"დედაჩემს პოლიციელები მანქანით დაეჯახნენ და ხულიგნობისთვის მამაჩემი დააკავეს(?!)" - კვირის პალიტრა

"დედაჩემს პოლიციელები მანქანით დაეჯახნენ და ხულიგნობისთვის მამაჩემი დააკავეს(?!)"

ჩვენი პოლიციელების გონივრულობის კრიტერიუმი თუ ისეთივეა, როგორიც წნორის ქვეგანყოფილების პოლიციელებისა, ცუდად გვქონია საქმე. ისღა დაგვრჩენია, ახლავე ნებით დავიბევოთ ციხეში ადგილები! თუმცა პოლიციელთა გონივრულობა ერთადერთი დილემა არ გახლავთ - გონივრულობის კრიტერიუმები სასამართლოშიც აშკარად მოიკოჭლებს!

გელა ტოზაშვილი: - სიღნაღის რაიონში კვირაობით ბოდბისხევის ბაზრობა იმართება ხოლმე. ჩემი მშობლები 1-ელ აგვისტოს ბაზარში წავიდნენ. ამ დროს იქ უამრავი ხალხია და ტრანსპორტიც ძალზე ნელა მოძრაობს. ერთი სიტყვით, ბაზართან დედაჩემს ავტომანქანა დაეჯახა. დედა წაიქცა და დაჟეჟილობაც მიიღო.

მამაჩემი კახელი კაცია და წაქცეული მეუღლე რომ დაინახა, მანქანის მძღოლს კახურად შეუკურთხა. მანქანაში სამი კაცი იჯდა, ასე, 22-27 წლის ახალგაზრდები. როგორც მამამ მიამბო, გადმომხტარან მანქანიდან, აუ, შეგვაგინაო, და მამაჩემის ჩატენა დაუწყიათ მანქანაში. 72 წლის მოხუცის მანქანაში შეგდებას რა დიდი ძალა უნდოდა? მამა გაოცებულა, ვინ ხართ, სად მიგყავართო.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული წნორის პოლიციის განყოფილების უფროსი, ვანო გვედაშვილი და მისი თანამშრომლები ყოფილან. მამაჩემმა მითხრა, ისე მაგინეს, კახელი ვარ და მეც შემრცხვაო.

- პოლიციელებმა სასწრაფო არ გამოიძახეს? იქნებ ქალი მძიმედ იყო დაშავებული? არც იმის გარკვევა უცდია ვინმეს, ვინ იყო ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე?

- როგორ გეკადრებათ? პირიქით, დედაჩემს პოლიციელები მანქანით დაეჯახნენ და ხულიგნობისთვის მამაჩემი დააკავეს(?!). მოკლედ, მამაჩემი წნორის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს და ამ ხნის კაცს წვრილმან ხულიგნობაში დასდეს ბრალი.

თურმე 72 წლის კაცი ბოდბისხევის საკოლმეურნეო ბაზარში იდგა, უმისამართოდ იგინებოდა და მოქალაქეების მყუდროებასა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა(?!). სასამართლო პროცესზე მოვიკითხეთ ის პოლიციელები, მამაჩემის ხულიგნობა რომ აღკვეთეს და დედაჩემს რომ დაეჯახნენ. მითხრეს, შვებულებაში გავიდნენო(?!). სამართალდარღვევის ოქმი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა სერგო ქერეჭაშვილმა შეადგინა, რომელიც მამაჩემის ხულიგნობას სინამდვილეში არ შესწრებია.

ვნახოთ, რა წერია დადგენილებაში, რომელიც სასამართლომ გამოიტანა (დადგენილება რომ წავიკითხე, მოსამართლე შემებრალა. ორ ცეცხლს შუა ყოფილა - ეტყობა, არც 72 წლის კაცის "ხულიგნობისთვის" პასუხისგებაში მიცემა უნდოდა და არც პოლიციელების დანაშაულის გამჟღავნება. ამიტომაც გამოვიდა ანეკდოტური. - ავტ.)

ამონარიდი დადგენილებიდან (სტილი დაცულია): "სასამართლომ გამოარკვია, რომ 2010 წლის 1-ელ აგვისტოს ანზორ ტოზაშვილი სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევში საკოლმეურნეო ბაზარში იდგა და უმისამართოდ იგინებოდა. ანზორ ტოზაშვილმა განმარტა, რომ საკოლმეურნეო ბაზარში მისთვის უცნობი ავტომანქანა წამოედო მის მეუღლეს.

აღნიშნულის დანახვაზე იგი აღელდა, შეშინდა მეუღლის ჯანმრთელობის გამო და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი. მას შემდეგ კი, რაც დაინახა, რომ  არანაირი დაზიანება არ ჰქონდა მის მეუღლეს, დაწყნარდა, თუმცა პოლიციის მუშაკებმა მაინც დააკავეს და შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მან ბოდიში მოიხადა ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც შესაძლოა დაერღვა მყუდროება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ანზორ ტოზაშვილის ბრალეულობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაში, მაგრამ იმის გამო, რომ ანზორ ტოზაშვილმა გულწრფელად მოინანია დანაშაული, სამართალდამრღვევი ასაკოვანია პირია და სამართალდარღვევის ჩადენის წინა პირობა - მის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა - განხორციელდა მაშინ, როდესაც ავტომანქანა წამოედო მის მეუღლეს, გათვალისწინებული უნდა იქნას სამართალდარღვევის ხასიათი და იგი უნდა ჩაითვალოს მცირემნიშვნელოვან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რის გამოც სამართალდამრღვევი გაათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა".

გელა ტოზაშვილი: - თურმე უცნობი მანქანა წამოსდებია დედაჩემს, მამაჩემი კი იმიტომ შეიბრალეს და ადმინისტრაციული სახდელისაგან გაათავისუფლეს, რომ გულწრფელად მოინანია დანაშაული! მინდოდა, დედასთვის ექსპერტიზა ჩამეტარებინა, გვარიანად იყო დაჟეჟილი, მაგრამ არ გამომყვა. შეშინებულია, 72 წლის კაცს რა უქნეს და შენც მოგწევენ რამესო.

P.S. რაღა დაგიმალოთ და გელა ტოზაშვილის დედის შიში სულაც არ არის უსაფუძვლო. რა იცი, რა "გონივრული ეჭვი" დაებადება განაწყენებულ პოლიციელს თავში?