"საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი" - კვირის პალიტრა

"საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში აცხადებენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

"ინტერპრესნიუსი"