"უნდა გადამოწმდეს ყველა კერძო­ დეტექტიური და დაცვის სამსახური" - კვირის პალიტრა

"უნდა გადამოწმდეს ყველა კერძო­ დეტექტიური და დაცვის სამსახური"

"სანამ უწყებები "ნაცჯალათებისგან" არ გაიწმინდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება"

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით დაკავებულია 17 პირი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი სოციალური ქსელისა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ ვიდეოჩანაწერს.

ცნობისათვის: სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით), ისე შენახვა, რაც 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

სასამართლომ 17 დაკავებულიდან რამდენიმე პირი გირაოთი გაათავისუფლა, ნაწილს კი პატიმრობა შეუფარდა.

"სხვას გირაო - ჩვენ პატიმრობა?!"

დაკავებულთა შორისაა მომღერალი გიორგი გასვიანი. მისი ადვოკატი კახა ხვისტანი მიიჩნევს, რომ ის გარემოების მსხვერპლია: - გიორგის ფარული ჩანაწერის მოპოვება-შენახვაში ედება ბრალი. ვისგანაც ფირი მიუვიდა, ისიც დაპატიმრებულია, მისი ფეისბუკმეგობარია. იმასაც ვიღაცისგან მიუვიდა. გიორგის ოჯახს ძალიან უჭირს და ახლა თანხის მოძიებას ვცდილობთ. ლაპარაკია 1.500 ლარზე, მაგრამ მისთვის ეს სოლიდური თანხაა. გიორგის მიუვიდა რაღაც ფაილი ტელეფონით ფეისბუკმესინჯერში, ვერც მიხვდა, ვის ეხებოდა და გამომგზავნს მისწერა, არ მჯერაო. არც იცოდა, რომ ეს ქმედება დასჯადი იყო, გამოძიება კი ედავება, რატომ არ გჯეროდაო. პირადი ცხოვრების საჯარო სივრცეში გამოტანა ამაზრზენია და ვინც ამას აკეთებს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვერ ვადგენთ იმ პირებს, რომელთაც ჩაწერეს ვიდეო, შეინახეს და გაავრცელეს. ისეთი ამბავი იყო პროცესზე, ისეთი საცოდავი ადამიანები ვნახე... ყველანი შეიძლება აღმოვჩნდეთ მათ შორის.

ლალი ბიბილეიშვილი, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი: - ჩემი დაცვის პირს ჩანაწერის შენახვა-გავრცელებაში ედება ბრალი. რატომღაც მას პატიმრობა შეუფარდეს, სხვებს კი ანალოგიური მუხლით - გირაო. არ ვიცი, რატომ გამოიტანეს ეს განაჩენი, ალბათ, იმიტომ, რომ ანტონმა 15-კაციან ჯგუფში გაავრცელა ვიდეო, სხვამ - 6-კაციანში. საქმე გვაქვს შერჩევით სამართალთან - სხვას გირაო, ჩვენ - პატიმრობა. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ.

"კიბერტერორიზმზე სისხლის სამართლის მუხლები უნდა გამკაცრდეს"

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: - ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლის სქემა. ვინ დგას ამის უკან, ცალკე თემაა და ძალიან ფრთხილ მიდგომას მოითხოვს.

- იქნებ ვერსიების დონეზე გვითხრათ, ვინ შეიძლება იდგეს ამ კამპანიის უკან? - ეს არის ეროვნული უსაფრთხოების შელახვა და ამის გამკეთებელი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! კიბერტერორიზმზე სისხლის სამართლის მუხლები უნდა გამკაცრდეს და ის სამშობლოს ღალატის მუხლს უნდა გაუტოლდეს, რომელიც, სხვათა შორის, 2007 წელს "ნაციონალებმა" გააუქმეს. ფსიქოლოგიურ ტერორს თვითმკვლელობის გამოწვევაც შეუძლია. ეს ადამიანები ისეთივე ტერორისტები არიან, როგორიც, მაგალითად, "ალ-ქაიდასა" თუ "თალიბანის" ტერორისტული ორგანიზაციების წევრები.

კიბერტერორისტულ დანაშაულში შემსრულებელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ის, ფაქტობრივად, დაქირავებული მკვლელია და ასეთ დროს დამკვეთზე გასვლა და საქმის გახსნა თითქმის შეუძლებელია. ჩემი აზრით, ეს საქმე პრემიერ-მინისტრმა პირადად უნდა გააკონტროლოს. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ჩართული იყვნენ ამ ბინძურ საქმიანობაში. ვანო მერაბიშვილის დროს შინსახკომის სივრცეში შეიქმნა ე.წ. ოტო (ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი), სადაც ჯამალაშვილები და სხვა გარეწრები მუშაობდნენ. მართალია, მათ პასუხი აგეს, მაგრამ არასრულად... იქ არა მარტო ჩაწერა ხდებოდა, არამედ ოჯახებში შესვლა და კომპიუტერიდან ინფორმაციის ამოღება-გაყალბებაც, შემდეგ კი ამ ყველაფერს ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდნენ. უნდა გადამოწმდეს ყველა კერძო დეტექტიური და დაცვის სამსახური. ისინი სოკოებივით გამრავლდნენ "ნაცმოძრაობის" დროს. დამამზადებლებმა ეს საქმე მაღალ დონეზე იციან, ამიტომ შემკვეთების გამოსავლენად შორს წასვლა არ არის საჭირო.

- ახლანდელ ხელისუფლებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ, სავარაუდოდ, სრულად არ განადგურდა ჩანაწერები.

- ფაქტია, ფაილები არ განადგურებულა. როდესაც დახურული ჩვენება იყო, გამიკვირდა, რატომ არ მიიწვიეს სპეციალისტები. მე რომ იქ ვყოფილიყავი, მაშინვე დავადგენდი, კოპირებული იყო თუ ორიგინალი. ის, რომ არ მიუწვევიათ მაღალი დონის სპეციალისტები, აჩენს ეჭვს, რომ ვიღაცას არ აწყობდა ამის დადგენა.

- შესაძლებელია თუ არა ამ დანაშაულის უკან იდგეს ის ძალა, რომლის მიზანიც სახელისუფლებო გუნდში განხეთქილების შეტანაა? თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩიეს ის ადამიანები, ვისაც ჩანაწერები გაუგზავნეს? - საქართველოში ისეთი ქაოსია, არ გამოვრიცხავ, აქ უცხოური სპეცსამსახურის კვალიც იკვეთებოდეს. ვიღაცამ ფოკუსჯგუფების სახით სპეციალურად შეარჩია რიგითი გამავრცელებლები. საქმე გვაქვს სპეცსამსახურების მიერ ფსიქოლოგიურ დონეზე დამუშავებულ ოპერაციასთან. მთლად სუს-ზე აქცენტის გადატანა არ იქნებოდა მართალი, თუმცა არც ეს არის გამორიცხული, ვინაიდან იქ დღემდე არიან "ნაციონალების" კადრები, ჯალათები, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ ამ ფირების გადაღებაში და კარგად იციან ტექნოლოგიები... გარდა ამისა, საქართველოში რამდენი კერძო, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ლეგალური თუ არალეგალური სპეცსამსახურია?

დიახ. შემსრულებლები პროფესიონალები არიან და კარგად იციან სოციუმის ფსიქოპორტრეტი; დამუშავებულია გავრცელების და დაფარვის ოპერატიული სქემებიც, მიზნის შესასრულებლად კარგად შერჩეულია გარემო და დრო. მათ სურთ საზოგადოებაში შეიქმნას არაჯანსაღი განწყობა, ეჭვიანობის სინდრომი, რომელიც შექმნის აზრს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და სახელმწიფო სტრუქტურები ცუდად მუშაობენ, შემდეგ კი ამის ფონზე შეიქმნას პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური ისტერია, რაც შეიძლება სახელმწიფოებრიობის ძირგამომთხრელი ფაქტორი გახდეს.

- მაინც ვის ინტერესებში შედის ეს? - ამ ეტაპზე თითს ვერავისკენ გავიშვერ. ამ სქემას შესაძლებელია ნებისმიერი პოლიტიკური რგოლი მოერგოს - როგორც უმრავლესობაში, ისე მის გარეთ. "ნაციონალებს" მოსისხლე მტრებად მივიჩნევ, მაგრამ უაპელაციოდ თითს ვერ გავიშვერ. ჩანაწერები მათ დროს რომ შეიქმნა, ფაქტია. სანამ უწყებები "ნაცჯალათებისგან" არ გაიწმინდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება. ობობას ქსელის სისტემა იკვრება - სახელმწიფო სახელმწიფოში, დაახლოებით ამ ქსელური მოდელის ვარიანტია. პირობითად რომ ავიღოთ, კიბერტერორის შემსრულებლები იგივე დაქირავებული მკვლელები არიან. ამჟამად დაკავებულები უფრო ინფორმაციის მომპოვებლები და გამავრცელებლები არიან, შესაძლოა, უნებლიეთაც.

- როგორ ფიქრობთ, გაიხსნება ეს საქმე? - დანაშაული ხუთსაფეხურიანი სქემით უნდა განვიხილოთ. ამ ჯაჭვში არიან: ინფორმაციის მომპოვებელი, დამმუშავებელი, დამკვეთი, ორგანიზატორი და შემსრულებელი. ჩვენი სპეცსამსახურები თუ ამ სქემით წავლენ, ამ მართლაც ურთულეს საქმეში შეძლებენ კვალზე გასვლას. ვფიქრობ, გარკვეულ დონემდე მივლენ, მაგრამ დამკვეთამდე გასვლა ძნელად წარმოსადგენია. ასეთ დანაშაულთან მიდგომის შემუშავება ჩვენთან ახლახან დაიწყო და მსოფლიოს ჩამოვრჩით. ასე რომ, დამკვეთამდე კი არა, ორგანიზატორებამდე გასვლაც ძალიან გაჭირდება.

- დანაშაულის პრევენციაზე რას იტყვით? - კიბერსივრცე ოკეანესავით უკიდეგანოა და როგორც ოკეანეში ნაოსნობასა და მეკობრეობას ვერ აღკვეთ, ასევე ინტერნეტოკეანეში როდის რა ამოვარდება, ამის პრევენცია ნონსენსია. ვინც ამის პრევენციაზე ლაპარაკობს, უმეცარია. პრევენცია შეიძლება ის იყოს, რომ გაააქტიურო ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობა. თუ გაქვს ოპერატიული ან აგენტურული ინფორმაცია და იცი, რა პირობებში, რა ადგილას აიტვირთება ვიდეო, კი ბატონო; ან როცა მასალა მიწოდებულია არაპროფესიონალების მიერ, შეიძლება მიჰყვე და მაშინვე ჩაავლო დამნაშავეს, მაგრამ თუ ეს მაღალი დონის პროფესიონალმა გააკეთა, დადგენა შეუძლებელია. კიბერტერაქტთან ომი ამერიკას უჭირს და ჩვენ რა შეგვიძლია? ეს საერთო საფრთხეა და ყველას შეიძლება ამოუვარდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირი.