"ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო" - რუსთავში 12 წლის ბავშვი ბიძამ მოკლა - კვირის პალიტრა

"ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო" - რუსთავში 12 წლის ბავშვი ბიძამ მოკლა

"ინფორუსთავის" ინფორმაციით, საზარელი მკვლელობა მოხდა რუსთავში, მე-8 მიკრორაიონში, სადაც

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვლილო ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით, სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მეზობლების თქმით, 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ერთ-ერთი მეზობელი გამოცემასთან ყვება: "ხმაური იყო, ბიძა ბინაში იმყოფებოდა და იქიდან ყვიროდა, ბავშვი "დავბრიდეო". ცოცხალ-მკვდარი ბავშვი სასწრაფოს მანქანით წაიყვანეს, მაგრამ, როგორც ამბობენ, გზაში გარდაიცვალა".

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ის ზოგჯერ ძმის ოჯახში რჩებოდა.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო.