არის თუ არა კრიმინოგენული ვითარება საგანგაშო?! - კვირის პალიტრა

არის თუ არა კრიმინოგენული ვითარება საგანგაშო?!

შს მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვებზე: რა კატეგორიის კრიმინალმა მოიმატა, დგანან თუ არა ორგანიზებული ჯგუფები არასრულწლოვანთა დანაშაულის უკან, რას იკვლევს გენინსპექცია 4 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებით და როგორ გააკონტროლებს პოლიცია ციხიდან გამოსულ პედოფილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირას 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, შარშან 58 412 დანაშაულია რეგისტრირებული, აქედან 20 233 გაიხსნა. 2017 წელს 37 944 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, გახსნის მაჩვენებელი კი თანაბარია. გაუარესდა თუ არა კრიმინოგენული ვითარება, რა კეთდება დანაშაულის პრევენციისთვის, რა ცვლილებები იგეგმება, ამ და სხვა თემებზე შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გვესაუბრება.

- ქალბატონო ნათია, ამბობთ, რომ დანაშაულის გაზრდილი ციფრები სწორი აღრიცხვიანობის შედეგია, თუმცა ისიც აშკარაა, რომ გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში მატებაა. იქნებ განგვიმარტოთ, რა დანაშაულებმა იმატა? - ციფრებში ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ გაზრდილა ეს ციფრები. თუ, მაგალითად, ზრდის 75% მოდის იმ დანაშაულებზე, რომლებზეც 2018 წელს აღრიცხვიანობა გავაუმჯობესეთ, არის გარკვეული კატეგორიის დანაშაულები, სადაც ზრდა სხვა ფაქტორებით არის განპირობებული, მაგალითად, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, ცივი იარაღის ტარება, კანონიერი ქურდობა, ხულიგნობა. აშკარად მატება გვაქვს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში, სადაც ჭარბობს ქურდობა, მატებაა მუქარაში, იძულებაში, ნივთის დაზიანება-განადგურებაში, თაღლითობაში. 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების შედარება 2017 წელთან არასწორია, რადგან მაშინ დანაშაულის აღრიცხვიანობა ასეთი მეთოდითა და ინტენსივობით არ ხდებოდა. სწორი იქნება 2019 წლის მარტში, აპრილში, როცა უკვე ბაზები გასწორდება, გასული წლის მონაცემებთან ამ ციფრების შედარება. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის შეფასება მხოლოდ ციფრებით სწორი არ არის, მნიშვნელობა აქვს შინაარსს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: როცა ადამიანი აცხადებს, რომ მას დაემუქრნენ, მიუხედავად იმისა, ეს შეტყობინება ცალკე აღებული დანაშაულის შემცველი არ არის, გამოძიებას მუქარის მუხლით ვიწყებთ. როცა ამბობს, ნივთი დავკარგეო, ვიწყებთ ქურდობის მუხლით...

არის დანაშაულების კატეგორია, რომლის ზრდა განპირობებულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. მოქალაქეებმა დაიწყეს პოლიციისთვის მომართვა. ამის საუკეთესო მაგალითია ოჯახში ძალადობა, რომელიც 122%-ით გაზრდილია. როცა ვლაპარაკობთ ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში ზრდაზე, ეს ოჯახში ძალადობაზე მოდის. სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულებში ზრდა გამოიწვია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით საქმეების აღძვრამ. ვთქვათ, ვხედავთ, რომ ბუნებრივი სიკვდილით არის მოხუცი გარდაცვლილი, თუმცა გამოძიებას მაინც ვიწყებთ. ახალი მუხლია ადევნება. აქ სუფთა ცნობიერების ამაღლების თემაა. ასევეა გარკვეული კატეგორიის სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიც. ანუ მოქალაქეებმა დაიწყეს ისეთი დანაშაულების გაცხადება, რომლებიც წლების წინ მოხდა. რაც შეეხება კლებას, კლებაა ყაჩაღობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობებში. საყურადღებო მდგომარეობაა, მაგრამ არა საგანგაშო. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პრობლემები არ არის.

- მძიმე დანაშაულის დიდი ნაწილი ხდება ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით. ხომ შეიძლება ამ კუთხით გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და ამდენი იარაღი არ იყოს საზოგადოებაში?

- ამ მიმართულებით ვმუშაობთ. რეალურად ყოველდღიურად ათობით ცივი იარაღის ამოღება გვიხდება, თუმცა არ გვინდა ამან საზოგადოებაში პანიკა გამოიწვიოს და ამიტომ არ ვასაჯაროებთ. პარალელურად ვმუშაობთ კანონმდებლობის დახვეწაზე, რაც ბრუნვას დაარეგულირებს.

- საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გაზრდას ადასტურებთ... რა კეთდება ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენციისთვის? - ჩვენი აზრით, ეს გამოიწვია უკიდურესად მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკიდან უკიდურესად ლიბერალურზე გადასვლამ. იყო პერიოდი, როცა სასამართლო წვრილმან ქურდობაზე პირს 3 წლით უშვებდა ციხეში, ბოლო წლებში კი ანალოგიურ დანაშაულზე სასამართლო ჯარიმად 500 ლარს უსჯის. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ლოგიკურად იწვევს იმას, რაც მივიღეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ და მართლმსაჯულების ჯაჭვის ყველა რგოლმა გაატარონ ზომიერად მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა...

მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის ერთიანი ჯაჭვი (პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება) შეთანხმებულად მოქმედებდეს. მკაცრი პოლიტიკის გატარების ბერკეტი სამართლებრივად მხოლოდ შს სამინისტროს არა აქვს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ: მკაცრები ვიქნებით ჩვენი მანდატის ფარგლებში, მაგრამ სასურველი შედეგისთვის ყველას ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. ბევრი მიმართულებით კანონები ჩვენ უკვე გავამკაცრეთ.

- ალბათ, გულისხმობთ კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლას. რამდენად ეფექტიანია ეს კანონი? - კანონის ამოქმედების შემდეგ, ფაქტობრივად, 5-ჯერ მეტი პირია გამოვლენილი და დაკავებული ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის, კანონიერი ქურდობისა და მათთვის დავის გადასაწყვეტად მიმართვისთვის. ზოგჯერ მარტო კანონის გამკაცრება გამოსავალი არ არის, მაგრამ იქ, სადაც ვიცით, რომ უფრო მკაცრი კანონმდებლობა უკეთეს ნაყოფს გამოიღებს, ამას ვაკეთებთ. უახლოეს სხდომაზე იქნება ე.წ. ქუჩური გარჩევებისთვის ახალი მუხლის ამოქმედებაზე მსჯელობაც.

- საკმაოდ ხშირია ქუჩური გარჩევებიც, სწორედ ამ დროს ხდება დაჭრები, მკვლელობები. რას შეცვლის ეს კანონი და როდის ამოქმედდება? - მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ორი დაჯგუფება ქუჩაში შეიკრიბა და ძალადობის, ძალადობის მუქარის ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით, მათ შორის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის მუქარით, ცდილობს ერთმანეთში არსებული დაპირისპირების გადაჭრას. ამ ტიპის ქმედებებზე სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლი არ არსებობს. გვაქვს ხულიგნობა, იარაღის ტარება, მკვლელობის მცდელობა, მაგრამ სპეციალური მუხლი, ამის მარეგულირებელი, რაც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, რაც შეიძლება დიდი სამიზნე ჯგუფი ავიღოთ, რომელიც ამ ტიპის ქმედებებშია ჩართული, არ არსებობს. დაჯგუფებები, რომლებიც ქუჩაში დაიწყებენ მათ შორის არსებული დაპირისპირების გარჩევას და ამ გარჩევის დროს გამოიყენებენ უკანონო მეთოდებს, დაისჯებიან სისხლის სამართლის წესით, რაზეც სხვადასხვა ტიპის სანქციაა გათვალისწინებული. მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

- პრობლემატურია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული - მაგალითად, ქურდობა, მაღაზიების გატეხა, ქონების დაზიანება... - ეს საკითხი საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენი არასრულწლოვანთა კოდექსი ძალიან კარგია. მე მას ვიცავდი და სულ დავიცავ, მაგრამ ამ კოდექსმა დროს გაუსწრო და რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, პრევენციის, განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებებით, არ გაკეთდა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს როგორც 14-დან 18 წლამდე პირებში, ასევე 14 წლამდე მოზარდებში. ძირითადად, ქურდობენ.

საზოგადოების მოთხოვნა ხშირად მსმენია: კანონი გავამკაცროთ, ხომ არ დავწიოთ პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12 წლამდეო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი გზაა. ეს უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ძალისხმევას არ დააკლებს, იმუშავებს პრევენციაზე და მაინც ჩაიდენენ ისინი დანაშაულს. გამოსავალია სარეაბილიტაციო პროგრამები, პრევენციაზე, განათლებაზე მუშაობა. ხშირად გამიგონია, სამინისტრო ხედავს, არასრულწლოვნები დანაშაულს სჩადიან და არ აკავებენო. არ ვაკავებთ კი არა, ვერ ვაკავებთ. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ.

- ხშირად მსმენია, ამ არასრულწლოვნების უკან დგანან ორგანიზებული ჯგუფები და ისინი იყენებენ მოზარდებსო. მსგავსი ფაქტები თუ გამოგივლენიათ? - თუ ვინმე დგას 14 წლამდე არასრულწლოვნების დანაშაულის უკან, ისევ მათზე უფროსი არასრულწლოვნები, 17-18 წლის პირები, ან ისინი, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია და იციან, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ამიტომ ჰყავთ ჯგუფში არასრულწლოვნები, რომლებსაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

ამ მიმართულებითაც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია. უნდა გავამკაცროთ კანონი იმათ მიმართ, ვინც ამის უკან დგას.

- ვხედავთ, სასამართლო დარბაზებიდან, არცთუ იშვიათად, როგორ ათავისუფლებენ უმძიმესი ბრალდებით დაპატიმრებულ პირებს და ხშირად ამის მიზეზად ექსპერტები უხარისხო გამოძიებას ასახელებენ. - ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი პრიორიტეტია. ყველაფერი კარგად ვერ იქნება 40 000-კაციან სისტემაში. ხარისხი წლების განმავლობაში იყო პრობლემა. გატარდა საპატრულო რეფორმა, ბევრი სხვა რამეც დაიხვეწა, მაგრამ კრიმინალური პოლიციის მიმართულებით არაფერი გაკეთებულა. კრიმინალური პოლიციის რეფორმა ჩვენი პრიორიტეტია. გამოძიება უფრო ხარისხიანი რომ იყოს, გამომძიებელს, ოპერატიულ მუშაკსა და მართლწესრიგის ოფიცერს შორის ფუნქციები უნდა გავმიჯნოთ. თბილისში ეს უკვე გავაკეთეთ: გამომძიებელი საქმეს იძიებს, ოპერატიული მუშაკი ოპერატიულ საქმეს აკეთებს, მართლწესრიგის ოფიცერი კი პრევენციაზე მუშაობს. კოდექსში ცვლილებები შედის, რეფორმა ასევე გულისხმობს გამომძიებლის პასუხისმგებლობისა და ფუნქციების მკვეთრ გამიჯვნას პროკურორის ფუნქციებისგან. დღეს ეს ყველაფერი აღრეულია, პასუხისმგებლობები გაუმიჯნავია და გამომძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლების მოტივაცია არა აქვთ. ახლა ზღვარს შუაში გავავლებთ და ვეტყვით, "ეს არის შენი პასუხისმგებლობა". ამით გამომძიებლის პასუხისმგებლობის ხარისხი გაიზრდება. როდესაც სასამართლოში მტკიცებულებებს დაუშვებად ცნობენ ან გამამართლებელი განაჩენი დადგება იმიტომ, რომ გამოძიებისას შეცდომა იქნა დაშვებული, გამომძიებლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

- ოჯახური დანაშაულები ისევ პრობლემაა. - ამ კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა არის მაგალითი იმისა, თუ მართლმსაჯულების ჯაჭვმა როგორ კარგად იმუშავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, სასჯელაღსრულება იმდენად თანხვედრაშია, რომ შედეგი გვაქვს. ყველა კარგად აცნობიერებს ამ დანაშაულის მასშტაბებს. ჩვენ რომ დავაკავებთ, მკაცრი პოლიტიკა აქვს პროკურატურასაც და სასამართლომაც ბოლო დროს დაიწყო დაპატიმრებები. დამნაშავეები ციხეში მიდიან. ამის მაგალითია ერთ-ერთი არასრულწლოვანი გოგონას იძულებითი გათხოვების ფაქტი. სასამართლომ დააპატიმრა მამამისი და პატიმრობა მიუსაჯა. იმ სოფელში, სადაც ეს ხდებოდა, ახლა იციან, რომ ეს ქმედება ისჯება. ჩვენ ეს ამბავი არ გავახმაურეთ მანამდე, სანამ შედეგი არ მივიღეთ.

- სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებზე გახშირდა სექსუალური ძალადობა... - ძალიან სენსიტიურია ბავშვებზე ძალადობის თემა. ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი.

პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.

- ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრაგიკული შემთხვევა 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალებაა, რასაც მოჰყვა სოცმუშაკების სამსახურიდან გათავისუფლება. ხომ არ დადგება პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხიც? - რაც შეეხება ოჯახურ დანაშაულებს, პოლიციას სოციალურ სამსახურთან აქვს კონტაქტი და თუ საჭიროა, გამოჰყავს ბავშვები ბიოლოგიური ოჯახებიდან.

ნინო ზალინაშვილის ფაქტი სამწუხაროა, მაგრამ ეს არ გაშუქდა დეტალურად - პოლიციამ დროულად მოახდინა რეაგირება წინა გამოძახებაზე, დედის მიმართ არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ის სისხლის სამართლის წესითაც იყო დაკავებული, თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა, პროკურატურამ მას ბრალი არ წაუყენა და დაპატიმრება არ მოუთხოვია. ალბათ, ჩათვალა, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. ესეც იმის ბრალია, რომ ვისაც უნდა მიეცა სწორი ჩვენება, მათ არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

ვიცით, რომ სოცმუშაკები სამსახურიდან დაითხოვეს. ჩვენი გენერალური ინსპექცია იკვლევს, პოლიციამ რამდენად კარგად შეასრულა თავისი ვალდებულებები. მოკვლევის შედეგს უახლოეს დღეებში საზოგადოებას გავაცნობთ. თუ რამე დარღვევა გამოიკვეთა, ამაზე რეაგირება მოხდება.