"მაშინ გაგვქურდეს, როდესაც ბიჭების ცხედრები ეკლესიაში გადავასვენეთ, გამაოგნებელია ეს რა ადამიანმა იკადრა..."
07-02-2019
"მაშინ გაგვქურდეს, როდესაც ბიჭების ცხედრები ეკლესიაში გადავასვენეთ, გამაოგნებელია ეს რა ადამიანმა იკადრა..."
ფოტო:ძმები - ჯონდო და ვახო ყაზიშვილები
თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ, რასაც 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მთელი საზოგადოება შეძრა. ამ დრომდე ძალოვნებს არ გამოუვლენიათ დამნაშავე და უცნობია ისიც, ვისი დაუდევრობით მოხდა ამხელა ტრაგედია, შესაბამისად, არც ის არის ცნობილი, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი.

ფაქტია, ბინაში კუსტარულად დამონტაჟებულ ხელსაწყოს 7 ადამიანი ემსხვერპლა და მათ ოჯახებში საშინელი გლოვაა. ბათო და მისი ერთადერთი ვაჟი, ანზორ (კუსა) სუთიძე სამშაბათს, 5 თებერვალს, თერჯოლაში დაკრძალეს. ასევე მშობლიურ სოფლებში გამოეთხოვენ 24
წლის ნუკრი ჩუბინიძეს და 20 წლის ლაშა კობახიძეს. 7 თებერვალს, ასპინძაში ნიკა კაპანაძეს მიაბარებენ მიწას. ნიკას მამიდაშვილების, ძმების ვახტანგ (ვახო) და ჯონდო ყაზიშვილების დაკრძალვა 5 თებერვალს გორში იყო, თუმცა იმ დღეს მათ სახლში მომხდარი ფაქტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ყაზიშვილების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაიქურდა.
ქურდმა ქალების ჩანთებიდან ფულები მაშინ მოიპარა, როცა მგლოვიარე ხალხმა მიცვალებული ტაძარში გაასვენა. შემთხვევა გორში, ვერხვების ლტოლვილთა დასახლებაში მოხდა.
ვახტანგ ყაზიშვილის ცოლის და, მაკა ზუბაშვილი ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ პოლიცია გამოიძახეს და საქმეც აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით).

ვახტანგ ყიზიშვილის ცოლის და, მაკა ზუბაშვილი:

- ამ ბიჭების დაღუპვამ გაგვანადგურა, ეს იყო სრული შოკი ჩვენთვის. ვახო ჩემი სიძეა 5 წელია და ის ძმასავით მიყვარდა. ძალიან მშრომელი, მოსიყვარულე, ერთგული ბიჭები იყვნენ. ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, ორივე ძმა ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ. ვახო 31 წლის იყო, 4 წლის გოგონა დარჩა, არადა, როგორ უხაროდა ცხოვრება, რამდენი გეგმა დარჩა განუხორციელებელი. სოფელ არცევიდან იყვნენ ძმები, დევნილები. ვახო დევნილთა დასახლებაში, კოტეჯებში, მეუღლესთან, დედასთან და თავის პატარა გოგონასთან ერთად დასახლდა. მისი ძმა ჯონდო, გორში, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ჯონდოსაც ძალიან კარგი ოჯახი აქვს. მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა, 14 და 11 წლის ბიჭები. ორივეს ცხედარი ვახოს სახლში ესვენა და 5 თებერვალს მივაბარეთ მიწას.

- ვრცელდება ინფორმაცია ბინის გაქურდვაზე, ეს მართლა მოხდა?
- დიახ, ეს მაშინ მოხდა, როცა ცხედრები სახლიდან ტაძარში გადავასვენეთ. დილით 11 საათზე მოხდა სახლიდან მათი გამოსვენება, ისეთი გამწარებულები და განადგურებულები ვიყავით, ჩანთები ტაძარში ვის რაში გვჭირდებოდა და სახლში დავტოვეთ. არც სახლის დაკეტვა მოგვსვლია აზრად, ისეთი ამბავი იყო ჩვენს თავს. დაკრძალვიდან სახლში დაახლოებით 5 საათზე მოვედით, ჩემი და - ვახოს მეუღლე, ლანა, თავის საძინებელში რომ შევიდა, ნახა ჩანთის ზონარი ცალკე ეგდო, გაუკვირდა, ჩანთა კარადაში ჰქონდა შენახული, ნახა რომ საფულეც გახსნილი იყო... მას ჩანთაში ფული არ ედო, მაგრამ ჩემი ჩანთა მოვიძიე, რომელიც იმავე კარადაში მქონდა შენახული და იქიდან 100 ლარი იყო ამოღებული, ქურდი ორივე საძინებელში იყო ნამყოფი, მეორე ოთახში ვახოს დედის და მეორე რძლის ჩანთიდან იყო თანხები ამოღებული, ერთს 45 ლარი ჰქონდა, მეორეს -95 ლარი. აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი, გინდაც მილიონები წაეღოთ, ჩვენ ისეთი სიმწარე ვნახეთ, ისე გვტკივა გული, ფული ვის აინტერესებს, მაგრამ აქ ყველაზე მთავარია იმის დადგენა ვის მოუვიდა აზრად, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სახლში შესულიყო და ბინა გაექურდა. ესაა ამაზრზენი. ყველაზე მეტად ეს გვაინტერესებს, ეს ვინ გააკეთა, რა ადამიანმა იკადრა, რომ მგლოვიარე ოჯახი გაექურდა.

- ბინიდან სხვა ნივთებიც ხომ არ არის წაღებული?
- არა, მხოლოდ ფული წაიღეს.

- პოლიცია გამოიძახეთ?
- კი მაშინათვე გამოვიძახეთ. წაღებულია ჩანთები ექსპერტიზაზე, ამოღებულია ანაბეჭდები და იმედი გვაქვს ყველაფერი გაირკვევა, გვინდა თვალებში ჩავხედოთ იმ ადამიანს, ვინც ეს იკადრა. ამხელა ტრაგედიაა, მთელი საქართველო გვისამძიმრებს, ასეთი კარგი ბიჭები იღუპებიან და ამ დროს ამის ჩამდენი ნაძირალები დადიან დედამიწაზე.

იმ საბედისწერო ღამეს  12 საათის მერე, პირველის ნახევრამდე მესინჯერში, ვიდეოთვალით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს ლანა და ვახო, ბიჭი სახლში იყო, მერე კიდევ ერთი მესიჯი მოუწერია, კარგი, ვიძინებთ, გაკოცეთო...
ვახო ყოველ საღამოს და დილას ურეკავდა მეუღლეს. მეორე დილით დარეკვა რომ დააგვიანდა, ლანამ დაურეკა, მაგრამ არავინ უპასუხა, მერე ვახოს ძმასთან დარეკა, არც ჯონდო პასუხობდა, აფორიაქებულა და ამის მერე ყველასთან დაურეკავს, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდა. არავინ რომ არ პასუხობდა, გულმა ცუდი უგრძნო, ამის მერე ჩართო ტელევიზორი და იქიდან გაიგო, რომ 7 ადამიანი იყო ერთად დაღუპული.
მაშინათვე ჩვენ დაგვირეკა, - ჩვენები ხომ არ არიანო...  ამის დაჯერება ძალიან გვიჭირდა, კიდევ იმედს ვიტოვებდით, მაგრამ გამოაცხადეს, რომ შვიდივე ერთად ბანკის სამშენებლო საქმეებს ასრულებდაო და უფრო გამყარდა ჩვენი ეჭვები, მერე ტელევიზიით აივანზე გაფენილი ბიჭების სარეცხი რომ აჩვენეს, ჩემმა დამ - ლანამ, ვახოს შარვალი იცნო და გაირკვა, რომ ეს უბედურება ჩვენს თავს ხდებოდა.

იმ ღამით ყველას ჰქონდა თავიანთ სახლებში დარეკილი, ვახოს ძმასაც ულაპარაკია მეუღლესა და შვილებთან...  მეორე დილით კი ეს საშინელი ამბავი გაიგეს. ნიკა კაპანაძე ბიჭების ბიძაშვილი იყო, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ნიკას თავის მამიდაშვილებთან საოცრად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ნიკას ბიძამ წაიყვანა სამუშაოდ ბიჭები. უთქვამს, პატიოსანი ხალხია, ორ კაპიკს იშოვიანო და ასე შემოიკრიბა სულ ნათესავები. დეკემბერში წავიდნენ თბილისში, ახალ წლებზე ჩამოვიდნენ და მერე ისევ წავიდნენ. ვახო ჩემთვის ძმასავით იყო, ძალიან მიყვარდა. არანაირ სამსახურს არ თაკილობდა, უნდოდა თანხა მოეგროვებინა - სახლის გაფართოებას აპირებდა. გეგმები ჰქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. 5 წელია ჩემი სიძეა და საოცრად შეგვაყვარა თავი, გამორჩეული ბიჭი იყო.


(სპეციალურად საიტისთვის)

მაკა
07 თებერვალი 2019 14:34
ღმერთო რა უბედურებაა, ხალხს სინდისი აღარ გააჩნია.

რედაქტორის რჩევით