"გონივრული ეჭვის" საგონებელი - კვირის პალიტრა

"გონივრული ეჭვის" საგონებელი

"ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც გინდა და როცა გინდა, მაშინ უტირებ დედას"

"ამის განმარტებას პლატონი ან სოკრატე სჭირდება"

პოლიციის შესახებ კანონში შესატანმა ცვლილებამ "გონივრული ეჭვის" თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გვაქვს "გონივრული ეჭვი", რომ ამ კანონის მიღებას ვერც ერთი გონივრული არგუმენტი წინ ვერ დაუდგება.  ძალაუფლებით აღჭურვილ და საკუთარი დანაშაულის დაფარვის სურვილით შეპყრობილ პოლიციელებს კი შესაძლებლობა ეძლევათ მართლაც "გონივრული" აზრები მოუვიდეთ თავში.

"მუხლი 9 პრიმა. შეჩერება და ზედაპირული შემოწმება.

1. პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი(?!) მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ;

2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურების ან გამორიცხვისთვის აუცილებელი გონივრული ვადა;

3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა და წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს მას შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის უფლება;

4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად;

5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში ერთჯერადად შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ანდა დაუსაბუთებელი შეჩერებისთვის".

ეს კანონპროექტი პარლამენტარების: პავლე კუბლაშვილის, ლაშა თორდიას, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას შექმნილი და ინიცირებულია. კანონპროექტმა ორი მოსმენა გაიარა და გონივრული ეჭვი გვაქვს, მესამე მოსმენით ტაშის გრიალით დამტკიცდება!

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: - ახალი საპროცესო კოდექსით სიტყვა "ეჭვის გამომრიცხავი" შეიცვალა "გონივრულ ეჭვს მიღმა" კატეგორიით. ანუ კანონში იურიდიული ტერმინის ნაცვლად, ფილოსოფიური კატეგორია გაჩნდა. მის ახსნას, რა თქმა უნდა, ვერავინ ახერხებს. არც ერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში მსგავსი რამ არ არსებობს.

- რა კრიტერიუმით უნდა დადგინდეს გონივრულობის მაჩვენებელი?

-  სიმართლე გითხრათ, ამის განმარტება თვითონაც უჭირთ. ამ კანონით პოლიციის თანამშრომელს უფლება ეძლევა გონივრული ეჭვის საფუძველზე შეაჩეროს (და არა დააკავოს) მოქალაქე. მარტივად რომ ვთქვათ, როცა პოლიციელის ტვინის უჯრედები მიიღებს იმპულსს, მას უფლება აქვს, კედელზე ააყუდოს ნებისმიერი მოქალაქე და ზედაპირულად მიუსვ-მოუსვას ხელი.

იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მყარ საგანს შეიგრძნობს, ამ საგნის სენსიტიური აღქმის შედეგად შეიძლება სისხლის სამართლის პროცესით დადგენილი ჩხრეკის ჩატარება გადაწყვიტოს. ჩხრეკა უნდა ჩაატაროს უფლებამოსილმა პირმა, დეტექტივ-გამომძიებელმა, რომელიც მყარი საგნის აღქმის შემდეგ უნდა გამოიძახოს პოლიციელმა ან მიიყვანოს შეჩერებული პირი განყოფილებაში. თუ მყარი საგანი არ განეკუთვნება მართლსაწინააღმდეგო ნივთების კატეგორიას, თურმე ამის შემდეგ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს პოლიციელის უკანონო ქმედება(!).

ყველას კარგად ესმის ამ კანონის ანეკდოტურობა, მაგრამ სასაცილოდ სულაც არ გვაქვს საქმე. ამ კანონპროექტის დამკვეთის, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი იყო, პოლიციელი მწვავე პოლიტიკური ვითარების დროს გაზრდილი უფლებებით აღეჭურვა. ალბათ, ამ კანონით ხელისუფლებისთვის არასასურველ ნებისმიერ პირს შეაჩერებენ, მერე დააკავებენ და მოგვიანებით, შესაძლოა, ბრალდებულადაც კი გამოცხადდეს მის ჯიბეში "მყარი საგნის" აღმოჩენის გამო.

KvirisPalitra.Geგონივრული ეჭვის კრიტერიუმის დადგენა  უფრო ფილოსოფიური კატეგორიაა, ვიდრე სამართლებრივი. ამის განმარტებას პლატონი ან სოკრატე სჭირდება. ვეჭვობ, ვერც ეს ორი უდიდესი ფილოსოფოსი შეძლებდა, რადგან კაცობრიობას პოლიციელის გონიერების კრიტერიუმის დადგენის მეთოდები ჯერ არ გამოუგონებია. უბედურება ის არის, ამ კანონით არც პოლიციელები არიან უკეთეს დღეში.

თუკი პოლიციელი ჯეროვნად არ შეასრულებს დავალებას, ანუ პოლიციელის გონივრული ეჭვი მყარ საგანზე არ აღმოჩნდება გონივრული და მოქალაქის ჯიბიდან კანონსაწინააღმდეგო მყარ საგანს არ ამოიღებს, ვაი მას! - თვითონ აღმოჩნდება თავისივე გონივრული ეჭვის მსხვერპლი, როგორც უკანონო შემჩერებელი და თავისუფლების უკანონოდ აღმკვეთი.

კანონპროექტი ერთ ჩემს ნაცნობ პოლიციელს გავაცანი და ვთხოვე, რას ნიშნავს ეს, პოლიციურ ენაზე მითარგმნე-მეთქი. მან ლაკონიურად მიპასუხა: ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც გინდა და როცა გინდა, მაშინ უტირებ დედასო(!).

ჩემი რესპონდენტის ვინაობას, ბუნებრივია, ვერ დავასახელებ, რადგან ქვემოთ მოთხრობილი ამბავი აღიარებითი ჩვენება უფროა, ვიდრე ინტერვიუ:

- პოლიციაში დიდხანს ვიმუშავე, მათ შორის - კომუნისტების ეპოქაშიც. საბჭოთა კავშირი ტოტალური სახელმწიფო იყო, მაგრამ გონივრული ეჭვის გამო კაცის გაჩერებისა და გაჩხრეკის უფლება კანონით მაშინაც კი არ გვქონდა. თუ მოქალაქის გაჩერებასა და გაჩხრეკაზე მიდგებოდა საქმე, აუცილებელი იყო წერილობითი ოპერატიული და დადასტურებული ინფორმაცია;

ან მოქალაქის ჩხრეკა-გაჩერების უფლებას იძლეოდნენ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა ბრძანება გაიცემოდა რეიდის ჩატარებაზე. თუ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, მოქალაქე მიგვყავდა სამორიგეო ნაწილში და იქ ვამოწმებდით. თუ ინფორმაცია დადასტურდებოდა, პირს დავაკავებდით, თუ არა და ბოდიშს მოვუხდიდით და გავუშვებდით. ასე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც.

- თუ პირს უმიზეზოდ წაიყვანდით განყოფილებაში, შეეძლო თუ არა ეჩივლა პოლიციელისთვის?

- რა თქმა უნდა, თუ ის ამ პროცედურით თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა. ამიტომაც იყო საჭირო რეალობასთან ახლო მყოფი ოპერატიული ინფორმაცია და არა პოლიციელის გონივრული თუ არაგონივრული ეჭვი. შევარდნაძის დროსაც ასე იყო, თუმცა კანონი მაშინ ყველას დავიწყებული გვქონდა. პოლიცია 3-4-კაციან ჯგუფებად გამოდიოდა მსხვერპლის საძებნად.

ვაჩერებდით ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ჩვენებურად მსხვერპლს ვეძახდით. ჩხრეკას აუცილებლად უნდა დასწრებოდა ორი მოქალაქე (მოწმე), რომლებიც ოქმზე ხელმოწერით დაადასტურებდნენ, რომ ჩხრეკისას ამა და ამ პირს ნამდვილად აღმოაჩნდა აკრძალული საგანი. მიუხედავად იმისა, რომ უმიზეზოდ, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე მოქალაქეების გაჩერება აკრძალული გვქონდა, უკანონოდ ვაჩერებდით ყველას, ვინც მოგვესურვებოდა. უფრო სწორად "გონივრული ეჭვის" თვალი მაშინ გადახდისუნარიანებისა და გადახდისუუნაროების გამოსავლენად იყო აუცილებელი.

- თუ არაფერი ჰქონდა კაცს ჯიბეში, გადახდისუნარიანობა რა შუაში იყო?

- არაფრის ქონა ჯიბეში, მაშინ როცა ძალაუფლების მქონე პოლიციელთან გაქვს საქმე, ამინდს დიდად ვერ ცვლიდა. "დავარწმუნებდით", რომ ფული ჰქონდა მოსატანი. ვეტყოდით, რად გინდა პრობლემები, ახლა ნარკოტიკს ან იარაღს ჩაგიდებ და ციხეში გაგიშვებ-მეთქი. ადამიანის ფსიქოლოგია ისეთია, თუ ძალიან პრინციპული და შემტევი არ არის,  ზედმეტ პრობლემას ფულის გადახდა ურჩევნია.

- რომ ეჩივლა?

- საქმეც ის არის, რომ სადაც უნდა ეჩივლა, იქაც ის კანონი მოქმედებდა, რაც ქუჩაში. მაინც ვერ დაამტკიცებდა სიმართლეს. ეგ იყო, განსაკუთრებული განყოფილების თანამშრომელი მის საჩივარს გამოიყენებდა იმისთვის, რომ პოლიციელისთვის წაეგლიჯა მოქალაქისთვის გამოძალული ფული. დაგიბარებდა და დაგიწყებდა ვაჭრობას.

ახლა კი სახელმწიფო აკანონებს იმას, რასაც ჩვენ კანონი გვიკრძალავდა. თან, პოლიციელს რომ ეუბნები, თუ შენი გონივრული ეჭვი არ გამართლდა, დედას გიტირებო, როგორ ფიქრობთ, გაიმტყუნებს თავს? პოლიციაში დიდხანს ვიმუშავე და ვიცი, პოლიციელთა უმრავლესობა დიდი გონებრივი განვითარებითა და ინტელექტით ვერ დაიკვეხნის.

ეს კანონი იმისთვის შეთხზეს, რომ სახელმწიფომ, ვინც და როცა უნდა, მაშინ აქციოს მსხვერპლად. ეს ისეთი კანონპროექტია, როცა მოქალაქეც და პოლიციელიც ხელისუფლების მძევალია. იმას, რასაც მე იმ კორუმპირებულ დროში ჩემი ინიციატივით ვაკეთებდი და რასაც კანონი მიკრძალავდა, ახლა აკანონებენ და გონივრულ ეჭვს არქმევენ! ძალზე საშიში ტენდენციაა!

ესე იგი ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი მყარდება. რა საჭირო იყო ამდენი "ფოკუსნიკობა"? დაეწერათ პირდაპირ, პოლიციელს ეჭვის საფუძველზე აქვს ნებისმიერი პირის გაჩერების უფლებაო და მორჩებოდა ამით ყველაფერი. მაგრამ იცით, გონივრულობის შემოტანა რისთვის დასჭირდათ? ჩვენი ხელისუფლება ხომ იჩემებს, დემოკრატიის შუქურა ვარო? შუქურას კი არ შეშვენის ეჭვის საფუძველზე მოქალაქის გაჩერება, ეჭვი აუცილებლად გონივრული  უნდა იყო!

P.S. დიდი ტვინის ჭყლეტის შემდეგ კანონპროექტი, როგორც იქნა, ადამიანურ ენაზე გადავთარგმნე და აი, რა გამოვიდა: ნებისმიერ პოლიციელს უფლება აქვს, აკრძალული ნივთის აღმოჩენის სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს გაჩხრიკოს მოქალაქე, ხოლო თუ მას არ აღმოაჩნდა აკრძალული ნივთი, პოლიციელი იძულებულია მას ეს ნივთი ჩაუდოს, თორემ დაისჯება(!). მაგარია, ვერაფერს იტყვი, ნამდვილი დეკომრატიაც "ასეთი უნდა იყოს"...