიამბო მეზობელმა.

"ყაზტრანსგაზის" ოფიციალური განცხადებით, კომპანიას ბუნებრივი აირის წყლის გამაცხელებელი ორჯერ ჰქონდა ჩახსნილი - ერთხელ 2017 წელს, მეორედ - 2018 წლის 9 მარტს, თუმცა სავარაუდოდ მეპატრონემ ის თვითნებურად მიაერთა და ბინა ახალ მდგმურებს მიაქირავა. ბინის მეპატრონე მურადოვს დაკითხვის დროს გულის შეტევა დაემართა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.

გამოძიებამ დაჰკითხა "ყაზტრასგაზის" წარმომადგენლებიც, რომლებსაც ხელთ აქვთ მობინადრის გაფრთხილების ქვითარი. გამოჰკითხეს მეზობლებიც, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ გაზის სუნი არ უგრძნიათ. დაღუპულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მომხდარი ტელევიზიით შეიტყვეს. ბათო სუთიძეს სამშენებლო ბრიგადა ჰქონია და დასაქმებული ჰყავდა თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები.

"ყაზბეგში მუშაობდნენ, მაგრამ თოვლის გამო იქ ვეღარაფერს აკეთებდნენ და თბილისში ჩამოვიდნენ. მეგობარმა შესთავაზა სამუშაო და ბათომ შვილიც წაიყვანა. ტელევიზიით ვნახეთ ბათოს მანქანა და მაშინვე წამოვედით ასურეთიდან. მისი მეუღლე ტელეფონებზე რეკავდა, მაგრამ არავინ პასუხობდა. ეს ერთადერთი შვილი ჰყავდათ," - გვითხრა ოჯახის ახლობელმა. 19 წლის ლაშა კობახიძე ფულს აგროვებდა - უცხოეთში სურდა სამუშაოდ წასვლა. მისი მშობლები ზესტაფონის რაიონის სოფელ არგვეთაში ცხოვრობენ.

24 წლის ნუკრი ჩუბინიძე თერჯოლის რაიონის სოფელ საზანოდან იყო. მისი მშობლები და და სოფელში ცხოვრობენ.

"ძალიან კეთილი ბიჭი იყო, ცდილობდა, თავისი შრომით შეექმნა ყველაფერი. მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა, სულ შრომობდა", - მითხრა საზანოს გამგებლის წარმომადგენელმა დავით გოგბერაშვილმა.

ასპინძაში გადაასვენეს 28 წლის ნიკა კაპანაძე. მას 3 წლის შვილი დარჩა.

"ნიკას ოჯახი ასპინძაში ცხოვრობს. ისიც ბათუ სუთიძემ, ბიძამ წამოიყვანა სამუშაოდ. მათთან ერთად იყვნენ ნიკას მამიდაშვილებიც, რომლებიც ტყვიავიდან არიან და გორში ცხოვრობდნენ. ჯონდო და ვახო ყაზიშვილები დაოჯახებული არიან. ოჯახს ხუთი გარდაცვლილი ჰყავს. არ ვიცით, როგორ ვანუგეშოთ", - ამბობს კაპანაძეების ნათესავი.

ჯერჯერობით ისევ უპასუხოა მთავარი კითხვა - ვინ აგებს პასუხს ამ ტრაგედიაზე?

ტრაგედიის ადგილზე თბილისის მერი და თითქმის ყველა უწყების წარმომადგენლები მივიდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ისევ უპასუხოა მთავარი კითხვა - ვინ აგებს პასუხს ამ ტრაგედიაზე?

ახალი წლის შემდეგ გაზის ინტოქსიკაციით კლინიკებში ათეულობით ადამიანი მოხვდა. 16 იანვარს ავთანდილის ქუჩაზე დაგროვილი გაზის აფეთქებას ოთხი ადამიანი შეეწირა, მათგან სამი - ერთი ოჯახის წევრი. ამ საქმეზე გამოიკვეთა "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლების დაუდევრობა და ორი პირი დაკავებულია.

გამოძიება მიმდინარეობს 21 იანვარს ვარკეთილში მომხდარ ტრაგედიაზე - გაზის ნამწვით 70 წლამდე ასაკის ორი მამაკაცი გარდაიცვალა; ერთი ბინის მეპატრონე იყო, მეორე - სტუმრად მყოფი მეზობელი.

სიკვდილს გადაურჩა თემქის მე-3 მიკრორაიონში მცხოვრები ოჯახი. სავარაუდოდ, მათთანაც ჩO-ს დაგროვების მიზეზი კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობელი "კარმა" იყო. ოჯახის ექვსი წევრი, მათ შორის - მცირეწლოვანი ბავშვი, კლინიკაში გადაიყვანეს. გაირკვა, რომ "ყაზტრანსგაზმა" ეს ოჯახიც გააფრთხილა და გაზი ორჯერ ჩაუჭრა: ერთხელ 4 მაისს, მეორედ - 2018 წლის 12 დეკემბერს. როგორც ჩანს, გამათბობელი მათაც თვითნებურად მიაერთეს.

ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი განცხადებით, დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გასამკაცრებლად. ეს შეეხება როგორც გაზის მომწოდებელ კომპანიებს, ისე - მომხმარებლებს. "რამდენადაც რთული უნდა იყოს ამაზე საუბარი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამგვარი ტრაგედიები აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია მოქალაქეების ინფორმირება, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რა ზომებს მიიღებს სახელმწიფო, მომავალში გამოჩნდება. იმედია, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებიც უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს. ყველამ ერთად უნდა იზრუნოს, რომ მოქალაქეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

"10 თვეში თბილისში ჩახსნილია 69 500 დანადგარი"

2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა. 2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი გარდაიცვალა. 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.

გიორგი ლეფსვერიძე, "ყაზტრანსგაზის" დირექტორის მოადგილე:

- კანონმდებლობით გვევალება, რომ 1-ლი მარტიდან მომდევნო 1-ლ მარტამდე შევიდეთ ყველა აბონენტთან და შევამოწმოთ პირობები. სპეციალისტები ამოწმებენ ქსელს, დანადგარებს და ა.შ. ამოწმებენ გარეგანი დათვალიერებითაც და ხელსაწყოთიც.

2018 წლის 1-ლი მარტიდან 2019 წლის 1-ლ იანვრამდე, ანუ 10 თვეში, თბილისში ჩახსნილია 69 500 დანადგარი. 69 500 აბონენტს თვითნებურად ჰქონდა დამონტაჟებული, რითაც საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მეზობლებსაც! სამწუხაროდ, ასეთი აბონენტების 30-40% ყურად არ იღებს ჩვენს ნათქვამს და სპეციალისტების წასვლის შემდეგ თვითნებურად აერთებს გამათბობელს. სწორედ ამიტომ არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და რეგულაციები.