დაუცველი დამცველები: სოცმუშაკთა დიდი პროტესტი - კვირის პალიტრა

დაუცველი დამცველები: სოცმუშაკთა დიდი პროტესტი

"ერთი წელია განგაშის ზარებს ვრეკავდით, გავიძახოდით, ვერ ვმუშაობთ, ვერ ვასწრებთ მისვლას ოჯახებში, დაგვეხმარეთ, რაღაც ცუდი მოხდება-მეთქი, მაგრამ არავინ გაიგონა ჩვენი ხმა..."

4 წლის ნინო ზალინაშვილის ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სიკვდილის წინა დღეებში გადაღებული ნაცემი გოგონას ფოტოები უმძიმესი სანახავია. ბავშვი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და დედას, ლელა ქსოვრელს, შვილთან მიახლოება აეკრძალა. სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გასცა და ბავშვი ბებიას ჩააბარეს, მაგრამ გოგონა მაინც დედასთან ცხოვრობდა. მართალია, მისთვის შვილის მკვლელობის ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, მაგრამ დააპატიმრეს და დამცავი ორდერის დარღვევაში ადანაშაულებენ. თავად დედა შვილის სიკვდილში თავს დამნაშავედ არ ცნობს, მეზობლები კი აცხადებენ, რომ გოგონას სასტიკად სცემდა და ამის გამო არაერთხელ დარეკეს პოლიციაშიც. საქმეში ჩართული ყოფილა სოციალური მომსახურების სააგენტოც. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ორივე უწყებას ევალებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ ტრაგედიის შემდეგ ორი სოციალური მუშაკი და ორი უფროსი სოციალური მუშაკი სამსახურიდან დაითხოვა, ხოლო სოციალური სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი თავად გადადგა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბავშვის საქმის მართვაში შეცდომები იქნა დაშვებული.

ნინო სიხუაშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მიმართვა დაწერა. როცა მასთან ინტერვიუ ჩავწერე, ჯერ კიდევ მუშაობდა:

- იმდენად დიდი იყო ჩვენი ცენტრიდან სოცმუშაკების გადინება, დარჩენილებს ძალიან გვიჭირდა. დახმარებას ვითხოვდით, რადგან ვერ ვასწრებდით დროულად მისვლას მოქალაქეებთან. თითოეულ სოციალურ მუშაკს 100-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ერთია მისვლა, მაგრამ რას სთავაზობ ბენეფიციარს, რომ გააძლიერო? როგორ გააძლიერებ, როცა თითზე ჩამოსათვლელი პროგრამაა და ისიც დროში გაწელილი. მოქალაქე პროგრამაში ორი თვის ან ორი წლის შემდეგ ერთვება. არადა, დედა გეუბნება, შვილი შიმშილით მიკვდებაო. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვაუჩერი, მაგრამ 2 თვე სჭირდება, რომ მიიღოს 80-ლარიანი კვების ვაუჩერი. მარტო ვიზიტი კი არა, მათ თანადგომა სჭირდებათ. მთელ თბილისში ასეთი ოჯახებისთვის მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. წარმოიდგინეთ, რამდენ ოჯახში უნდა მივიდეს? საზოგადოებაშიც მიდის ჩვენი პროფესიის დემონიზაცია.

როცა უკიდურესი მდგომარეობაა, ცდილობ ბავშვი მიმღებ ოჯახში წაიყვანო, ამიტომ ჩვენ აღვიქმებით როგორც ბავშვის გამტაცებლები, ბოროტი ხალხი. კარგი, წაიყვანე მინდობით ოჯახში, მაგრამ მიმღები არის იმ სტანდარტის, რომ ჩაანაცვლოს ბიოლოგიური მშობელი? შეიძლება ბავშვს მასთან ცხელი სადილი ჰქონდეს, მაგრამ სითბო და სიყვარული აკლდეს. მიმღების ხელფასი ჯანმრთელ ბავშვზე 450 ლარია, 600 ლარი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მერწმუნეთ, ეს თანხა ვერ ფარავს ბავშვის საჭიროებებს. არც სათანადო სამედიცინო დაზღვევა აქვთ. პერიოდულად ბიოლოგიურ მშობელსაც ვეკონტაქტებით, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ მის გასაძლიერებლად.

ან რას ვაკეთებთ მოძალადესთან, რომ ის არ იყოს მოძალადე? აქამდე იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მცირე დახმარებას მაინც გვიწევდნენ, მაგრამ ახლა მხოლოდ სახელმწიფოს იმედად ვართ, რაც ძალიან არაეფექტურია.

იმაზე არც უნდა იყოს ლაპარაკი, რომ სოცმუშაკს ღირსეული სამუშაო პირობები სჭირდება. მოქალაქე რომ მოდის ოფისში, არ უნდა თქვას, შენ თვითონ დასახმარებელი ყოფილხარო. გლდანი-ნაძალადევის რაიონში ბევრია ისეთ საყოფაცხოვრებო პირობებში, როგორშიც ზალინაშვილები ცხოვრობდნენ. გინდა დაეხმარო, მაგრამ ვერაფერს აკეთებ.

ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება გვევალება, იგივე ვალდებულება აქვს პოლიციასაც, განცალკევების პროცესში თანაბრად არიან ჩართული, მაგრამ რა მოხდა? ჯოხი სოცმუშაკებზე გადატყდა და არავის გახსენებია პოლიცია... 2020 წელს ამოქმედდება კანონი "სოციალური მუშაკის შესახებ", გაჭირვებულს ის ვუთხრათ, 2021 წელს დაელოდეო? ხომ შეიძლება შიდა ბიუროკრატიას მიხედონ.

თუ სამუშაო საათების შემდეგ გიწევს შემთხვევაზე გასვლა და გამოსაყვანია ბავშვი, მანქანის გამოყოფაც ვერ ხერხდება. შაბათ-კვირას ხომ გამორიცხულია, იმიტომ, რომ ტრანსპორტირება ცალკე დეპარტამენტს ეკუთვნის, ის კი ისვენებს. ასეთი რამეების მოგვარება მაინც ხომ ელემენტარულია.

ცალკე პრობლემაა ის, რომ ტექნიკური საქმეების კეთებაში დიდი რესურსი იხარჯება. ვაუჩერების ბეჭდვაც კი ჩვენ გვევალება.

ბოლო ერთი წელი განგაშის ზარებს ვრეკავდით, გავიძახოდით, ვერ ვმუშაობთ, ვერ ვასწრებთ მისვლას ოჯახებში, დაგვეხმარეთ, რაღაც ცუდი მოხდება-მეთქი, მაგრამ არავინ გაიგონა ჩვენი ხმა...

სოფიკო ხვთისიაშვილი ყოფილი სოცმუშაკია, ის შარშან წამოვიდა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრიდან, რადგან თავს ბენეფიციარი დაესხა.

- 2018 წლის ზაფხულში 4 სოცმუშაკი წამოვედით. სააგენტოში ბევრი პრობლემაა და იქ მუშაობა აღარ შეიძლებოდა. იმდენად მცირე დროა თითოეულ საქმეზე, სათანადოდ ვერ რეაგირებ. შეიძლება იმ დროს მიხვიდე შემთხვევაზე, როცა ყველაფერი ჩავლილია. შარშან ჩვენს კოლეგას მივეხმარეთ რამდენიმე სოცმუშაკი, რადგან 3 ბავშვი იყო ბინიდან გამოსაყვანი. დედა ძალადობდა შვილებზე. ბავშვები გამოვიყვანეთ და მინდობით ოჯახში დავაბინავეთ, ჩვენ კი სამსახურში დავბრუნდით. ამ დროს დედა მოგვივარდა, გვცემა, არაფერს ვამბობ ლანძღვა-გინებაზე, რომელიც ბევრჯერ აგვიტანია. ჩვენი უსაფრთხოება არაფრით არ იყო დაცული თუნდაც მაშინ, როცა ფსიქიკური პრობლემის მქონე ოჯახში შევდიოდით, ან როცა თავს გვესხმოდნენ. პოლიციელის ცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება და შენ რომ თავს გესხმიან, ამისთვის არავინ ისჯება...

"გემუდარებით, გაიგონეთ ჩვენი ხმა!.."

მას შემდეგ, რაც სოცმუშაკები დაითხოვეს, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრიდან ყველა სოციალური მუშაკი წავიდა. მათი თქმით, ჯოხი დაბალ რგოლზე გადატყდა და საჯაროდ მიმართეს მინისტრ სერგეენკოს:

ბატონო მინისტრო, მოგმართავთ საჯაროდ, რადგან ვშიშობთ, ჩვენი თქვენთან ოფიციალურად გამოგზავნილი წერილი "შემთხვევით" არ დაიკარგოს, ან შვებულებაში გასული თანამშრომლის უჯრაში არ აღმოჩნდეს. იმედი აღარ გვაქვს, რომ თქვენამდე მოვა სოციალური მუშაკების ხმა, არაერთი წერილი დავწერეთ, თუმცა ამაოდ... პირველ რიგში, როგორც სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 4 წლის ნინოს გარდაცვალების გამო. თითოეული ვგრძნობთ მორალურ პასუხისმგებლობას. როგორც ჩანს, საკმარისი არ იყო არაერთი მოხსენებითი ბარათი, წერილი, რითაც ვითხოვდით თქვენს დახმარებას, რადგან ყოველგვარ ადამიანურ შესაძლებლობას სცდება იმ სამუშაოს ჯეროვნად შესრულება, რაც გვაკისრია. არაერთხელ აღგვინიშნავს, სანამ რომელიმე სოციალური მუშაკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად არ განადგურდება, მანამდე სისტემა ვერ დაინახავს რეალურ უფსკრულსო, თუმცა მსხვერპლი, სამწუხაროდ, ყველაზე უდანაშაულო არსება აღმოჩნდა... დიდი ხანია სოციალური მუშაკების რაოდენობა ვერ სწვდება მომსახურების საჭიროების მქონე ბენეფიციართა დროულ და სრულ იდენტიფიცირებასაც კი. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად "საოპერაციო ბლოკში", სადაც უამრავი ბავშვია ნარკოზის ქვეშ. არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას", რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე. არ გვაქვს სოციალურ მუშაკებს 10 ხელი, რასაც ხშირად ვნატრობთ... არც იფიქროთ, რომ გავურბივართ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გამო, მაგრამ თქვენ თუ გრძნობთ ამ პასუხისმგებლობას? თუ გრძნობთ, რას აკეთებთ? ეძებთ რომელი ცენტრის სოციალური მუშაკი მეტად დამნაშავეა, რომ სამაგალითოდ დასაჯოთ, ხომ? კი ბატონო, ჩვენ ყველანი დავტოვებთ პოზიციებს და სიმართლეს დავიცავთ თუნდაც სასამართლოში, მაგრამ ეს არის გამოსავალი?! ეს არ უშველის იმ ასობით ბავშვს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მოსულია სააგენტომდე, თუმცა ვერ ვახერხებთ შემთხვევის დროულად გაცნობას, არათუ შემდგომ თითზე დასათვლელ"მომსახურებებში ადეკვატურ ვადებში მათ ჩართვას. სამწუხაროდ, ბევრია ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, სადაც არ უნდა დავიგვიანოთ რეაგირება! არ უნდა დაგვაგვიანებინოთ!!! გემუდარებით... გაიგონეთ ჩვენი ხმა, ბატონო დავით!"

"ბავშვის დაღუპვა რეაგირების გარეშე დატოვების შედეგი იყო"

თამარ ბარკალაია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე:

- ქალბატონო თამარ, გლდანი-ნაძალადევსა და დიდუბეში ყველა სოციალურმა მუშაკმა დატოვა სამსახური.

- დიახ, ახლა კრიზისულ ინტერვენციას ვაკეთებთ, თბილისის სხვა რაიონებიდან დროებით გადმოვიყვანეთ სოციალური მუშაკები. ახალი კადრების დანიშვნის პროცედურებიც დაწყებულია.

- ისინი სისტემურ პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ კადრების დამატება არ შეცვლის ვითარებას. - ეს კონკრეტული ტრაგიკული ფაქტი არ შეიძლება გავაიგივოთ სისტემურ პრობლემასთან. თუმცა სისტემური პრობლემები ნამდვილად არსებობს: კადრების სიმცირე, ტექნიკური უზრუნველყოფა, კვალიფიკაცია, მომსახურების ხარისხი... ოჯახის გაძლიერებას ნაკლებად ვახერხებთ, ვერ ვახდენთ პრევენციას, დიდი რესურსი სჭირდება სოციალური მუშაკის ოჯახის სერვისებში ჩართვას. თუმცა დღეს მწირი, მაგრამ არსებული რესურსები, სოცმუშაკების რაოდენობა და ა.შ. საკმარისია იმისთვის, რომ შესაბამისი რეაგირება გაეკეთებინა სოციალურ მუშაკს და ძალადობის მსხვერპლი ბავშვი გადარჩენილიყო. ბავშვის დაღუპვა უგულებელყოფის, სათანადო ცოდნის უქონლობის ან რეაგირების გარეშე დატოვების შედეგი იყო.

- სოციალური მუშაკები სისტემაში არსებულ ბიუროკრატიაზეც ჩივიან. ამბობენ, რომ ვაუჩერს ორი თვე ელოდებიან, საღამოს საათებში მანქანის გამოყოფა ვერ ხერხდება, რადგან სხვა სამსახურის კომპეტენციაა... ამის მოგვარება მაინც ხომ შეიძლება?

- ბიუროკრატიამ არ უნდა შეაფერხოს რეაბილიტაციის პროცესები. დღეს ბევრი მხარდაჭერითი სერვისია, ბევრი იქნება მომავალშიც. სოციალური მუშაკი ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ თვითონ იყოს სერვისი, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია, რესურსი და ეს ეტაპობრივად მოხდება.

- ვაუჩერის ბეჭდვაში რომ არ დაიხარჯოს დრო, ამის გაკეთება სხვას ხომ შეუძლია?

- ადმინისტრაციული ნაწილი უნდა გაიცხრილოს. რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

- ამბობენ, იმდენი ბავშვი გამოიყვანეს ამ დღეებში, მიმღები ოჯახების დეფიციტიაო. - პირიქით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმღები ოჯახების რაოდენობა გაიზარდა. მათი გადამზადებაც ხდება. ახლა გრანტსაც მოგვცემენ და მიმღებ ოჯახებსაც გავაძლიერებთ. რეფორმა მიმდინარეობს და ეტაპობრივად აღმოიფხვრება ხარვეზებიც.